არსებობენ ფიქრები, ქმედებები და ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ. ფიქრი ქმედებას წარმოშობს. ფიქრის და ქმედების სინთეზს ემოციებამდე მივყავართ.
ახალი ადამიანის გაცნობა, ახალ ემოციასთან ასოცირდება. თუ ადამიანის ფიქრები მოგწონს, საკუთარ ფიქრებთან აერთებ. მერე ქმედებას იწყებ და ახალი ემოციებით ივსები.
გუშინ, თამარ ცირეკიძესთან დავასრულე ინტერვიუს ჩაწერა. მისი წარმატების შესახებ ინფორმაცია მანამდეც მქონდა. ვიცოდი, რომ არსებობდა ოფთალმოქირურგი ქალი, რომელიც ადამიანებს ხილული სამყაროს დანახვის შესაძლებლობას აძლევდა. თამარ ცირეკიძის შესახებ, წავიკითხე და მოვისმინე. მოვიძიე ზოგადი ცნობები ოპერაციის ტექნიკურ მხარეზე, ფემტოლაზერით ჩატარებული ოპერაციის საოცარ შედეგებზე, რქოვანას გადანერგვაზე. მე სხვა რამ მაინტერესებდა. მე, მისი თვალებით დანახული სამყაროს შესახებ მინდოდა გამეგო. ფიქრები, ქმედებები, ემოციები… ქალის ცხოვრება, რომელიც სხვის შესაძლებლობებს საკუთარი შესაძლებლობების დამსახურებით აუმჯობესებს.
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ თამარი ერთადერთია, ვინც ოპერაციის მიმდინარეობისას ყველაფერზე იღებს გადაწყვეტილებას. ის მარტო უძღვება ოპერაციას. მარტივი წარმოსადგენია სირთულე, რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქვია. როდესაც ყველაზე მცირედიც, ყველაზე დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ერთმა არასწორმა ქმედებამ, პაციენტის ბედნიერება შეიძლება აუხდენელ ოცნებად აქციოს. მიკროსკოპის ერთ მხარეს ექიმის თვალია, მეორე მხარეს კი – პაციენტის. ურთულესი ოპერაცია – რქოვანას გადანერგვა ასე მიმდინარეობს. წინასწარ ხდება მზადება, ფიქრი იმაზე, რომ საკუთარ თავს არასასურველ შედეგს ვერ აპატიებ და წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა, სადაც სიმშვიდის საბაბს მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და პროფესიონალიზმი გაძლევს.
“პასუხისმგებლობა თითოეული პაციენტის წინაშე. პასუხისმგებლობა, რომელმაც ოპერაციის წინა ღამეს შეიძლება არც დაგაძინოს. გინდა გონებაში ყველა დეტალი თავიდან გაიარო, კიდევ და კიდევ და ზუსტად დაინახო ის შედეგი, რაც უნდა დადო. ესაა გრძნობა, რომელიც გაცნობიერებული მაქვს. მეკითხებით ემოციებზე და თქვენთან ერთად დავფიქრდები. მყარი ცოდნა, საკუთარი თავის რწმენა და რისკი – შემიძლია ასე აღვწერო ჩემი ოპერაციაზე შესვლის წინა მდგომარეობა” – ეს თამარის სიტყვებია. ადამიანის, რომელთან მისულ პაციენტს შეუძლია თავიდანვე ბედნიერი იყოს, უფრო დიდი ბედნიერების მოლოდინის იმედით.
“როდესაც საოპერაციოში მარტო რჩები პაციენტთან, როდესაც უმცირეს არაზუსტ მოძრაობას შეუძლია შეგიცვალოს შედეგი, როდესაც გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე იღებ, მარტივი არაა, მაგრამ ოპერაციის მომენტში მოდის საოცარი სიმშვიდე. ალბათ, შევადარებდი მსახიობის ემოციებს პრემიერის წინ, ფარდის აწევამდე.
