შეუძლებელია, არ გამოვა – ეს სიტყვები არ გამოვა

ნინი სანადირაძე

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი. ჭავჭავაძეების ბაღში, შემოდგომის მზის ქვეშ, სკოლის მოსწავლეები დასეირნობენ.

– მას, ეს ლიფტიც ილია ჭავჭავაძის დროინდელია? – ეკითხება ერთ-ერთი მოსწავლე ქალს, ლამაზი სილუეტით. “მასი” სინამდვილეში “მასი” არ არის, აქაურობის მასპინძელი და თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, ნინი სანადირაძეა. ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება რეაბილიტირებული მუზეუმები, სრულიად ახალი ეტაპი მათ ისტორიაში და არა მარტო ეს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი

– “მასს” რომ გეძახიან, მგონი, მოგწონთ – ვეკითხები ნინი სანადირაძეს – უფრო მეტად, ვიდრე “ქალბატონო ნინო” რომ დაგიძახონ, არა? – ვაზუსტებ.

ისე შემომხედა, მივხვდი,” ქალბატონო” აქ სრულიად ალოგიკური და ამოვარდნილია.

– ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს მუზეუმის პატარა სტუმრები “მასს” რომ მეძახიან – მპასუხობს და სკოლის მოსწავლეებისთვის მისი მთავარი სიამაყის, ილია ჭავჭავაძის სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმის გაცნობას განაგრძობს.

უმშვენიერეს ბაღსა და სამსართულიან შენობაში მოგზაურობა ნამდვილი კინოა ან წიგნი ანაც, თავგადასავალი. ძველი ვორონცოვი, კიდევ უფრო ადრინდელი, სოფელი კუკია, ნიკოლოზის ქუჩა. ადგილი, სადაც 1886 წელს, ძმებმა გრუზინსკებმა ამ სახლის მშენებლობა დაიწყეს. სახლი ილია ჭავჭავაძის დას, ეკატერინე საგინაშვილ-ჭავჭავაძეს მეუღლისგან დარჩენია, რომლის გარდაცვალების შემდეგ, და-ძმა სახლის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას შედგომია.

2016 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც აქ ნინი სანადირაძე მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელის სტატუსით მოვიდა, შენობა საგანგაშო მდგომარეობაში იყო.

ყველაფერი ნელ-ნელა აღდგა, საქმის სიღმისეული ცოდნით, პროფესიონალიზმითა და გულით. ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებდა სახელმწიფო პრიორიტეტი – კულტურული მემკვიდრეობის სტანდარტების დაცვა, სწორად დაგეგმილი მენეჯმენტი, სწორი ადამიანების შერჩევა, ექსპონატების შესწავლა, კედლების ფერის, ავეჯის, ნივთების, ჭაღების, ფარდებისა თუ სუნამოების პოვნა, შეძენა, რესტავრირება.

– ისტორიული სურათის აღდგენის საშუალებას იძლეოდა როგორც შემორჩენილი ნახაზები, ასევე, მოგონებები და საარქივო მასალები. ცალკე საგანძური იყო ეპისტოლარული მემკვიდრეობა. მათ შორის, ილიას წერილები, სადაც ის მოურავს მისთვის ჩვეული სიზუსტითა და ცოდნით წერდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამა თუ იმ კედლის თუ ფანჯრის ფერი. რესტავრაციის პროცესში სახლიც გვაძლევდა მინიშნებებს. ამდენად, შეძლებისდაგვარად, სწორად მივდიოდით რეაბილიტაციის გზაზე.

სახლი და მთლიანად აღებული ეს სივრცე, მართლაც განსაკუთრებული ფერისაა. ნებისმიერი კედლის, ჭერის თუ კარის ფერს წინ სიტყვა “მზე” უნდა დაამატო. აკი თავად ილია ეძახდა აქაურ მწვანეს “მზისფერ მწვანეს” – ვენახს რომ მზე დაადგება, ის ფერიო.

