სოფო შარიას ფოტოგრაფია შტატებში

განსაკუთრებული ამბავია, როცა  შენს ჩაფიქრებულ და ნანატრ სურვილს, დაეუფლო ფოტოგრაფიას, შტატებში განახორციელებ.  კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ამ საქმეში  ყველაზე ახლობელი ადამიანი, შენი მეორე ნახევარი  გგულშემატკივრობს. უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე, ამერიკის შეერთებული შტატები, სოფო შარიასთვის ჩასვლისთანავე გახდა მისი ბავშვობის თუ შემდეგ უკვე, თინეიჯერობის დროინდელი მიზნების მიღწევის ქვეყანა. როგორც ბევრი სხვა ქართველისთვის, სოფოსთვისაც ეს ქვეყანა წლების მანძილზე ასოცირებული იყო  კარიერული თუ ოჯახური წარმატების იდეალურ შესაძლებლობად.

მარკეტინგისა და ბიზნეს მენეჯმენტის პროფესია სოფომ, საქართველოში მიღებული განათლების შემდეგ, უკვე  შტატებში, კერძოდ, დალასში განაგრძო. ეს ქალაქი სოფომ დაოჯახების შემდგომ, მისი მეუღლის, პროფესიით პროგრამისტის, მიკას  (მიკა კიკნაველიძე)  სამუშაო ადგილის გამო აირჩია.  აქ შეეძენა წყვილს   პირველი შვილი, ილაი-ნიკოლას კიკნაველიძე.

„ამერიკაში წასვლა ბავშვობიდან ოცნებად მქონდა. ფილმებსაც რომ ვუყურებდი, სულ წარმოვიდგენი პერსონაჟების ადგილას ჩემს თავს, როგორ ვისეირნებდი და ვიცხოვრებდი ნიუ იორკის ქუჩებში. ყოველთვის დარწმუნებით ვიცოდი,  რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად ვიცხოვრებდი ნიუ იორკში. პირველად  ტურისტულად ჩამოვედი და მივხვდი, რომ ეს ნამდვილად  ის ქვეყანაა,  სადაც მსურს დარჩენა და განვითარება.  მიკას ფაქტორმაც, რა თქმა უნდა, იმოქმედა, რადგან დალასში სწავლობდა და სამსახურიც აქ აქვს.  ორივემ ერთად გავწყვიტეთ  ამერიკაში გვეცხოვრა. 

2019 წელს, დალასში, Collin College-ის უნივერსიტეტში,  მარკეტინგისა და ბიზნეს მენეჯმენტის  2 წლიან სამაგისტრო კურსზე ჩავაბარე. იქამდე, თბილისში ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციებში, ევროკავშირის პროექტებზე კომუნიკაციისა მარკეტინგის დეპარტამენტში.

ილაი-ნიკოლასი შეგვეძინა 2020 წლის ოქტომბერში და აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრება და სამყარო კარგი გაგებით. რა თქმა უნდა, რთული იყო ბავშვის აღზრდა უცხო ქვეყანაში, რადგან არანაირი გამოცდილება არ გვქონდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ილაი-ნიკოლასი იყო მარტივი და მიკა იყო საოცარი მამა,  ყველანაირად გვერდში მედგა. დღემდე ილაი-ნიკოლას ისე უვლის, როგორც მე. ილაი-ნიკოლასი ყველგან, სადაც მივდივართ, ჩვენთან არის ხოლმე.

ამჟამადაც დალასში ვცხოვრობთ. რადიკალურად განსხვავდება ნიუ იორკისგან. უფრო მშვიდია. ასევე, ნაკლებად არის შერეული კულტურები, რაც ნიუ იორკს უნიკალურს და საინტერესოს ხდის. მომავალში ვფიქრობ, მაინც ალბათ, რომ ნიუ იორკში გადავალთ როცა უკვე ჩემს საკუთარ კომპანიას ავაწყობ დალასში, რადგან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, დალასში ბევრად მარტივია ბიზნესის დაწყება.“