თითოეული წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდგომ კი, იმდენად დიდ მორალურ სიამოვნებას ვიღებ, რომ ეს დაღლა აღარ არსებობს. მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, როდესაც საოპერაციოდან გამოდიხარ და ოჯახის წევრებს ეუბნები, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
“გხედავთ, ექიმო” – აი პასუხი ყველა ემოციის, ნერვიულობის, დაღლის, გათენებული ღამის, ყველაფრის”.
სიხარულის განცდა, რასაც სხვისი ბედნიერება ჰქვია – ალბათ, ეს არის ექიმის წარმატებით მოსული ყველაზე დიდი ფასეულობა. იქ სადაც მარტო ხარ და ყველანაირ რისკს საკუთარ თავზე იღებ, სასწაულებრივი და ბედნიერი შედეგიც მხოლოდ შენი დამსახურებაა. რთულია იმის გაგება, რაც საკუთარ თავზე არ გამოგიცდია, მაგრამ ფაქტების აღქმა მარტივია.
“ოპერაციამდე, ჩემი ემოცია საუკეთესო შედეგის მიღების სურვილით არის სავსე და ყოველთვის გამოვრიცხავ ეჭვს, რომ შეიძლება რამე ისე ვერ გაკეთდეს, როგორც ეს დაგეგმილი მაქვს და როგორ შედეგზეც ვარ ორიენტირებული. ამიტომ, ჩემში ამ დროს რეალობის შემეცნება სჭარბობს”.
ოფთალმოქირურგის წარმატებულ კარიერასთან ერთად, თამარის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს მისი ოჯახი წარმოადგენს. ის მეუღლე და სამი შვილის დედაა. ზრუნვა სახლში და სამსახურში, ამავდროულად, მუდმივად იმ სიმაღლეზე ყოფნა, რომელსაც მიაღწია. მისი ცხოვრება საუკეთესო მოტივაციაა ნებისმიერი ადამიანისთვის. მრავალი საკითხის შეთავსება, დაბალანსება, მოხერხება ყველაფრის, რაც გარედან მიმზიდველია. ამ ყველაფრის მისაღწევად კი, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. ეს ადამიანის წარმატების მაგალითია, როდესაც ასწრებ იმას, რისი მოსწრებაც გსურს და აკეთებ იმას, რისი კეთებაც იცი.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზე საუბარიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, იყო იმ ემოციის აღწერა, როდესაც სხვისი ახალი ემოციების შემქმნელი ხარ. მინდოდა გამეგო, რა სახისაა განცდა, როდესაც შენი დამსახურებით გაბედნიერებულ ადამიანს უყურებ.
“სხვისი ბედნიერებით გამოწვეული ჩემი ბედნიერების განცდის გადმოცემა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ შევეცდები, რადგან არ არსებობს დედამიწაზე ისეთი სიხარული, როდესაც ხედავ ადამიანს, რომელიც შენ, ერთმა ადამიანმა, ბედნიერი გახადე. ვთვლი, რომ ქალს ყველაზე მეტად შეუძლია ბედნიერების განცდა. რაღაც თავისებურად, ღრმად, მსუბუქად, ადვილად და დაუნანებლად შეუძლია თავისი წილი ბედნიერებიდან ცოტა სხვასაც უწილადოს. ხშირად ვფიქრობ, რომ ამ დროს მე უფრო მიხარია ეს, ვიდრე მას, ვინც ამას მიიღებს ჩემგან. ბედნიერების ფენომენი სამყაროს იტევს და სამყაროც სავსეა დიდი და პატარა ბედნიერებებით, ოღონდ უნდა მოახერხო მისი პოვნა და მისაკუთრება”.
ამის გამგონე, მეც ბედნიერი ვიყავი, რადგან გულწრფელ ემოციას ვგრძნობდი. წამიერად, თითქოს თანამონაწილე ვიყავი ყველა იმ ბედნიერების, რომელიც თამარს და მის პაციენტებს განუცდიათ. წარმოიდგინეთ საოცარი განცდა, როდესაც თვალახელილი პაციენტი ექიმის ბედნიერ სახეს შეხედავს, ექიმი კი პაციენტის მადლიერ თვალებს.
