ირმა სოხაძე 70!

შენ არავის, სულ არავის გავხარ…

პირველად როდის ვნახე არ მახსოვს, ტელევიზია იქნებოდა, რეპორტაჟი ან გადაცემა. თქვენი არ იყოს, რაც თავი მახსოვს, ირმა სოხაძე თითქოს სულ ჩემ გვერდითაა, მეტწილად, ეკრანიდან, მაგრამ აქვე, ახლოს. პოპულარობის პიკზე მყოფიც კი, ასე მგონია, შორეული და მიუწვდომელი ვარსკვლავი არ იქნებოდა. არა იმიტომ, რომ ამის მონაცემი თუ მოცემულობა არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მას ასე არ უნდა და არ შეუძლია.

მე ის ამიტომ მიყვარს ძლიერ!

ამ ყდის ისტორია ყველამ იცით. თუ არ იცით, ეგებ ჩემი ახალი გადაცემა ნახოთ, იუთუბზე წამოვიწყე, შეხვედრები ჰქვია. ამბავსაც გაიგებთ და ჩემს გადაცემასაც შეაფასებთ. ნამდვილი ფეიერვერკი მოაწყო ირმამ. ერთი ამოსუნთქვით ისმინება და იყურება მისი ინტერვიუ. ჩემს და მაყურებლის წინ ზის 70 წლის ფანტასტიკური ქალი. მართლა არ გამოიყურება ამ ასაკზე, 55-კი, 70-ზე არა! არ ვაჭარბებ. კიდევ უფრო დამშვენდა, კიდევ უფრო გალამაზდა, ეს ენერგიაც გაასმაგდა, ახალი სხივი გაჩნდა თვალებში, გაბრწყინდა, გამოანათა.

– ნეტავ, მეც ასე გამოვიყურებოდე 70 წლის ასაკში – წერენ და წერენ კომენტარებს ირმას ინტერვიუს მკითხველები. ამ ამბავს ისიც ემატება, რომ ჩვენი ვარსკვლავი

100%-ით ბუნებრივია, ქირურგიული ჩარევებისა და სილამაზის ნემსების გარეშე. ნუთუ ეს შესაძლებელია? დიახ. ამ სილამაზეს ცოტა გენეტიკა, ცოტა ცხოვრების ჯანსაღი და გააზრებული წესი და მეტწილად, შინაგანი სიკეთე განაპირობებს. უსაზღვროდ კეთილი ადამიანია. ამავდროულად, პრინციპული, მტკიცე ხასიათის მქონე და ცოტა ჯიუტიც. არა და არ ქნა, არ გადაიხადა 70 წლის იუბილე. „ახლა არაა ამის დრო, მე ასე მგონია“- მითხრა ირმამ და დაბადების დღეზე მის საყვარელ მეუღლესთან, ბატონ რეზოსთან ერთად, ქალაქგარეთ გაიპარა. არადა, გეგმავდა. გეგმავდა ფაეტონებით, კონცერტით, ბევრი სტუმრითა და მხიარულებით.

იქნება? იქნება, აბა რა. მე, ზოგადად, იუბილეს, აი, 1 ან 2 წელი რომ დაემატება, მისი აღნიშვნა უფრო მიყვარს ხოლმე და შეიძლება ირმას შემთხვევაშიც ასე მოხდეს.

ეს ყდა და მთელი ფოტოსესია ჩემგან სიყვარულის ახსნა და პატივისცემის გამოხატვაა ჩვენი საყვარელი მომღერლის მიმართ. დრო სულ რთული და სხვადასხვაგვარია ჩვენთან. ყველა ის ყდა და ფოტოსესია მეამაყება, სწორედ რთულ დროს რომ გადამიღია ამა თუ იმ კარგი ადამიანისთვის. მერე წლები გადის, ის სირთულეები არც გახსოვს, ფოტო და ამბავი კი რჩება. მე და ირმას კი, ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობის მიუხედავად, „სითის“ ფოტოისტორია არ გვქონია. უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვარ, ეს ფურცელიც რომ დაიწერა „სითის“ ისტორიაში.

„შეხვედრებში“, ირმა სოხაძესთან დიდი ვიდეოინტერვიუს მერე, „სითისთვის“ აი, ეს პატარა ბლიც-ინტერვიუს ფორმატი შევარჩიე;

რომ არა მომღერალი, ვიქნებოდი ….