სახლ-მუზეუმი, თანამედროვე ტერმინი რომ მოვიშველიოთ, იმდროინდელი “თაიმლაინია”, სხვაგვარად, იმ ეპოქის მაჯისცემა. ყოველ სართულსა თუ ოთახს მნიშვნელოვან მოვლენებთან აქვს კავშირი. მინუს პირველ სართულზე მაქსიმე შარაძის სტამბა იყო გნთავსებული. აქვე იქმნებოდა და იბეჭდებოდა ეპოქალური “ივერია”. ამ სახლში გახსნილა ყვავილზე ვაქცინაციის პირველი კაბინეტი, მიხეილ გედევანიშვილის რენტგენის პირველი კაბინეტი… აქ, “ხუთშაბათობების” ოთახში, იმდროინდელი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემებზე საუბრობდნენ, კამათობდნენ… ცალ მხარეს ქალები მსხდარან, მეორე მხარეს – მამაკაცები… აქ, ერთ-ერთია ილიას აღდგენილი კაბინეტი. სწორედ ის, სადაც “ივერიის” თემებს გეგმავდა, წერდა, ფიქრობდა. ერთი დეტალი აკლია მხოლოდ – თამბაქოთი სავსე საფერფლე. ბევრს ეწეოდა თურმე. საფერფლე დგას მასიური ხის მაგიდაზე, ფერფლისა და სიგარეტის გარეშე.

ბავშვებმა დატოვეს სახლ-მუზეუმი და ნინი ეზოში, ჩემთან საუბრის გასაგრძელებლად ბრუნდება. ვიდრე მოსწავლეებთან შეხვედრა არ დაასრულა, გადასაღებად მოსულ ტელევიზიას კომენტარი არ მისცა – არა, ჯერ ესენიო – მოუჭრა მოკლედ. ასეთია, რაღაცნაირი, მკაცრი, ზუსტი ცოდნით იმისა, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი სანადირაძე

– ეს სამყარო ბავშვობიდან მოდის?

– ალბათ. მუზეუმებში სიარული ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ჩემი მშობლები.

– მოგვიყევით თქვენს მშობლებზე.

– მამა, გიორგი სანადირაძე, მწერალი იყო. დღეს ის ცოცხალი აღარ არის. დედა მთელი თავისი ცხოვრება ყველაზე ზრუნავს. ჯერ მამის გვერდით იდგა, ახლა ჩემი ოჯახისა და შვილების გვერდითაა. ის იყო და ახლაც არის ჩვენი საყრდენი. მე დედისრეთა ვარ. მთელმა ბავშვობამ მოგზაურობაში გაიარა. მამა, საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრს მოგზაურობდა, წერდა სხვადასხვა ადგილზე. მისმა პუბლიცისტიკამ და დედას ინტერესებმა განაპირობა, რომ ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა, რომელიც დიდობაშიც გაგრძელდა.

აქ უნდა იყოს ვრცელი მონათხრობი იმის შესახებ, რომ ნინის ოჯახში განათლებას, წიგნების კითხვას და ზოგადად, ახლისა და საინტერესოს შეცნობას, უდიდესი ადგილი ეკავა. მაგრამ ამ ამბავს, მგონი, თავადაც ხვდებით. ერთი ნიუანსი, მცირე, მაგრამ ძლიერ საინტერესო: ნინი სკოლაში ძალიან პატარა, 5 წლისა შეუყვანიათ იმდროინდელი რეფორმების წყალობით (ხან მოსამზადებელი კლასი გაუქმდა, ხან 0 კლასი, სხვადასხვა კლასმა “ნახტომი” გააკეთა და ხან კიდევ რა). ნინიმ სკოლა 15 წლის ასაკში დაამთავრა. 15 წლის! და იმავე ასაკში ჩაუბარებია ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიც დაუმთავრებია ახლადგახსნილ დიპლომატიურ აკადემიაში. შემდეგ ასპირანტურა, კვლავ ხელოვნების ისტორიის მიმართულებით. მერე დოქტურანტურა და სადოქტორო თემა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინი

– წარმოიდგენდით თუ არა ათი წლის წინ, რომ მაგალითისთვის, თუნდაც ამ ინტერვიუს “სითისთვის”, ილია ჭავჭავაძის განახლებულ სახლ-მუზეუმში ჩავწერდით?

– 2011 წელს ნამდვილად გამიჭირდებოდა წარმოდგენა, რომ ამ ბაღში ვიჯდებოდი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, რომ ვიქნებოდი რომელიმე მუზეუმში, მუზეუმის საცავში, ან გამოფენაზე …

ყველაფერი, რასაც სამუზეუმო ცხოვრება გულისხმობს, მთელი მისი ცხოვრებაა.

2016 წელს, მაშინ, როდესაც დედაქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის კულტურული ობიექტების, ბიბლიოთეკების ოპტიმიზაცია და გაერთიანება დაიწყო, შეიქმნა თბილისის მუზეუმების გაერთიანება, რომლის ქოლგის ქვეშ დღეს 9 მუზეუმი და ხუთი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის მქონე ძეგლია გაერთიანებული. გაერთიანება, ოპტიმიზაცია, რეფორმები, რესტავრაცია, მუზეუმების ახალი სიცოცხლე – ყოველივე ეს კონკრეტულ გეგმას და კონცეფციას ითხოვდა, ის დაიდო კიდეც.

– 2016 წლის 5 აგვისტოს, 4 წლიანი გეგმა წარვადგინე. მისი ნახვა ახლაცაა შესაძლებელი. ეს, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მსუყედ წარმოდგენილი გეგმა, შესრულდა კიდეც სხვა ახალ გამოწვევებთან ერთად. პირველი და მთავარი, კულტურული მემკვიდრეობის რესურსების იდენტიფიკაცია და სამეცნიერო კონტექსტის წარმოდგენა იყო. ყველა მუზეუმი, რომელსაც ვაერთიანებდით, უმნიშვნელოვანესი იყო და თითოეულს საკუთარი ისტორია და განსაკუთრებულობა ჰქონდა.

– მაინც, რა იყო მთავარი, რა უნდა გამოსულიყო?

– ეს მუზეუმები გაერთიანების გარეშეც მუშაობდნენ. გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მათი პოპულარიზაციაც იყო. ერთის მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ მუზეუმები და აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობა და მეორეს მხრივ, ვაქციოთ ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო რესურსად. ეს გულისხმობს მეტ დამთვალიერებელს, მეტ აქტივობას, მეტ გავრცელებას, მეტ ღიაობას, მეტ სახალისო და სასიამოვნო გარემოს… მეტ კავშირს სხვადასხვა თაობის, ინტერესებისა და საჭიროების მქონე ადამიანებთან. ეს იყო ყველაზე მსუყე მიზანი, რომლის უკან ბევრი ქვემიზანია. მათკენ სვლა, ცხადია, ჯერ კიდევ გრძელდება.

მოვიარე რეაბილიტირებული მუზეუმები, თითქმის ყველა. ზოგან რამდენჯერმე ვიყავი. ხან მარტო, ხან შვილებთან, ხან აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებთან ერთად… უზომოდ საინტერესო იყო ჩემთვის იმ პროცესის ცქერა და დაკვირვება, რასაც მუზეუმთა ახალი სიცოცხლე ჰქვია. გალაკტიონთან, კედელზე, “თაიმლაინია”. მიყვები მის ცხოვრებას, ჭერამდე აწყვია გამოცემები, ბოლო ოთახიდან მისი ხმა და სიმღერა მოგესმის. გამიმართლა. პუფებზე ჩამომსხდარ ბავშვებთან ერთად ვახტანგ ჯავახაძის გალაკტიონს ვუსმენდი. ვიყავი წერეთლების სახლში, თვალწინ გაცოცხლდა “თვითმფრინავის ბიჭების” ამბები…

მაგრამ ეს მე ვარ, აგერ უკვე 49 წლის ეკა. ისინი? ბავშვები? ისინი როგორ იღებენ, მოსწონთ? აინტერესებთ? აინტერესებთ. აქ მათ არავინ აჩუმებს, აქ ბევრი კითხვა და ცნობისმოყვარეობა მისასალმებელია. აქ მათი ნათქვამი, სრულიად წარმოუდგენელი ვარაუდი თვით დიდ ილიასთან მიმართებაშიც კი, სრულიად ბუნებრივია. ეს მათი სივრცეა, არა განყენებული, რომელიღაც სხვა პლანეტიდან, არამედ – მათი. გამაგრებული ათასგვარი სახალისო და შემეცნებითი პროგრამით, სადაც სტუმრებს ხან ჯინსებზე უყვებიან და ხანაც საუკუნეების წინ ქალთა აქტივობებზე.