საინტერესოა წარმატებული ადამიანები რაზე საუბრობენ საკუთარ თავთან. რა ფიქრები აქვთ, რას გეგმავენ და რა უბიძგებთ მათ ქმედებებისკენ. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ის პროცესია, როდესაც ყველაზე გულწრფელი ხარ ყველა ემოციასთან. არავინ გისმენს, არ გაკრიტიკებენ, არც გადამეტებულად შეგაქებს ვინმე. რაში მდგომარეობს საკუთარი თავის გამხნევება? უნდა შეაქო თუ მეტი მოითხოვო? ალბათ კმაყოფილების განცდა ყოველთვის ზომიერებას მოითხოვს, რომ თვითგანვითარების პროცესი და ახალი მიზნებისკენ სვლა არ შეაფერხოს.
“სულ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ საკუთარი თავი ვერ გამოვხატე ბოლომდე. მაქსიმალისტი ვარ. მაგრამ უფრო საკუთარი თავის მიმართ. არცერთი მიღწეული შედეგი და წარმატება ჩემთვის არ არის თვითკმაყოფილების მომტანი, უფრო ახლის დასაწყისია. საკუთარ თავთან დაპირისპირება, ვფიქრობ სწორედ მაშინ დამთავრდება, როდესაც ახალ მიზნებზე, ახალ შედეგებზე ფიქრს შევწყვეტ. არ მიყვარს კომფორტის ზონაში დიდი ხნით გაჩერება. თუ ჩათვალე, რომ მიზანი მიღწეულია, იქ ყველაფერი მთავრდება. ამიტომაც ბევრს ვფიქრობ პროფესიულ განვითარებაზე, ახალ შესაძლებლობებზე. იცით როგორ ვხედავ? თუ ერთხელ მაინც გინახავს გადარჩენილი თვალები, მადლიერებით, სიხარულით, სინათლით სავსე, რაღაცნაირად გავალდებულებს ეს თვალები, რომ მეტი შეძლო, მეტი გააკეთო, მეტი გააბედნიერო და ეძებ ახალ გზებს ახალი სირთულეების დასაძლევად, ასათვისებლად, განსახორციელებლად”.
შრომას და სტრესს, მიუხედავად დადებითი შედეგებისა, განტვირთვა სჭირდება. ძალების აღდგენა და გონების გადართვა. თამარის ერთ-ერთი გატაცება ავტოსპორტია. რბოლა, სადაც ადრენალინს დიდი რისკის ფასად გამოიმუშავებ, წარმატებული შედეგი კი – საოცარი განცდაა. ამ საკითხზე მოკლედ, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით მესაუბრა. გულისწყვეტაც ეტყობოდა, რადგან ბევრ დროს ვერ უთმობს იმას, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ავტომობილის ტექნიკურად მომზადება და ტრასაზე გამოსვლა, ქირურგიულ ოპერაციას წააგავს. ადრენალინი, ადრენალინის პასუხად… რისკები აქაც ძალიან დიდია, მაგრამ ერთი განსხვავებით, აქ საკუთარ სიცოცხლეზე აგებ პასუხს. შეცდომის დაშვება არც აქ შეიძლება. არ უნდა ავნო საკუთარ თავს, რადგან შენი გამარჯვება ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, რომელიც იმედის თვალებით გიყურებს და გელოდება რომ განკურნავ.
“ეს არის საჭიროებად ქცეული დამატებითი სიამოვნება. ეს არის სრული თავისუფლების შეგრძნება. გაქცევა საკუთარი თავისგან საკუთარ თავთან. განტვირთვა, დასვენება, ადრენალინი და ახალი ენერგიით შევსება. ხშირად ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკის გამო, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ალბათ, ვერასდროს ვიტყვი უარს”.
