რაც თავი მახსოვს, ექიმობა მინდოდა. იცვლებოდა სპეციალობები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, ნამდვილად მინდოდა ვყოფილიყავი კარდიოლოგი. ბაბუაჩემი გულით დაიღუპა, ინფარქტით. ამიტომ, მინდოდა მემკურნალა ისე, რომ ყველა ბებია-ბაბუას დიდხანს ეცოცხლა. ეს ჩამოყალიბდა დიდ ოცნებად, რომელშიც, მორალურადაც და ფინანსურადაც, მთელი ახალგაზრდობის წლები ჩავდე.
ოცნება იმდენად დიდი გახდა, რომ მიზნად იქცა. კარდიოლოგ ნანა ბაკაშვილს მიზნისკენ სვლა არასდროს შეუწყვეტია. პროფესიულმა გზებმა თურქეთსა და ესპანეთშიც მიიყვანა, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ მთავარი ადგილი საკუთარ ქვეყანაში უნდა ეპოვა. არაერთი სირთულის, უძილო ღამისა თუ ბიუროკრატიული პრობლემების მიუხედავად, არ ივიწყებდა ფრაზას…
– დაიღალე? არა უშავს, შენს მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიო – ამით ვიმხნევებდი ყოველთვის თავს.
პირველი პაციენტი და თეთრი ხალათი ექიმის სტატუსით – გახსოვთ ეს შეგრძნება?
უკვე ლიცენზირებული, დამოუკიდებელი … როგორ არ მახსოვს. პულსი იმხელა მქონდა… გეხება-არ გეხება ყველაფერს კითხულობ, ყველაფერში ეჭვი გეპარება. შემდეგ, გამოცდილება რომ გროვდება, ხვდები, რომ რუტინულად მიდის, ისევ ისე ყურადღებით, მაგრამ გიქრება ნერვიულობა და დაძაბულობა. პასუხისმგებლობის განცდა, რასაკვირველია, არსად მიდის. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ მიყვარს. მიყვარს როგორ ვითარდება ეს სფერო, პროცესები… მიყვარს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა, შემდეგ – გამარჯვება.
და მადლიერი პაციენტები…
ყველაფერს წონის ხოლმე ერთი მადლობა, პაციენტის კმაყოფილება. „მადლობა, რომ თქვენ გამომახილეთ თვალებში“ და მერე, რაღაცნაირად ხარ, თითქოს ჯეკპოტი მოიგე. მუდმივი სურვილი გაქვს, რომ განვითარდე. მთავარია ის, რომ პაციენტს არ დააკლო არაფერი.
აჯიბადემის კლინიკამ ნანა ბაკაშვილის პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობა. ფიქრობს, რომ ყველა მათგანი საკუთარ ქვეყანას ჰგავს. და ასე, მიზნისკენ მიმავალ გზაზე, პაციენტებისთვის გაჩნდა სრულიად ახალი შესაძლებლობის შეთავაზების იდეა. ის არის ევროპაში, ამერიკაში და რატომაც არა – საქართველოში?


როგორ გაჩნდა „ჯი ელ ესი“?
მარტივი პარამეტრია, რამდენად კარგად მუშაობს გულის კუნთი – ამის შესაფასებლად. „ჯი ელ ესი“ 2000 წლების დასაწყისში სხვა პროგრამით შეიქმნა. დაიტესტა ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ონკოპაციენტებისთვის, ქიმიოთერაპიული მკურნალობის ფონზე. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს გამოვლინდა კარდიოტოქსიკურობა. გულზე მოქმედებს ყველაფერი, ამიტომაც გაჩნდა ამის საჭიროება. ჩაეშვა გაიდლაინებში, რომ წინასწარ განვსაზღვროთ დაიწყება თუ არა რაიმე პროცესი და დასაწყის სტადიაზე მივეშველოთ გულს.
ეს, ჩვეულებრივ ექოსკოპიურ გამოკვლევაში ჩაშენებული ახალი პროგრამაა, რომლის მთავარი მიზანი რისკების თავიდან აცილება და ონკოპაციენტების მკურნალობისას სწორედ გულის უკმარისობის პრევენციაა.
რასაკვირველია, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს პროგრამა მხოლოდ ონკოლოგიურ ან კარდიოლოგიურ პაციენტებს ეხმარება. ეს იქმნება იმიტომ, რომ გავამარტივოთ პაციენტთან მიდგომა, დიაგნოზის სწორად ვერიფიცირება. არ არის საჭირო დამატებითი გადასახადი. პაციენტი იხდის სტანდარტულ, ულტრაბგერითი მომსახურების თანხას.