ქვემიზნები ახსენა ნინი სანადირაძემ და ეს ქვემიზნები უამრავ ნიუანსსა და დეტალს მოითხოვს. ამ ქვემიზნების უზადოდ შესრულებას ითხოვს უმკაცრესი ხელმძღვანელი. რთულია, ალბათ, მასთან მუშაობა და ეს თავადაც იცის.

სანადირაძე ნინი

– რა არის ის თვისებები რაც, თქვენი აზრით, აუცილებელია ამ მიზნების მისაღწევად?

– რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი… დაუნდობლობა, ალბათ.

– დაუნდობლობა?

– დიახ, დაუნდობლობა, მათ შორის, საკუთარი თავის მიმართ. შრომაც, ამასთანავე. იცით, ასაკთან ერთად ლოდინი ვისწავლე. ვისწავლე რაც და როგორც მინდა. დრო სჭირდება. არ მეშინია ამ სიტყვის. ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოვიდა ის, რომ ჭადრაკის თამაში საინტერესოა. უზარმაზარი პასუხისმგებლობაა ჩემთვის სიტყვები – მე მიყვარს ჩემი სამსახური. არ მესმის ცარიელი სიტყვა “მიყვარს”. რას ნიშნავს “მიყვარს”, რაზე დგას ის? მხოლოდ სიყვარულზე? სიყვარული ქმედებაა.

– აბა, რაზე დგას მაშინ ეს სიტყვა?

– უზარმაზარ პასუხსიმგებლობაზე. იმაზე, რომ უნდა აკეთო იმდენი, რამდენიც შეგიძლია და მერე აღმოაჩინო, რომ ცოტა იმაზე მეტიც შეგიძლია, ვიდრე გგონია. ზუსტად შეუძლებელს გაკეთებინებს, როცა გიყვარს. ეს არის იმის ცოდნა, რასაც აკეთებ. ის ფასეულობებია, რის გამოც აკეთებ. სხვანაირად, “მიყვარს” მნიშვნელობა გაუგებარია ჩემთვის.

ნინი სანადირაძე

– ეს საქმე, რომელსაც აკეთებთ, დიდი გამოწვევაც იყო თქვენთვის.

– კი, დიდი გამოწვევა. ასევე, დიდი პატივი და უფრო დიდი პასუხისმგებლობა. იყო და არის ბევრი სირთულე და პრობლემა, მაგრამ გამიმართლა იმაში, რომ არასდროს მიყვარს თქმა, რომ ეს არ გამოვა. ესეც მთავარი გამოწვევაა, სიჯიუტე და შეუძლებლის შეძლება.

რაც გამოვიდა, მათი ჩამოთვლა ძლიერ შორს წაგვიყვანს. რეაბილიტირებული მუზეუმების, პროექტების გარდა, ეს სრულიად უნიკალური გამოცემები გახლავთ. 20-მდე გამოცემას ითვლის მუზეუმების გაერთიანება და პროცესი გრძელდება. წინ უდიდესი გეგმებია, ურთულესი და ძალიან საპასუხისმგებლო. ეს გახლავთ, მაგალითისთვის, მერაბ კოსტავს სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის განახლება ჩუბინაშვილის ქუჩაზე და… თოჯინების მუზეუმი.

წინ ახალი წელია და ამ ზღაპარივით ამბავსაც მოგიყვებით, მოკლედ. თოჯინებისა და სათამაშოების უნიკალურ კოლექციას ფლობს თბილისის მუზეუმების გაერთიანება და ეს ერთადერთი მუზემი და საგანძურია სამუზეუმო შენობის გარეშე.

