ხელოვნება, როგორც ცხოვრების გზა – სოფო (მარიამ) ქორიძე

“გაკვეთილებზე სულ ვხატავდი რვეულში. მასწავლებელი დახედავდა ხოლმე, მოსწონდა, მაგრამ სულ შენიშვნებს მაძლევდა…“  

ხელოვნება სოფო ქორიძის ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბავშვობაში გაჩნდა. ოცნებობდა ბალერინობაზე. პირველი პუანტებიც საჩუქრად ირმა ნიორაძისგან მიიღო, მაგრამ ეს პროფესიული ხაზი ოცნებად დარჩა. შემდეგ იყო ცეკვა, ქსოვა, “ღიმილის ბიჭის”, კახა ქორიძის შვილი, მსახიობობაზეც ოცნებობდა, მაგრამ  მთავარი მიზანი მაინც, ფერწერის ირგვლივ გააერთიანა. ის, რასაც არასდროს უღალატა, არის ფერი…

 – რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ჩემს არჩევანზე დიდი გავლენა მამამ იქონია. იმ დროს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში მთავარი მხატვარი იყო. მაშინ იმდენად პატარა ვიყავი, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ მსგავსი საქმე შეიძლებოდა ჩემი პროფესია გამხდარიყო. ოპერის თეატრშიც დავდიოდი. ამას თავისი განსაკუთრებული ფერი და განწყობა მოჰქონდა. შემდეგ, სცენოგრაფიამ გამიტაცა, მერე მსახიობობამ. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მქონდა ეპიზოდური როლები. ჩემი პირველი ფილმი იყო “მოდი, ვილაპარაკოთ”, შემდეგ იყო “ჯადოსნური ყვავილი”, სადაც მე და ჩემი და, აკა ვთამაშობდით. მერე გადამიღეს ფილმში, სადაც ჩემი უფროსი და, ნინო თამაშობდა. ძალიან მომწონდა, ვფიქრობდი ამ გზას გავყოლოდი, მაგრამ როცა გავიზარდე, მივხვდი, ამ პროფესიას დიდი სითამამე სჭირდება და მე ეს არ მქონდა.

“პარალელური ზღაპრული განზომილება” სოფო (მარიამ) ქორიძის ახალი ნამუშევრების გამოფენა ფესტივალის “საჩუქარი,” ფარგლებში

უარი და კარს მიღმა დარჩენილი ცხოვრება…

გოგონა გაიზარდა და დარწმუნდა, რომ მისი მთავარი საქმე აუცილებლად ხელოვნება, მხატვრობა და მოდელირება უნდა ყოფილიყო. წარმატებამაც არ დააყოვნა და ამერიკაში აღმოჩნდა. გზა კიდევ უფრო დიდის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილებით ეს კარი დახურა.

ამერიკაში ვიყავი, ვისწავლე,  რვა გამოფენა გავაკეთე, რამდენიმე კონკურსში გავიმარჯვე და ხუთწლიანი სწავლების უფლება მოვიპოვე. ამ თავისუფალმა მუშაობამ დიდი შესაძლებლობები მომცა.

ამერიკის შემდეგ იყო ცხოვრება რომში და დაფინანსება წარმატებულ სასწავლებელში. თავბრუდამხვევი შემოთავაზებების ფონზე, სოფო (მარიამ)  ქორიძე ცხოვრებას მხოლოდ საკუთარ სამშობლოში ხედავდა. ამ იდეას არასდროს უღალატა.

– ნანობთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას და როგორ აისახა ეს თქვენს შემოქმედებით გზაზე? 

ალბათ, არ ვნანობ, რადგან ჩემი ხასიათი ასეთია, უნდა ვიყო სახლში. მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის გარეშე არ შემიძლია. მიყვარს თბილისი. გავიზარდე დიდ ოჯახში, მიჩვეული ვარ ამ ყველაფერს, მიჭირდა ჩემი დების, ძმების, მშობლების გარეშე. ამერიკაში სამი ადამიანი ვცხოვრობდით, მაგრამ ეს მარტოობა მეგონა.

 არტისტი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა განზომილებაში

გავხდი ჯერ მოდელი, შემდეგ – დიზაინერი. თეატრი კი ჩემს ცხოვრებაში, უკვე 19–20 წლის ასაკში შემოიჭრა. პირველ კურსზე აპლიკაციებს ვამზადებდი, როცა მამაჩემმა მითხრა, კარგი თეატრის მხატვარი იქნებიო. შემდეგ ნუგზარ ბაგრატიონმაც ნახა ჩემი ნამუშევარი და მუშაობაც სწორედ მასთან დავიწყე. თეატრმა ჩემთვის სრულიად ახალი სიღრმე გააჩინა. პროცესიც რთულია, მსახიობი ყოველთვის ვერ ეგუება შენს ჩანაფიქრს. ამიტომ, ხშირად გჭირდება ახსნა, დამტკიცება, დარწმუნება. მოდელირებას თავისი ნიჭი და შესაძლებლობა სჭირდება, მაგრამ თეატრმა მას სხვა სიღრმე შემატა. ასეთი ხასიათი მაქვს – მუდმივად სხვადასხვანაირი ვარ. არასდროს მეორდება ჩემი თავი, რადგან მთელი ცხოვრება ძიებაში ვიყავი და ერთდროულად ბევრ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდი. თუ დააკვირდებით, ჩემს ნამუშევრებში პატარა, საინტერესო ხაზებიც ჩანს დიზაინის, ინტერიერის, ფორმის. ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სამომავლოდ მინდა, რომ ჩემი ნახატები რეალურად გაცოცხლდეს და ტანსაცმელზე გადავიდეს. მე და ჩემმა მეგობარმა, ჯულიეტამ, ეს პროცესი უკვე დავიწყეთ.