ახალი პროგრამა, „ჯი-ელ-ესი“ მან იაპონიაში შეიძინა და საქართველოში 2024 წლიდან სარგებლობს კარდიოონკოლოგიის მიმართულებით. ეს მხოლოდ აქ, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ხდება.
ესპანეთში წასვლამდე, აქ მოვიძიე რა ხდებოდა ამ მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად არავინ აკეთებდა. მოგეხსენებათ, რაღაცას რომ იწყებ, მერე ხშირად ამბობენ ხოლმე – „ამას მეც ვაკეთებდი“. შეიძლება ერთი, ორი ან რამდენიმე აკეთებდა დიაგნოზის დასმის დროს, მაგრამ რუტინულად ამის გამოკვლევა არ გვქონია. მე ონკოლოგებთანაც მქონდა ამაზე საუბარი. ამიტომ გადავწყვიტე, რატომაც არა, ამერიკასა და ევროპაშია, ხომ გვინდა მოწინავე ვიყოთ ჩვენც? დღეს ეს გამოკვლევა ჩაფიძის გულის ცენტრში ხდება, მაგრამ თუ დაიწყებს ბევრი სხვა კლინიკაც, ეს მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლის ყველაფერს.


ჩაფიძის გულის ცენტრი თაობებისთვის ცნობილი ადგილია. ნანა ბაკაშვილისთვისაც მნიშვნელოვანი სივრცე – ახალი შესაძლებლობებით.
ცხოვრების ყველა ეტაპზე არიან ადამიანები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ შენს წინსვლაში და გიწვდიან დახმარების ხელს. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია და მათი წილი უზარმაზარია ჩემს საქმეში. მათ გარდა, სტამბულში, ისმეთ დინდარი-მიქელაძე, წარმოშობით ქართველი, ბიძაჩემია-მეთქი ვამბობ. უანგაროდ დამიდგა გვერდით… როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი საქართველოში, ვინც ხელი შემიწყო, პროექტები განიხილა, დიდი მადლობა… ვიღაცამ უნდა დაგინახოს, წარმოგიდგინოს. ასეთი იყო ეს კლინიკა ჩემთვის. ეს იყო ავთანდილ ჯორბენაძე, მას ჰქონდა ინოვაციური მიდგომა, უყვარდა ახალგაზრდები. უნდა გიყვარდეს ახალგაზრდების მოსმენა, ახლა მის მიმართულებას აგრძელებენ ავთანდილ ჯორბენაძის ვაჟები, ბატონი რეზო და ბატონი ბუტა, დიდი მადლობა მათ. რამდენი დამწყებია, რომელსაც არ აძლევენ საშუალებას. აქ მე გარემო შემექმნა – დავიწყე პირველი ნაბიჯებიდან და ვაგრძელებ.
მოგზაურობა, ფილმების ყურება, წიგნების კითხვა – ძალიან ბევრი წლის შემდეგ აუცილებლად მინდა. იმედია, მექნება მეტი თავისუფალი დრო ჩემი სხვა ინტერესებისთვისაც.
მაგრამ იცის, რომ ჯერ საკუთარ პროფესიას და პაციენტებს სჭირდება.
– გისურვებთ ძალიან ბევრ მადლიერ პაციენტს!
ასე დავასრულეთ საუბარი.
გამოსვლის დროს ვფიქრობდი – ალბათ, რამდენმა მათგანმა დატოვა ეს კარი ბედნიერმა, ახალი სიცოცხლით, ენერგიით და ოცნებით, რომლის შემოქმედიც კარდიოლოგი ნანა ბაკაშვილი გახდა.
ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი