ერთი წლის წინ, პირველად თეასთან სარეპეტიციოში რომ შევედი სამოყვარულო ჯგუფში, გოგოები, ზოგი ძველი, ზოგი ახალი ჯგუფიდან, ერთნაირად აფორიაქებული ემზადებოდნენ საცეკვაოდ. პირველად ვიყავი აქ. დაბნეული, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ერთი სული მქონდა მოსულიყო თეა დავეწყნარებინე და ეთქვა, რომ სანერვიულო არაფერი იყო, მაგრამ რომ მოვიდა, ორმაგად ავნერვიულდი და მივხვდი, რომ აქ „სამოყვარულო“ დონეზე არაფერი ხდება.
ძალიან მინდა, რომ 53 წლის ასაკში ისეთივე სიამოვნებას ვიღებდე საქმისგან და ისე მიყვარდეს ჩემი სამსახური, როგორც თეას. ჩვენი რძალ-დედამთილის ტანგოს ცეკვისას, ბევრჯერ უთქვამს ყურში – „რა მაგარი სამსახური მაქვს, როგორ მიყვარს ჩემი საქმე“ და მთელი გულით და სულით ცეკვავს, მუდმივად.
თე, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ასე შემიყვარდეს ის საქმე, რასაც ვაკეთებ ახლა ან გავაკეთებ მომავალში, ეს ამხელა სიყვარული შენში თავიდანვე იყო თუ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა?
– „შრომისმოყვარეობა უნდა ისწავლო, შრომის სიყვარულით მოდის საქმის სიყვარულიც. 53 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ მაქვს სცენის და მაყურებლის ფობია. სცენაზე ვიტანჯები, დაყველაზე კარგად თავს ჩემს სარეპეტიციოში ვგრძნობ. რა თქმა უნდა, „სუხიშვილების“ანსამბლში ასე არ ვიყავი, იქ იმხელა ჯარი ვცეკვავდით, იმხელა ზურგი მყავდა, სცენაზე რომ დაკარგულიყავი ერთი-ორი მიმიკით მიგანიშნებდნენ და ზუსტად იცოდი რა ხდებოდადა რა უნდა გექნა. მაშინ საერთოდ სხვა სიძლიერეს ვგრძნობდი სცენაზე. ახლა მე ვარ მარტო და მყავს ჩემი გოგოები, რომლებსაც უხილავი ძაფებით ვქაჩავ კონცერტის დროს. მარიამზე, ერთ ცალზე რაც მემართებოდა ანსამბლში, ზუსტად იგივე მემართება ახლა, ჩემს გოგოებთან ერთად კონცერტზე. ამიტომ, გადავწყვიტე შევცვალო სტილი – ან ვიცეკვებ მარტო მე, ან იცეკვებენ გოგონები, ჩემ გარეშე. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ნინა ბაბუხადიამ მითხრა, – ტყუილად წვალობ, ცალკე გოგოები უფრო ყურებადი და აღქმადი იქნებიან, ვიდრე შენ უკანო. ამიტომ გადავწყვიტე ესეც ვცადო.“
როდესაც თეა, ჩემთან სახლში პირველად მოვიდა, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის სახლი-სახელოსნო დახვდა. სულ ამბობს, რომ მაშინ, პირველად მოსვლისთანავე, თავი სახლში იგრძნო, ბავშვობა და მშობლები გაახსენდა. მიუხედავად მხატვრობასთან და ქანდაკებასთან ასეთი ახლო კავშირისა, ცხოვრება ცეკვას დაუკავშირა.
თეა, როგორ ერწყმის ხელოვნებასთან ასეთი ახლო კავშირი, შენს ყოველდღიურ ცხოვრებას?