არსებობს შეცდომები, რომელიც ტრაგედიას არ წარმოადგენს. უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ. შესაბამისად, რამდენი ადამიანიცაა, მინიმუმ იმდენი შეცდომაა ან გაცილებით მეტი. ძლიერი ადამიანებისთვის, შეცდომა ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარი მასთან გამკლავება და გამოსწორებაა. შეცდომით გამოწვეული შედეგი განსხვავებულია, ის შეცდომიდან გამომდინარეობს. მაგრამ არსებობს სიტუაციები, სადაც შეცდომა დაუშვებელია.
“ჩვენ გვერდით ადამიანებივით ცხოვრობენ შეცდომები – დიდები და პატარები. მათთან ერთად კი, ჩვენი შეცდომებით გამოწვეული დიდი და პატარა მარცხები. ესაა ცხოვრება და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამას ვერსად გავექცევით. ყველაზე რთული მაინც ის არის, რაც თქვენ მკითხეთ – აღწერეთ პროცესი, როდესაც შეცდომის დაშვება დაუშვებელია და როგორი კონცენტრაციით უნდა მივიღო ეს პროცესი. ადამიანების გონებრივი სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ არამარტო საბედისწერო შეცდომა, არამედ ჩვეულებრივი შეცდომაც კი ტრაგედიად მიაჩნიათ. ხშირად ეს შორიდან სასაცილოდაც კი მოჩანს. არ და ვერ იცხოვრებს ადამიანი შეცდომის გარეშე იმიტომ, რომ ის თავის შეცდომებთან თანაარსებობს. მთავარია, როგორ მოახერხებ კონცენტრაციას, როგორ შეეცდები ამ რთული პროცესის გამოსწორებას და ცოდნით, გონებრივად და ემოციურად რამდენად ხარ მზად ამისთვის”
გაბედულ და წარმატებულ კარიერასთან ერთად, არსებობს მოგონებები, განცდები, რომელიც არ ითქმის მარტივად ან ითქმის, მაგრამ არ იწერება. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ყველას გაგვაჩნია. წარმატების უკან ძალიან დიდი შრომა, დიდი ემოცია და უზღვავი ფიქრებია.
ქირურგები პაციენტისადმი პასუხისმგებლობით არიან დატვირთულები. მათი მიზანია პაციენტის მკურნალობა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება. რქოვანას გადანერგვის ოპერაცია პასუხისმგებლობას აორმაგებს. აქ პროცესი უფრო რთულია. შეცდომა კი ორმაგად დაუშვებელი. რქოვანას გადანერგვა დონორისგან ხდება. ადამიანისგან, რომელმაც სიკვდილის შემდეგ, საკუთარი სხეულის ნაწილი, მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს უანდერძა. იმისათვის, რომ უცხო სიცოცხლე უფრო ბედნიერი გაეხადა. სწორედ ეს აკისრებს თამარს გაორმაგებულ პასუხისმგებლობას, რომელზეც თავად მომიყვა – სიცოცხლის შემდგომ დატოვებული სიკეთე, რომელიც სიცოცხლეს აბედნიერებს.
სამსახურით დატვირთული ცხოვრების წესის მიუხედავად, არსებობს დღეები, როდესაც სხვა საქმეებით უნდა დაკავდე. თამარ ცირეკიძის ცხოვრებაში ასეთ დღეებს “მოსწრების დღე” ჰქვია.
“საინტერესო და, ამავე დროს, რთულია ის დღე, როდესაც სამსახურით არ ვარ დაკავებული. ამ დღეს “მოსწრების დღე” დავარქვი. როდესაც წინასწარ ამ დღეს ვგეგმავ, უმრავლეს შემთხვევაში, თავდაყირა დგება ხოლმე. დაუგეგმავად კი უფრო კარგად იწყება და მთავრდება. ვასწრებ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასვლას ან ქალაქში ერთად სადილს. მეგობრებთან შეხვედრას და მშობლების მონახულებას. ვცდილობ, დრო, რომელიც მათ დავაკელი, იმ დღეს ასე თუ ისე ავანაზღაურო. ხშირად ამას ძალიან კარგადაც ვახერხებ და მიხარია”.
