პირველი ნაბიჯები დიპლომატიაში 

ბაია კაპანაძის ბლოგი

მოგესალმებით, ჟურნალ „სითის“ ძვირფასო მკითხველებო!

ბავშვობაში, ალბათ, ხშირად უკითხავთ,   ვინ გინდოდათ რომ გამოსულიყავით. რამდენ თვენგანს უპასუხია – ექიმი, მომღერალი ან პოლიციელი. ცოტა თუ ინატრებს ბავშვობაში დიპლომატობას, რადგან პატარებისთვის,  სიტყვა დიპლომატია და თავად ეს პროფესია  უცნობია. მახსოვს, აეროპორტში გავიგე პირველად სიტყვა დიპლომატი და დედაჩემს ვკითხე თუ რას ნიშნავდა.  მან  ორი სიტყვით ამიხსნა,  რომ დიპლომატები  ქვეყნის “ფოსტალიონები” არიან საზღვარგარეთ. ამ სიტყვებმა ჩემში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.  დავინტერესდი თუ ვინ იყო გამოჩენილი ქართველი ქალი დიპლომატი, რომელიც  მეც შეიძლება  მცოდნოდა. დედამ უცებ მიპასუხა,  რომ თამარ მეფე ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო. ამ ძალიან მოკლე დიალოგმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე,  პატარა გოგოზე, რომელსაც ოცნება გაუჩნდა რომ გამხდარიყო მისი პატარა ქვეყნის ქალი “ფოსტალიონი”. დროთა განმავლობაში მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია  გქონდეს ოცნება და მისი ასრულებისთვის ყველანაირი გზა გამონახო, ყველანაირ გამოცდას გაუძლო. ალბათ დაგაინტერესებთ როგორი იყო ჩემი გზა დიპლომატიამდე  და რა არის საჭირო იმისათვის,  რომ ბავშვობის ოცნება აისრულო.

baia kapanadze

იმისათვის რომ ოცნება აისრულო, აუცილებლია გქონდეს მიზანი და შეადგინო გრძელვადიანი გეგმა, რომელიც აუცილებლად მიგიყვანს დასახულ მიზნამდე. ჩემთვის სამშობლოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის სურვილი იყო უპირველესი მიზანი, რომელმაც საჯარო სამსახურამდე და დიპლომატიამდე მიმიყვანა. დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მალევე დავბრუნდი საქართველოში და გადავწყვიტე ეტაპობრივად დამეწყო ჩემი მიზნისკენ სვლა. ორი წლის განმავლობაში გავიარე ყველა ის ეტაპი (პრაქტიკა, სტაჟირება, შესარჩევი კონკურსი და ტრენინგები), რაც საჭიროა იმისათვის, რომ გახდე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსის სრულუფლებიანი წევრი.  უფრო დეტალურად კი, ვარ   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის სექტორული ინტეგრაციის სამმართველოს III მდივანი. სულ ახლახან,  26 წლის ასაკში, დიპლომატიურ თანამდებობაზე დავინიშნე. საქართველოს სახელით ვარ მივლინებული ბელგიაში, ქ.ბრიუგეში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ ინიცირებულ, ევროპულ დიპლომატთა აკადემიაში, 1 წლის ვადით.

საჯარო მოხელის ფიცის დადების მომენტიდან მივხვდი, რომ უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა მეკისრება, რომელიც ჩემი ქვეყნის და ხალხისადმი კეთილსინდისიერ და ერთგულ დამოკიდებულებას მოითხოვს. იმისათვის რომ გახდე საჯარო მოხელე,  არ არის აუცილებელი გქონდეს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.  მთავარია საჯარო ინტერესების დაცვის მტკიცე სურვილი გამოძრავებდეს. ხოლო იმისათვის, რომ გახდე ღირსეული საჯარო მოხელე და დიპლომატი, აუცილებელია გაცნობიერებული გქონდეს, რომ დიპლომატი მოქმედებს სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს ქვეყნის სახეს და მისი ყველა ნაბიჯი აისახება როგორც საჯარო სამსახურის, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯზე.

ბაია კაპანაძე

შესაბამისად, მეც ვცდილობ კარგი მაგალითი ვიყო განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამომავლოდ ფიქრობენ დიპლომატობას და საჯარო სამსახურში ყოფნის სურვილი აქვთ. ვცდილობ  მათი ცნობიერების ამაღლებას და მათ წახალისებას სწავლის პროცესში. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არის საჭირო დიპლომატიის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგზარდა თაობაში?

სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ვაწყდები სტერეოტიპებს საჯარო მოხელეების და დიპლომატების შესახებ.  ყოველთვის ვცდილობ მათ დამსხვრევას. აი, მაგალითად, ერთ მზიან ორშაბათს, სახლიდან რომ სკუტერით გამოვედი და ჩემი საყვარელი კაფეს ზღურბლთან ყავის ასაღებად რიგში დავდექი, ხშირმა სტუმრებმა, ტრადიციისამებრ, მოვიკითხეთ ერთმანეთი. რიგში ჩემ წინ  მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი გამომელაპარაკა. ძალიან დაინტერესდა ჩემი ეკო-მეგობრული ტრანსპორტით და საკმაოდ გაუკვირდა, როცა გაიგო რომ საჯარო მოხელე ვარ და სწორედ სამსახურისკენ მივიჩქარი ასეთი „შეუსაბამო“ ტრანსპორტით და საკმაოდ კლასიკური ჩაცმულობით. ალბათ იმ დღეს ერთი ადამიანის ცნობიერებაში მაინც დავარღვიე სახელმწიფო მოხელის  სტერეოტიპი. ვეცადე მისთვის ისიც ამეხსნა, რომ საჯარო სამსახური, უპირველესად, ქვეყნის კეთილდღეობის შექმნას, შენარჩუნებას და მომავალ განვითარებას გულისხმობს. მას ასევე, გავუზიარე ჩემი პირადი გამოცდილება და ავუხსენი, რომ მოხელეები უპირატესობით არ სარგებლობენ და მეტიც, ისინი საზოგადოებრივ ინტერესს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ვიმედოვნებ, მისი წარმოდგენა საჯარო სამსახურზე და შესაბამისად, მოხელეებზე ცოტათი მაინც შეიცვალა. 

ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, არ მეთანხმებით?

დიპლომატი კაპანაძე

დღეს ჩემმა ოცნებამ და მიზანმა მიმიყვანა იქ, სადაც ბევრი დიპლომატი იოცნებებდა ყოფნას. ამჟამად, საქართველოს სახელით მონაწილეობას ვიღებ ისტორიული პროექტის განხოციელებაში, რომელიც ევროპის ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ, ევროკავშირის ისტორიაში პირველი სრულფასოვანი ევროპული დიპლომატიური აკადემიის ჩამოყალიბებას გულისხმობს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 42 ახალგაზრდა ევროპელი დიპლომატი შეირჩა. მათ შორის :  უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, თურქეთის, დასავლეთ ბალკანეთის  და ევროკავშირის ინსტიტუტების დიპლომატებს მოგვეცემა შანსი  ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე ვიმუშაოთ და ამავდროულად, გამოვიმუშაოთ ის უნარები და კომპეტენციები, რომლებიც, მთელ მსოფლიოში,  ევროკავშირის პრინციპების და ინტერესების ეფექტურად დაცვას და გატარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამა 29 აგვისტოს დაიწყო ევროპის კოლეჯის კამპუსში, ნატოლინში (პოლონეთი). ორ კვირის  შემდგომ, ევროპის კოლეჯის კამპუსში, ბრიუგეში (ბელგია) გრძელდება. ვფიქრობ, ამ პროგრამაში მონაწილეობით საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება უფრო ძლიერი, საერთო ევროპული დიპლომატიის და ევროპული საგარეო პოლიტიკის განმტკიცების პროცესში, საქართველოს ღირსეულად წარმოსაჩენად.   რეგიონში არსებული გამოწვევების პირობებში (ომი უკრიანაში), ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პორცესი განსაკუთრებით  მნიშვნელოვნია.

 CITY-ს ბლოგში ჩემი ისტორიის გაზიარებით, მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ თქვენ არ ხართ “ძალიან ახალგაზრდა” ცვლილებების მოსახდენად და რომ თქვენი ხმა და თქვენი ჩართულობა ქვეყნის სამსახურში, ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდობა არის მსოფლიოს უდიდესი რესურსი და თუ ისინი მოინდომებენ,  სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება.

ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის სექტორული ინტეგრაციის სამმართველოს III მდივანი, ბაია კაპანაძე

ასევე წაიკითხეთ