1936 წელს, ქალბატონ თინა თუმანიშვილის ინიციატივით და ლავრენტი ბერიას ჩართულობით, თბილისში, სათამაშოებისა და თოჯინების პირველი მუზეუმი გაიხსნა ათარბეგოვის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში. კოლექცია მოიცავდა როგორც ქალბატონი თინას დედოფალებს, ასევე ბევრ სხვა საინტერესო ექსპონატს, სასაჩუქრე თოჯინას, რომელიც სხვადასხვა ადამიანს შემოუწირავს. მოგვიანებით, უკვე მოძლიერებული და გამდიდრებული კოლექცია ჯერ იმდროინდელ პიონერთა სასახლეში გადასულა, შემდეგ კი, ის შავთელის ქუჩაზე არსებულ საბავშვო სურათების გალერეის შენობის ნაწილში განთავსდა. მუზეუმის შენობა ქალაქის ახალ განაშენიანებას შეეწირა. ის დაინგრა, დედოფალები და სათამაშოები ყუთებში დაბინავდნენ და დარჩნენ საგამოფენო სივრცის გარეშე. წელიწადში რამდენჯერმე ამ ყუთებს ხსნიან, თოჯინებს და სათამაშოებს პირდებიან რომ მალე დღის სინათლეს იხილავენ და ხანდახან ჯადოსნურ გამოფენებსაც აწყობენ დამთვალიერებლებისთვის. ნინი სანადირაძე თოჯინების მუზეუმზე ფიქრობს, ფიქრობს ადგილზე. უფრო სწორად, უკვე შეგულიანებული აქვს ერთი ადგილი, მაგრამ ჯერ არ ამხელს.

– ეს არ არის მხოლოდ თოჯინების მუზეუმი, ეს უზარმაზარი ეთნოკოლექციაა, სოციალური ყოფა, თამაშები და ტრადიცია. თინა თუმანიშვილმა კარგად იცოდა ამ მუზეუმის მთავარი შინაარსი. შეგროვების გარდა, ეს კვლევითი სამუშაო და საგანმანათლებლო რესურსია. ჩვენთან არის დაცული უზარმაზარი ეთნოგრაფიული მასალა, სხვადასხვა რეგიონში არსებული თამაშობები, ჩანაწერები მათ შესახებ.

– მოგვიყევით სათამაშოებზეც… რომელიმეს თუ გამოყოფდით?

– ბევრია, ძალიან ბევრი… მაგალითად, ჩვენ გვაქვს “კვახურების” კოლექცია (კვახისგან გაკეთებული თოჯინები), ლადო გუდიაშვილის, რაფიელ ბეგთაბეგიშვილისა და სხვათა უნიკალური სათამაშოები, გვაქვს ჩვენი მატარებლები… ჩვენთან ასევე, არის დაცული თანამდეროვე მეთოჯინეების კოლექცია, მათ შორის, ნანა ბედიაშვილის, ანა გაბრიაძის, თამარ კვესიტაძის შედევრები, ბაჩო ცანავას საოცარი ქმნილებები. მე მჯერა, რომ ძალიან მალე გვექნება ეს ზღაპრული სივრცე და ჩვენი თოჯინები და სათამაშოები ახალ მუზეუმში გამოეფინებიან.

არ ვიცი სად იქნება ეს ზღაპრული სივრცე, მაგრამ ვიცი, რომ ის თბილისის მართლაც ყველაზე ჯადოსნური და ლამაზი ადგილი გახდება. ფიქრებში წასული ჩემს რესპონდენტს ბოლო კითხვას ვუსვამ:

– როგორი არ უნდა იყოს მუზეუმი?

– ერთ დღეს თბილისში, ერთ-ერთ მემორიალურ მუზეუმში მივედი. ჩვეულებრივი ღობის იქით 3-4 წლის ბიჭი იდგა. მივედი, მივეფერე და ვკითხე, ჩვენთან რატომ არ მოდიოდა სათამაშოდ. გაკვირვებულმა გაბრაზებით შემომხედა და აღშფოთებულმა მიპასუხა:

– ამხელა გოგომ არ იცი, რომ მუზეუმში თამაში არ შეიძლება?

მუზეუმი არ შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ვინმეს, თუნდაც სამი წლის ბიჭს, შეეშინდება. ადგილი, სადაც თამაში და სიცილი აკრძალულია.

ესაუბრა: ეკა ხოფერია

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ასევე წაიკითხეთ