თამარისთვის მოტივაცია და შრომა განუყოფელი ნაწილებია. მისი ძირთადი მოტივატორი წარმატებაზე ფიქრია. წარმატებაზე, რომელიც სხვას აბედნიერებს. ეს კი, როგორც ჩანს, იმ ყველაფრის დამაგვირგვინებელი საზღაურია, რისთვისაც თავდაუზოგავად შრომობს.
“წარმატებაზე ფიქრის გარეშე შრომა მხოლოდ რუტინაა, სადაც ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. არ იცვლება, ინტერესიც თითქოს სადღაც ქრება და მიზანიც თითქოს ძალიან შორსაა, ზოგჯერ საერთოდ არ არის – დაკარგულია. შრომასთან ერთად, წარმატებაზე ფიქრია ის ძალა, ენერგია, ემოცია, სწრაფვა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს საკუთარ თავში ახალი აღმოჩენებისკენ, საინტერესო დღეებისკენ, ახალი შესაძლებლობისკენ, კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ”.
ბევრი ფაქტორია, რომელიც მუდმივად გვებრძვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის წინააღმდეგ. არის მომენტები, როდესაც რაღაც წარმოუდგენელია. თითქოს ხშირად გვინდა, გვჭირდება, მაგრამ შეუძლებლად მიგვაჩნია. ასეთ დროს მიზეზებს ვეძებთ. ვიშველიებთ პრობლემებს, რომ საკუთარი წარუმატებლობა გავამართლოთ. შესაძლებელია გარეშე მიზეზი არ არსებობდეს. ერთი რამ ფაქტია, თავისით არაფერი მოდის, განსაკუთრებით – წარმატება. მიზანი და მიზნისკენ სიარული, შეუძლებელ პროცესებს შესაძლებელს ხდის.
“ადამიანმა ძალიან უნდა “მოინდომოს”, რომ წარუმატებელი იყოს. ყველა ადამიანში დაბადებიდან დევს წარმატების ფორმულის ფენომენი. მართალია, ეს ფორმულა მათემატიკურ ფორმულაზე გაცილებით რთულია, მაგრამ თუ მოისურვებს, აუცილებლად ამოხსნის. მთავარია მონდომება, სურვილი, დაუღალავი შრომა, მიზნის დასახვა და მერე მისკენ სწრაფვა, მომავლის იმედი, საინტერესო იდეებით დაინტერესება. ეს ყველაფერი წარმატების საწინდარია. არ შეიძლება გულზე ხელდაკრეფილი დაელოდო, ვინ გიბიძგებს უკეთესი მომავლის ძიებისკენ”.
შეუძლებელია არ იფიქრო თამარის შესაძლებლობებზე. შეუძლებელია არ დაგაინტერესოს მეთოდმა, რაც მას ყველაფრის მოსწრებაში და ამავდროულად, წარმატებაში ეხმარება. ქალი, რომელიც მაგალითია საკუთარი შესაძლებლობებით, შედეგებით და წარმატებებით.
საუბრისას ვცდილობდი ამომეცნო ის ენერგია, რაც თამარის წარმატებაზე ზედაპირულად მაინც მიმანიშნებდა რამეს. ასე არ მოხდა. მასთან საუბარმა ყურადღების მოდუნების საშუალება არ მომცა, საინტერესო თემას, საინტერესო ფაქტი ემატებოდა. ყველა დეტალს ვუსმენდი, ვინიშნავდი და ვიმახსოვრებდი. თავისუფლად ვსაუბრობდით. ერთ რამეს მივხვდი, მისი ცხოვრება ადამიანების ბედნიერებისგან შედგება. ეს კი მისი წარმატების მთავარი ელემენტია. ეს ქალი ქირურგია, შემოქმედი, რომელიც სიკეთით დატოვებულ ანდერძს, ბედნიერი მომავლისთვის ნერგავს.
პროექტის ავტორები: ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე
ტექსტი: შოთა ბეზარაშვილი
სამოსი: ქეთი ჩხიკვაძე, ლევან დვალი
მაკიაჟი: ლანა მატახერია