მიკა კიკნაველიძე სოფო შარია

მართალია სოფო ოჯახთან ერთად ჯერ მის საყვარელ ნიუ იორკში ვერ გადადის  საცხოვრებლად, მაგრამ სამაგიეროდ, დალასში დაიწყო ახალი პროფესია – ფოტოგრაფია. გაიარა შესაბამისი კურსები, აქვს  კერძო შეკვეთები და აპირებს, რომ ახლო მომავალში თავისი კომპანია დააარსოს. გარდა კერძო შეკვეთებისა, მას რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი ხედვა ფოტოხელოვნებაში. იღებს თავისებურად, თავისი ხედვით. ცდილობს   არ მიბაძოს არავის მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ცნობილი ფოტოგრაფის თაყვანისმცემელია მაგალითად ისეთების, როგორიცაა: Thomas Hoepker Ansel Adams Chris Killip Bruce Gilden Greg Williams Joel Meyerowitz Vivian Maier Annie Leibovitz Emmanuel Boffa..

სოფოსთვის ფოტოგრაფობა მხოლოდ შემოსავლის წყარო არაა, მისთვის ეს მისი შინაგანი სამყაროს გადმოცემის იდეალური შესაძლებლობაა. 

„ფოტოგრაფია, რაც კი თავი მახსოვს,  ჩემთვის იყო საინტერესო და მიმზიდველი. საქართველოში ჰობის დონეზე მქონდა ალბათ და ვერ ვრისკავდი რომ პროფესიად მექცია. ეს ჩემთვის არის სამყაროს მოყოლა და გადმოცემა ჩემებურად, როგორ  და რა ფერებშიც  ვხედავ კონკრეტულ სიტუაციებს. ძალიან ხშირად  რთულია ემოციების შენებური აღქმის სიტყვებით გადმოცემა.  მიმაჩნია, რომ  ფოტოგრაფია ის ხელოვნებაა, რომლითაც შეგიძლია შენი ხედვა დაანახო სხვებს. ჩემთვის უფრო  მიმზიდველია შავ-თეთრი და განწყობის  ფოტოგრაფია (Moody Photography).  ვფიქრობ, რომ აქ უფრო მძაფრად იგრძნობა ემოცია და  საოცარ სიღრმეს აძლევს კადრს.  ალბათ ჩემი ხელწერაც ესაა. ძირითადად, მაქვს შავ-თეთრი ფოტოები და „მუდი“/ ჩაჟამებული და ბნელი.

შტატებში მიკას დახმარებით,  მომეცა  საშუალება დავუფლებოდი ჩემს საოცნებო პროფესიას.  გავიარე  Tomorrow’s Filmakers – ის ფოტოგრაფიის კურსები.   ახლა უკვე ამ კომპანიის  გუნდის წევრი ვარ, როგორც ფოტოგრაფი.

სოფო შარია აშშ

სამომავლოდ, უკვე დაგეგმილი მაქვს ჩემი საკუთარი „ფროდაქშენ“ კომპანიის გაკეთება. Consulting კომპანიებთან უკვე მაქვს მოლაპარაკება დაწყებული და როგორც კი დავაარსებ, მომეცემა საშუალება რომ უფრო მასშტაბურ კლიენტებზე და შეკვეთებზე ვიმუშაო, ავიღო  კომერციული შეკვეთები. კომპანიის ფარგლებში ვიდეოგრაფის  მომსახურებასაც დავამატებ. ცოტა რთულია კომპანიის ჩამოყალიბება.  საკმაოდ ბევრი საბუთი თუ დაზღვევა  არის სავალდებულო,  რის გარეშეც არ მომცემენ ლიცენზიას და ამ პროცესში ვარ ახლა.

