0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

სამი თაობის ამბავი კადრში  

მაისის თვეში, მაჩაბლის ქუჩას მივუყვები და ვფიქრობ სტატიაზე.

წინ საიუბილეო გამოცემაა – „სითი“ 15 წლის ხდება.

ყდა კი განსაკუთრებულია.

ვიხსენებ პირველად როდის გადავშალე ეს ჟურნალი – მაშინ სულ სხვაგან ვიყავი, სხვა გამოწვევების წინაშე.  დროსთან ერთად კი, მომეცა შესაძლებლობა  მისი ნაწილი გავმხდარიყავი.

15 წელი ცოტა ნამდვილად არაა – იმდენად ბევრია, რომ წლების მიღმა ისტორიები იკითხება.

ამ ფიქრებით მაჩაბლის 13 ნომერთან ვარ და მწერალთა სახლის წინ ვჩერდები. შევდივარ და ვიწყებ მომზადებას. ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა არაა – უფრო დაკვირვებაა, ვიდრე ინტერვიუ.

მწერალთა სახლის კედლებში სამ თაობას ვუყურებ:

ბებია – დედა – შვილიშვილი

ნანა – წიწი – ელიჩკა

ვუყურებ და ვცდილობ თითოეული დეტალი კარგად დავიმახსოვრო.

სამი ქალი,  ობიექტივის წინ ერთად, მწერალთა სახლში. ეს მათი ერთობლივი გადაღებაა. ბევრი წლის შემდეგ პირველი და ძალიან ძვირფასი. ეს ფოტოები, თითქოს, ერთ ოჯახს ეკუთვნის, მაგრამ სინამდვილეში  ბევრს. მათაც, ვინც ამ თაობებს შორის კავშირს, მსგავსებასა და განსხვავებას საკუთარ თავშიც იპოვის.

ეს დროსთან შეხვედრაა.

დროსთან და რაღაც ძალიან ძვირფასთან.

სამი თაობა – სამი ქალი – სამი სიტყვა

ნანა: ელენე არის სიკაშკაშე, სინათლე, ნინო – ჭკუა, მე – თავისუფლება.

წიწი: დედა – ექსტრავაგანტურობა, ელიჩკა – სიცოცხლის ენერგია, მე – ბალზაკის ასაკის კრიზისი.

ელიჩკა: ნანა იქნება კლასიკა, მთავარი ხაზი ამ ყველაფრის. დედა ჩემთვის მოტივაციაა, მე ცოტა დაბნეული ვარ.  

ის, რაც სულ რჩება მარადიულად, ურთიერთობაა. რა არის თქვენი აზრით საიდუმლო, რომლითაც თაობები ურთიერთობას ინარჩუნებენ?

წიწი: მზრუნველობა, უპირობო სიყვარული, რაც ბუნებრივი უნდა იყოს დედებს და შვილებს შორის და ერთგულება. არ არსებობს წითელი ხაზები. მინდა ელიჩკა სწორი ადამიანი იყოს, მაგრამ არ არსებობს წითელი ხაზი, რასაც ელიჩკას ვერ ვაპატიებ. ამ უწყვეტობას ეს განაპირობებს, ასე მგონია. 

ნანა: თავისუფლება, რამდენად ვახერხებ არ ვიცი, მაგრამ ალბათ სწორი ესაა, არ ჩაერიო მთავარ გადაწყვეტილებებში: პროფესიის არჩევაში, ძირითად პრინციპებში. მესმის, რომ ეს ყველაზე სწორია, მაგრამ,  ალბათ, ვერევი ზოგჯერ.  გამოცდილებიდან გამომდინარე  მივუთითებ ხოლმე. ელენესთან კიდევ უფრო ნაკლებად ვერევი… 

ელიჩკა: მე, ნანა და წიწი – ბებია, დედა და შვილიშვილი, ყველაზე ახლო ადამიანები ვართ ერთმანეთისთვის. ბებია ყოველთვის კრიტიკულად მიყურებს. ეს ზოგჯერ მაბრაზებს, მაგრამ ყველაზე მეტად მისი აზრი მაინტერესებს. მასწავლა, რომ არასდროს არ ვიყო ბოლომდე ჩემი თავით კმაყოფილი.  ჩემი გრაცია ბებოს დამსახურება…

სამი ფერი, რომელიც გახასიათებთ

ელიჩკა: მე ვარ ვარდისფერი, წიწი – ზღვისფერი თვალებით, ჩემთვის არის ფირუზისფერი, ბებო – შავი, კლასიკურად.