– „ამ მომენტში ყოველთვის მახსენდება მამაჩემის, გიმერ დარჩიას სიტყვები – „ხელოვნება და ოჯახი ერთად არ გამოდის“. მთელი ცხოვრება, პერმანენტულად, ამას იმეორებდა. მიზეზი, ალბათ, მისი პერფექციონიზმი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მამას მოქანდაკეობასთან ერთად ოჯახიც ჰყავდა და მთლიან დროს ქანდაკებას ვერ უთმობდა, ის გადასული იყო სასაფლაოების კეთებაზე, ქმნიდა არაჩვეულებრივ პორტრეტებს, სულს უღვიძებდა ქანდაკებას, ხასიათს იჭერდა და ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა, ფოტოს მიხედვით აცოცხლებდა. მახსოვს, კეთების პროცესში სულ მივდიოდი და ვაკვირდებოდი როგორ მუშაობდა. დააწყობდა ხოლმე ფოტოებს, ხასიათს გამოიცნობდა და შემდეგ იწყებდა მუშაობას. ხელოვნება და ოჯახი არ ერწყმის ერთმანეთს, მაგრამ უნდა შეერწყას. როდესაც ქალი ხარ, მოთხოვნილება გაქვს, რომ იყო დედა, გავაჩინე ერთი შვილი, მეორე, მესამე, მეოთხე. იქ რძალი, იქ სიძე და მოდი და მერე თქვი, რომ ოჯახი და ხელოვნება ერთად არ გამოგდის. მარტო დედობა ხომ არ ყოფნის ქალს, ოცნებებიც უნდა აისრულოს, მყარად უნდა იყოს, ფინანსურად დამოუკიდებელი, ძლიერი, ასეთი ადამიანები ვართ ქალები, ამიტომ “ვერ” არ არსებობს. ყველაფერი ერთად გვინდა, ოცნებებიც, შვილებიც, საქმეც და როდესაც ამ ყველაფერს ათავსებ, მაშინ ხარ ბედნიერი.”
და შენ როგორ ფიქრობ, გამოგდის ეს ყველაფერი?
მე კიდევ ვმუშაობ ამ თემაზე, შენ გგონია რომ როცა რაღაცას მიაღწევ, დამთავრდა და ბედნიერი ხარ? რაღაცას რომ მიაღწევ უფრო უბედური ხდები, იმიტომ, რომ იცი კიდევ გაქვს უამრავი რამ გასაკეთებელი, რაც ჯერ არ გაგიკეთებია და თან არ იცი რა უნდა გააკეთო, მაგრამ რომ უნდა გააკეთო, აი, ეს იცი და სულ გაწუხებს.
რეპეტეცია გვიან ღამე დასრულდა. ავდივართთეას ძველ სტუდიაში, სადაც ახლა ცეკვის გარდერობია: კოსტიუმები, აქსესუარები, ნაჭრები, „აზიაცკები“, კაბები და თეა ემზადება კონცერტისთვის. რამდენჯერმე დავესწარი ამ საოცარ პროცესს და ალბათ არასდროს დამავიწყდება და სულ მინდა იქ ვიყო. „მოდი ელიჩკა მომეხმარე“ – მეტყვის ხოლმე, მაგრამ ყველაფერს მაინც მარტო აკეთებს. მაქსიმუმ,რაოდენობის დათვლაში დავეხმარო. ცეკვის და მუსიკის მიხედვით, კაბებს ცალ-ცალკე ალაგებს, უხამებს საყურეებს, თავშალებს, აქსესუარებს და თან, პარალელურად მიყვება, როგორ შექმნა ჩიხტიკოპი სვანური ქუდისგან, როგორ მიაგნო 6 ცალ იდენტურ მოდელს ერთ მაღაზიაში – მეორე დღეს დაგეგმილი კონცერტისთვის და ა.შ. ერთ საღამოში შეუძლია მოამზადოს მთელი საკონცერტო აღჭურვილობა, თავისთვის და ყველა გოგოსთვის. უამრავჯერ შეცვლის კოსტიუმებისთვის შერჩეულ აქსესუარს და ამ დროს, მე დაბნეული, არ ვიცი როგორ შეიძლება დავეხმარო, ვუსმენ და ვცდილობ, მინიმუმ ხელი მაინც არ შევუშალო და ვისწავლო მისგან საქმის კეთების და ადამიანებთან ურთიერთობის ეს მაგია. ამ დროს თეასთან ერთად ყოფნა, ერთგვარი ჯადოსნური რიტუალია, სადაც არასდროს მომბეზრდება ჩემთვის ახალ-ახალი ნაპერწკლების აღმოჩენა.
თეა, როგორ ისწავლე ეს ყველაფერი და რისი დამსახურებაა, რომ არავის დახმარება არ გჭირდება. შენით, მარტო უმკლავდები ამ ყველაფერს.