რა თქმა უნდა, კომპანიას რომ ჩამოვაყალიბებ, მარტო არ ვიქნები. მსურს რომ მაქსიმალურად ისეთი ხალხი მოვიძიო,  ვისაც საკმაოდ განსხვავებული და ინოვაციური ხედვა ექნებათ. როგორც ამბობენ : fresh mind

შვილის  გადაწყვეტილება, რომ ფოტოგრაფია დაეწყო, სოფო შარიას მშობლებისთვის   მოულოდნელი არ იყო.  არც აშშ-ში მისი საცხოვრებლად გადასვლა გაჰკვირვებიათ. სოფო ბავშვობიდან იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც მისი ოჯახის წევრები განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობდნენ და არაერთ წარმატებას მიაღწიეს. სოფოს მშობლები ზურა შარია და ია ცინცაძე,  სამსახიობო და მედიცინის სფეროებში მუშაობენ. მიუხედავად განსხვავებული პროფესიებისა, მათ დიდი საერთო სამეგობრო ყავთ. ბევრი საინეტერესო წვეულება თუ უბრალოდ, შეკრება ჰქონიათ ოჯახს ჯერ კიდევ მაშინ როდესაც თბილისში, ბარათაშვილზე, ძველ ისტორიულ სახლში ცხოვრობდნენ. სოფოს ბაბუები: მსახიობი, ნუგზარ შარია და ფიზიკის დარგში აკადემიკოსი, მსოფლიო პლაზმის ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი  ნოდარ ცინცაძეა.  სოფოს ფიზიკოს ბაბუასთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი მეცნიერები ჩამოდიოდნენ და საქართველოდან მივლინებაში წასულ ბაბუას და ბებიას კი, პატარა შვილიშვილი თვეობით პორტუგალიასა და იაპონიაში მიჰყავადათ თან. ბუნებრივია, ასეთ გარემოში გაზრდილი სოფოსთვის მრავალმხრივი ინტერესი ექნებოდა მსოფლიოს თუ სამყაროს  აღქმის. რაც მთავარია, მას გაუჩინა  სურვილი, რომ გაეკეთებინა ცხოვრებაში ის , რაც ყველაზე მეტად ახლოსაა მის შინაგან სამყაროსთან პროფესიონალურ დონეზე.

დალასი სოფო შარია

„ჩემს ოჯახს რომ ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილება, არ გაუკვირდათ, რადგან ყოველთვის იცოდნენ ჩემი სიყვარული ფოტოგრაფიის მიმართ. ისინი ყოველთვის გვერდში მედგნენ და ახლაც ასეა.  სხვათაშორის ისინი კლასელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ადრე დაქორწინდნენ,  ცხოვრების მანძილზე ერთმანეთს გვერდში ედგნენ და ასე ვითარდებოდნენ პროფესიულად.  დედაჩემი, ფილოსოფიის დოქტორია, მედიცინის დარგში პროფესორი და რეზიდენტურის დირექტორი კლინიკა „ჯერ არსში“ასევე, ექიმი კარდიოლოგ-რადიოლოგია. მამა ზურა შარია რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, პროფესიონალი მყვინთავი, ერთადერთი წყალქვეშა ოპერატორია საქართველოში, ეროვნული გვარდიის თადარიგის კაპიტანი, ვეტერანი ჩოგბურთელი, ცხენოსანი, რაგბისტია. სპექტაკლ „კავკასიური ცარცის წრის“ მსახიობი, არაერთ ფილმსა თუ სერიალში უთამაშია, მაგრამ მისი ყველაზე საყვარელი როლი , გივი ამილახვარის პერსონაჟის შესრულებაა „გააგრძელე საქართველოს ისტორიაში“.

სოფო შარიას და მის მეღლეს მიკა კიკნაველიძეს ჯერ ყველაფერი წინ აქვთ. თუმცა, უკვე განხორციელებული აქვთ დასახული მიზნები რეალურ ცხოვრებაში.   მართალია, შტატებში კონკურენცია ძალიან დიდია ყველა სფეროში, სამაგიეროდ, განსხვავებული ხედვა, ნიჭი და  შრომისმოყვარეობა რომ ფასდება ვიცით. სოფოს, მიკას და პატარა ილაი-ნიკოლას ვუსურვებთ ბევრ წარმატებას, კარგ და საინეტერსო ამბებს შტატებიდან. 

ავტორი: თეა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