სამი თაობა არის თუ არა სამი სხვადასხვა ხასიათი?

ელიჩკა: საერთოდ განსხვავებული ხასიათია.

და რა გაერთიანებთ?

ელიჩკა: გურულობა…

ნანა: თითქოს ღირებულებები ერთნაირი გვაქვს, გემოვნება…

წიწი: ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ხაზია, უცხო ადამიანიც მიხვდება ამას. რამდენიმე დღის წინ დედაჩემის დედის ფოტოს გადავაწყდი და მივხვდი, რომ საოცარი მსგავსებაა. ერთი ხაზია. ხასიათი კი – სრულიად განსხვავებული.

რას ამბობენ ეს ფოტოები?

ნანა: დიდხანს დამრჩება მოგონებად ეს გადაღება… მე მაინც მიმაჩნია, სამნი რომ ვდგავართ, დედა-შვილი-შვილიშვილი, ერთობა მინდა ამ ფოტოებზე იგრძნობოდეს, ემოციური და ყველანაირი ერთობა, არ იყოს აცდენა თაობაში…

უფრო მეტია ვიდრე ფოტო… რა იქნება წლების შემდეგ, როცა ამ ფოტოს დახედავთ?

ელიჩკა: ალბათ, ვიქნები წიწი, ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ, აი, ასეთი ვიყავი.

ნანა: ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ წლების მერე, რომ გადავხედავთ, დიდი ბედნიერება იქნება… სიმართლე გითხრათ, მე ელენეს ხათრით დავთანხმდი გადაღებაზე. ისე უხაროდა, რომ სამივე ერთად ვიქნებოდით, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული. ძალიან სასიამოვნოა. ესენი შენები არიან, შენ ხარ სათავე… დიდ სიხარულს და დიდ ემოციას იწვევს…

ეს გადაღება დარჩება დროსთან ერთად კიდევ უფრო ძვირფასი…

წიწი:  სწორი შეფასებაა, უფრო მნიშვნელოვანი გახდება, შენი ბიოგრაფიის ნაწილი ხდება. დედა, შვილი და დეიდაშვილი იღებს (ფოტოების ავტორი: მარი ნაკანი), ესეც მნიშვნელოვანია. პასუხისმგებლობაცაა, ღელვაა საოცარი და მინდა ის უხილავი ძალა, რაც გვაერთიანებს ჩვენ სამს, იგრძნობოდეს ფოტოებზე. მარი ამას მოახერხებს, რადგან ამ გენეტიკური ხაზის ნაწილია. ემოციურად შეკრული და საინტერესო ამბავია.   

ასე იქცა ერთი ფოტოსესია სამი თაობის ამბად. 

ერთობად, რომელიც „სითის“ 15 წელს ეხმიანება. თავის მხრივ კი, ეს კიდევ უფრო მეტს, მნიშვნელოვანს ნიშნავს მათთვისაც, ვინც 15 წლის წინ პირველი “სითი” წაიკითხა.  ესეც საერთო ხაზია.

წლების შემდეგ, ვინც ამ მასალას ნახავს, ალბათ იგრძნობს იმასაც, რაც კამერის მიღმა იყო – ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და ის უხილავი ძაფი, რასაც ოჯახი და გულწრფელი ურთიერთობები ჰქვია.

დღეს ეს ყველაფერი ბევრად მეტია, ვიდრე ფოტოები.

ეს ხომ “სითი”- ურთიერთობების ისტორიაცაა?!

პროექტის ავტორი: ეკა ხოფერია

ფოტო: ნაკანიმამასახლისი

ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი, მარიამ ხუციშვილი

თმა: ნატა ლომაშვილი

სამოსი:  Maisonketi

გადაღების ადგილი: მწერალთა სახლიგაფორმება: F-Lovers, wedgwood.showroom

ასევე წაიკითხეთ