– „ამ პროცესის დროს, ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია ჩემი გაძლება. მთელი ბავშვობა ბებია მასწავლიდა კერვას და ქსოვას. მშობლები მასწავლიდნენ უამრავ რამეს. ინტერესიანი ბავშვი ვიყავი და ყოველთვის მინდოდა ჩემით გამეკეთებინა რაღაცები. ბავშვობაში დაგროვილი გამოცდილებისა და ინტერესის დამსახურებაა, რომ დღეს ჩემით, მარტო შემიძლია საკონცერტოდ მომზადება. პანდემიის დროს, ერთადერთი მაღაზია იყო ღია ჭავჭავაძეზე, სადაც ფარდები იყიდებოდა. ვიყიდე ეს ფარდები და შევკერე კოსტიუმები, რომლებიც დღემდე აცვიათ ჩემს გოგონებს.“
როდესაც ცეკვისას გიყურებ, აღმოვაჩინე, რომ ყველა ცეკვას ჰყავს თავისი თეა. არც ერთგან არ ხარ ერთნაირი, რეპეტიციაზე, გახურების და ვარჯიშის დროსაც კი, თეა განსხვავებულია. როგორ ხდება ეს, რომ წამიერად, მუსიკის შეცვლასთან ერთად, ტრანსფორმირდები ერთი ხასიათიდან მეორეში.
– “მე მაქვს პასპორტი, სადაც წერია, რომ ვარ ფილარმონიის წევრი, მსახიობ-მოცეკვავე თეა დარჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ცეკვა და ხარისხი კი არ ფასდება, არამედ მსახიობობაც. აბა გაგებედა და აჭარულის ხასიათში ხევსრული გეცეკვა! რა შუაშია ხომ? წამიერად, აჭარელი გოგოდან უნდა გარდაისახო ხევსურ, ძლიერ ქალად, რომელიც სულ სხვა ხასიათს მოითხოვს. ეს ყველაფერი ანსამბლში დაწვრილებით აგვიხსნეს და გვასწავლეს. თავად მუსიკიდან გამომდინარე, ცეკვიდან და პლასტიკიდან გამომდინარე, ისე კარგად იგრძნობა ეს„ხასიათის კალეიდოსკოპი“. მარტო ქართველი ქალის ხასიათი რომ ავიღოთ – მთიდან დაწყებული ბარით დამთავრებული, ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია და შენც უნდა გარდაისახო. ეს გარდასახვა არა მარტო პლასტიკით, არამედ ხასიათითაც უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში ყალბი იქნები. მხოლოდ ტექნიკა და პლასტიკა არ არის ცეკვა, პლასტიკაში ჩადებული ხასიათია ცეკვა. ამ ტექნიკისა და პლასტიკის თანამგზავრი უნდა იყოს ხასიათი, ტრადიციები, კულტურა.“
პირველად თეამ რომ მითხრა – ამ ცეკვას მე და შენ ქორწილში ვიცეკვებთო, ძალიან ავნერვიულდი და თან გავგიჟდი სიხარულისგან. ტანგოს, რომელზეც ყველას კაცი და ქალი ახსენდება, დაარქვა „რძალ-დედამთილის“ ტანგო და ვინც ნახა, ყველამ აღნიშნა, რომ საოცრად მოუხდა ეს ცეკვა ამ ურთიერთობას.
– „მე რომ მკითხო, რძალ-დედამთილის ტანგო უნდა დაედგათ პირველად. მე არ ვზივარ და არ ველოდები იდეების და მუზის თავში მოფრენას, არ მაქვს ამის ამბიცია. როდესაც 24 საათი გაუჩერებლად მუშაობ, 53 წლის ასაკში დღეში 4 რეპეტიცია გაქვს, ეს შრომა გაძლევს პატარ-პატარა მინიშნებებს, რაც ყოველთვის არ ხდება, იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ასეთი გემრიელი და კარგი! მითუმეტეს მაშინ, როდესაც მუდმივად „ლაივში“ მუშაობ, არასოდეს ატყუებ არავის და არც თავს იტყუებ, ჩნდება ასეთი იდეები. რძალ-დედამთილის ტანგოს ცეკვაც ასე გაჩნდა, ერთ-ერთ რეპეტიციაზე, სრულიად მოულოდნელად. ცეკვისას მივხვდი, რომ ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდევაც.“
როგორ ფიქრობ, დღევანდელი თეა განსხვავდება სუხიშვილების თეასგან?