“პარალელური ზღაპრული განზომილება” – ასე ჰქვია სოფო (მარიამ) ქორიძის გამოფენას ფესტივალის “საჩუქარი,” ფარგლებში, რომელზეც მხატვარმა ახალი ნამუშევრები წარადგინა. მის ტილოზე ხშირად იკითხება მელანქოლია, ანგელოზები, ვარდები და ჩრდილები, რომლებიც წარმოსახვითი სამყაროდან ამბებს ჰყვებიან.

– რა გრძნობებს იწვევს თქვენში ეს ნამუშევრები?

ჩემს გამოფენებზე ყველაზე მეტად ანგელოზების სერია მიყვარს. კოლაჟებსაც ვიყენებ… ჩემს ნამუშევრებს საზღვრებში არ ვასვამ, არც ჩარჩოში, რადგან მინდა, ბოლოს ვიპოვო ის ერთიანი, ყველაზე მომგებიანი ხაზი, რომელიც ჩემს სტილს ბოლომდე განსაზღვრავს. თუ ადამიანი მოვა, ჩემი ნამუშევარი მას დაამშვიდებს, იმედს, შინაგან სიმშვიდეს გაუჩენს ან იტყვის “ეს რომ მქონდეს, რა მაგარი იქნება”, მართლაც, რა მაგარი იქნება, არა?!

შინაგანი განწყობა და ატმოსფეროს შექმნა

მჯერა, რომ მომავალში ბევრ ადამიანს გავუხალისებ ცხოვრებას. ხშირად, როცა ზიხარ, ჭამ, მეგობარს ელაპარაკები, უცებ თვალს მოავლებ და კედელზე  ნახატს ხედავ – მასთან ხომ ემოცია გიჩნდება? შეიძლება დიდხანსაც შეხედო, იმედი მოგცეს, სხვა სივრცეში გაგიყვანოს. ესაა ის სიღრმე, რასაც მხატვრობა აკეთებს. დრო თავისით მოიტანს ჩემს აკადემიურ განვითარებას. ახლა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ცოცხალი პროცესია, გაგრძელება, იმედი, ადამიანებთან კავშირი. გამოფენაც ეს არაა? ადამიანები მოდიან, ხედავენ, იქმნება ატმოსფერო, სიყვარული.

აბსტრაქტული ხედვები, ემოციური მეხსიერება, სიზმრები და სიმბოლოები –  მხატვრისთვის ეს პროცესი მხოლოდ ფორმებისა და ფერების ერთობა არასდროს ყოფილა.

ყველა ფერი დომინირებს შენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესოდ. მიყვარს მწვანე, ოქროსფერი, შავი, თეთრი, ძალიან მიყვარს ყვითელი… ყვითლის გრადაციები… ცისფერი….

– აქაც ბევრი ფერი ჩამოთვალეთ

კიი, მიყვარს – თუ უნდა ამოვირჩიო, შავი და მწვანე განსაკუთრებულია. ვოცნებობ, რომ ადამიანები – არა მხოლოდ უმეტესობა, არამედ მთელი მსოფლიო, გაბრჭყვიალებული იყოს. ეს მდგომარეობა ბადებს სიყვარულს, ადამიანურობას, მეგობრობას, სწორ ხედვას. ხშირად მეხატება ანგელოზები და სიყვარულის თემები – ის სიყვარული, რომელმაც მე, შენ და ჩვენ შეგვქმნა. ზოგჯერ ეს ძლიერი ემოციით ჩანს, ზოგჯერ უფრო მშვიდად, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე გზავნილია – ცხოვრების ასახვა.  

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედებითი გზა მომავალში?

მიზნად დავისახე, რომ ათამდე გამოფენა მოვაწყო, რათა დავინახო, რამდენად მისაღები და საინტერესო მხატვარი ვარ. დიდი ბაზარია, უამრავი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და მე თვითონაც ვაკვირდები, ვამაყობ. ძალიან გამიხარდება, თუ ერთ დღეს ჩემს ნამუშევრებს სწორედ ამ ადამიანების გვერდით დავდებ. სამომავლოდ მინდა მქონდეს არტ-კაფე – მხოლოდ ჩემი სამყაროთი: ჭურჭელი, მაგიდები, ნახატები, ყველაფერი ჩემით შექმნილი. მინდა იქ მე ვიყო მასპინძელი, ჩაით, სითბოთი და ჩემი ენერგიით. არ ვიცი როდის მოხდება, მაგრამ ვიცი, რომ ერთ დღესაც – აუცილებლად!

ასე გახდება ამ სივრცის მთავარი მასპინძელი.

… და როცა სოფო (მარიამ) ქორიძის ფერებს შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენც მის სამყაროში მოვხვდით, სადაც ყველა ფერი ავტორის ხელწერით ცოცხლდება.  

ავტორი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე

ასევე წაიკითხეთ