…ვიქნებოდი ექიმი ან მხატვარი;

რომ არა საქართველო, ვიცხოვრებდი ….

ალბათ, იტალიაში, მაგრამ აქ მირჩევნია;

რომ შემეძლოს ჩემი მუსიკალური ცხოვრებიდან ერთი დღის თავიდან დაბრუნება….

დავაბრუნებდი ჩემი ვარსკვლავის გახსნის კონცერტს ან პარიზის “ოლიმპიას” სცენაზე გამოსვლას, 10 წლის ასაკში.

რომ ავარჩიო ჩემი ცხოვრების მთავარი მუსიკა/ კომპოზიცია/ ეს იქნებოდა ….

მთავარი სიმღერა ბავშვობაში იყო “ნარინჯისფერი სიმღერა”. მერე იყო რამდენიმე: “ო, ენავ ჩემო”, “ჯერ ქალებს გვესროლეთ”, “ვიყავით ერთად”, “შენ არავის გავხარ”, “დრო როგორ გავიდა”…

ჩემს ცხოვრებას ფერი რომ დავარქვა, ის იქნებოდა…

ბავშვობიდან “ნარინჯისფერი გოგონა” მერქვა. მიყვარს ეგ ფერი თუმცა, თეთრი, შავი და მწვანე მირჩევნია;

წიგნი, რომელსაც თავიდან წავიკითხავდი

მაქვს რამდენიმე საყვარელი წიგნი, რომლებსაც პერიოდულად თავიდან ვკითხულობ… (“ოსტატი და მარგარიტა”, “ მარტოობის 100 წელი”, “ძმები კარამაზოვები”, “სამოსელი პირველი”…);

ფილმი, რომელსაც თავიდან ვნახავდი

არასდროს მწყინდება “რომაული არდადეგების” ყურება;

მომღერალი, რომელთანაც დუეტში ვიმღერებდი

ჩემი აუხდენელი ოცნება იყო ელა ფიცჯერალდის გაცნობა. მასთან სიმღერაზე ხომ მთელი ბავშვობა თავხედურად ვოცნებობდი…

ტელევიზია თუ დიდი სცენა?

გადაუჭრელი დილემაა! ორივე პროფესია და მდგომარეობა საოცრად მიყვარს;

ახალი საინტერესო გასტროლები თუ არდადეგები ევროპაში შვილიშვილებთან ერთად?

დღეს, უკვე, შვილიშვილებთან მოგზაურობას ალბათ, არაფერი მირჩევნია;

გაჩუმება, პაუზა თუ სიმართლის თქმა?

სიმართლის თქმა, ცალსახად! გაჩუმება არასდროს შემეძლო. ასაკმა ამ მხრივაც კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მომცა;

პატიება თუ დაშორება?

გააჩნია რა უნდა ვაპატიო და რაც მთავარია, გააჩნია ვის უნდა ვაპატიო!

ლამაზი სასცენო კაბა თუ სამკაული?

ორივე საჭიროა;

ყველაზე მეტად მენატრება…

მიუხედავად ჩემი მართლა ზღაპრული ბავშვობისა, ბავშვობა არ მენატრება. ზრდასრულ ცხოვრებაში ბევრად მეტი სანუკვარი მომენტი იყო;

გული მწყდება…

გული მწყდება, რომ რაღაცები კიდევ მაქვს მოსასწრები და ჩემი ძვირფასი მსმენელისთვის წარსადგენი. მინდა ყველაფერი მოვასწრო, ვიდრე ეს შემიძლია, არადა, დრო როგორ მიდის…

უზომოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ

ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ქართველი, ვცხოვრობ ყველაზე ლამაზ ქვეყანაში, იმით, როგორი ცხოვრების გზაც გავიარე, რაც მაქვს და ვინც მყავს;

პატარა ირმა სოხაძეს ამ გადმოსახედიდან ვურჩევდი, ან ვეტყოდი

ნურაფრის ნუ გეშინია, ზღაპრის ბოლო კეთილია; კარგი გოგო ხარ, წარმატება თავში რომ არ აგივარდა. გმადლობ, მიყვარხარ;

პროექტის ავტორი: ეკა ხოფერია 

ფოტო: ნატატო ასანიძე

თმა, მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე 

სამოსი:  Patrizia Pepe

გადაღების ადგილი: MoMA Tbilisi

ასევე წაიკითხეთ