– „რადიკალურად, ყველაფრით და პრინციპში არც არაფრით. აღარ არის მოგზაურობები, აეროპორტები, ავტობუსები, აპლოდისმენტები, ყოველდღიური ურთიერთობები უამრავ ადამიანთან, დღეში 2-2 კონცერტი, თითო კონცერტში 12 კოსტიუმი, ჩაცმა-გახდა, გავარდნა-გამოვარდნა… აი, ეს ყველაფერი აღარ არის. ანსამბლიდან წამოსვლის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, დილით წამოვხტებოდი ხოლმე და გავრბოდი სადღაც და მერე მახსენდებოდა, რომ აღარსად ვიყავი გასაქცევი. იქიდან წამოსვლის შემდეგ, რომ არ „დავცურდი“ და არ გავაფრინე, იმის დამსახურებაა, რომ 2 შვილი გავაჩინე. ანსამბლიდან წამოსვლის ტკივილი, დედურმა ინსტიქტებმა დამიამა, დამიბალანსა. იმ ამბიციებს და ტემპორიტმს, რომლებიც ცეკვასთან არის დაკავშირებული, მე ჩემს გოგოებთან, ჩემს სტუდიაში ვანაზღაურებ. ისე ვიხარჯები, ისე ვიწურები, ლიმონივით, ყველა ჯგუფში. გამიმართლა, რომ ჩემს თავში ჩიპი დროულად გამოვცვალე და ასე გადავერთე ჩემს სტუდიაზე.
ამ სტუდიაში 4 წლის ბავშვებიდან დაწყებული 8 შვილიშვილიანი ბებიებით დამთავრებული, ყველა დადის, ყოველდღიურად, 5-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე სტუდიაში ხდება საოცრება. იწყებენ „პატარა წიწილები“, როგორც თეა ეძახის. ამ ბავშვებს მშობლები დარბაზში ელოდებიან. ფაქტობირვად, ყველა რეპეტიცია ღია გაკვეთილია. მშობლები ჯერ შვილებს უყურებენ, შემდეგ თვითონ ცეკვავენ და მერე ერთად მიდიან ბედნიერები.
“ქურაზე მედგა მურაბა, გადმოვდგი და გამოვიქეცი, რომ არ დამეგვიანა.”
“ჩემი ქმარი დაბადების დღეს ადრე იხდის, რომ არ გავაცდინო ცეკვა.”
“ჯერ ჩემი შვილი შემოვიყვანე, მერე მეც დავიწყე ცეკვა და ახლა დედაჩემიც აპირებს.”
და კიდევ ასეთ უამრავ ამბავს ვისმენ თედასის გასახდელში..
ვიცი, რომ ცეკვისას დიდი ნინო რამიშვილი იყო შენი მთავარი მრჩეველი, დამხმარე, შემფასებელი და ყველაფერი. თუმცა, არასდროს გითქვამს ცეკვის მიღმა შენს ცხოვრებაში ვინ არის ან იყო შენი მთავარი მრჩეველი და ადამიანი, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის.
როდესაც დიდ ნინო რამიშვილს ვახსენებ, მასში მოიაზრება დიდი ილიკო სუხიშვილი, თენგიზ სუხიშვილი, ინგა თევზაძე, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი უმცროსი, ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი. ჩემთვის ასე ერთიანად მოიაზრება ეს დიდი ოჯახი, რომელიც ქმნის ხელთუქმნელ ხელოვნებას, რომელსაც ჰქვია „სუხიშვილები“.
რაც შეეხება ცხოვრებისეულ მრჩეველს, რა თქმაუნდა, ეს არის იესო ქრისტე.
ღმერთი, რომელიც მე მკურნავს სულით ხორცამდე…
ავტორი: ელენე ბარამიძე
ფოტო: ნათია ასანიძე LIG Studio
გადაღების ადგილი: ცეკვის სტუდია „თედასი“