6 ნოემბერს, საუკუნოვანი ისტორიის მქონე სასტუმრო – თბილისი მარიოტსა და საქართველოს მხატვრული ბრწყინვალებისა და კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლო – რუსთაველის ეროვნულ თეატრს შორის გაფორმდა ექსკლუზიური ურეთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს მარიოტის შეხვედრების დარბაზში ხელი მოაწერეს სასტუმროების – თბილისი მარიოტის, ქორთიარდისა და მოქსის გენერალურმა დირექტორმა – ალექსანდრე კვარაცხელიამ და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელმა – გიორგი თევზაძემ.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელოვნებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ადგილობრივ თუ უცხო ქვეყნის სტუმრებს დაუვიწყარი კულტუტრული გამოცდილება აჩუქოს და თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოს. ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში მარიოტის, ქორთიარდისა და მოქსის, ასევე რუსთაველის ეროვნული თეატრის სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობას.
მარიოტის მოკლე ისტორია:
სასტუმროს მშენებლობა 1911 წელს დაიწყო და 1915 დასრულდა. სწორედ ეს გახლდათ დიდებული Majestic-ი. თუმცა, ვიდრე სასტუმროს ფუნქციას შეასრულებდა, მანამდე – ომის პერიოდში – მისი მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ, ამავე შენობაში სამხედრო ჰოსპიტალი და სავაჭრო ცენტრიც კი განეთავსებინათ. და როდესაც რთულმა წლებმა გაიარა, 1939-ში შენობა გაარემონტეს და მას პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნეს. სასტუმრო Majestic-ს 125 ნომერი ჰქონდა, აქვე იყო განთავსებული საბჭოთა კავშირში ყველაზე საუკეთესო რესტორანი, რომელიც 100 სტუმარს იტევდა და კაფე, რომელიც 70 ადამიანზე იყო გათვლილი. Majestic-ი აღიარებული იყო ყველაზე დიდ და კომფორტულ სასტუმროდ, რომელიც საბჭოთა კავშირის საუკეთესო სასტუმროების ათეულში შედიოდა.
სამოქალაქო ომის პერიოდში – 1991-1992 წლებში – შენობა ძალიან დაზიანდა. მისი რეკონსტრუქცია 1995 წლიდან 2002 წლამდე მიმდინარეობდა. პროცესს არქიტექტორები გ. მეტრეველი და ვ. ქურთიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 2002 წლის 26 სექტემბერს, GMT ჯგუფმა ამ ისტორიულ შენობაში სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ „ჯი-ემ-თი ჯგუფს” კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო “ოპიკთან” ერთად საქართველოში განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “ა” კლასის საოფისე ფართი „ჯი-ემ-თი პლაზა”, რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” და მთაწმინდის ყოფილი რესტორან “ფუნიკულიორის” აღდგენა – რეკონსტრუქცია.
თავისი 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში, დედაქალაქის შუაგულში განთავსებული სასტუმრო ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური და ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა და მხილველი იმის, თუ რა პროცესებმა ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყანა ისეთად, როგორადაც გვევლინება დღეს.
რუსთაველის ეროვნული თეატრის მოკლე ისტორია
რუსთაველის ეროვნული თეატრი დაარსდა 1879 წელს. მისი სახელი განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ის დაკავშირებულია ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და თეატრალურობის ზეიმთან. თეატრი ცნობილია თავისი შესანიშნავი მსახიობებითა და ლეგენდარული რეჟისორებით, რომლებიც ისევე როგორც ადრე, დღესაც ქმნიან თანამედროვე, პრობლემატურ, და ცოცხალ წარმოდგენებს. რუსთაველის ეროვნულ თეატრს საზღვარგარეთ ხშირად „ვარსკვლავების თეატრს“ უწოდებენ, მისი მრავალმხრივ ნიჭიერი მსახიობების სიმრავლის გამო. თეატრის ყველაზე უნიკალური თავისებურებაა მისი მარადიული ახალგაზრდობა და სულის ძიება. ახალი თეატრალური მიმართულებები და ფორმები, აღსავსე ეროვნული მნიშვნელობითა და გამოხატულებით, ყალიბდებოდა მთელი საუკუნის განმავლობაში. მისი მარადიული მიმზიდველობის საიდუმლო შიძლება ამოიხსნას შემოქმედებითი და სამოქალაქო მრწამსით.