თბილისი – ლონდონი

ირინა მამულაშვილი

22 ივნისს, 13:25 წუთზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგრანტო ორგანიზაციიდან  Chevening,  წერილი მივიღე. წინასწარ ვიცოდი რა სიტყვებით მინდოდა დაწყებულიყო წერილი – We are delighted to inform you… და რა სიტყვებით არ მინდოდა დაწყებულიყო –  We regret to inform you…. ვკითხულობ, We are delighted… იმ გრძნობის გადმოცემა, რაც ამ დროს დამეუფლა, შეუძლებელია. ეს იყო გამარჯვებისა და უდიდესი შრომის დაფასების შეგრძნება. მოვიპოვე 100%-იანი დაფინანსება, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ჩემი სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრულად დაფარვას გულისხმობდა. თუმცა, აქამდე მოსასვლელი გზა ძალიან რთული აღმოჩნდა.

აპლიკაციას 22 წლის  ვავსებდი. მეუბნებოდნენ, რომ პატარა ვარ და ეს დაფინანსება mid-career professional-ებისთვისაა, რომ არ მაქვს საკმარისი გამოცდილება,  ისინი ლიდერული უნარ-ჩვევების ადამიანებს ეძებენ, თანაც მსოფლიოს 70 000 აპლიკანტიდან მხოლოდ 2%-ს აფინანსებენ. მე მაინც ვცადე და გავაგზავნე აპლიკაცია. ჩემი თავის მჯეროდა და ჩემი ოცნებებისკენ სწრაფვა ძალას მაძლევდა.

ამ გრანტის საშუალებით დავიწყე სწავლა დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ფაკულტეტზე City University of London-ში. სამაგისტრო კურსი უმაღლესი შეფასებით დავასრულე. პროფესორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჩემი დისერტაციის თემა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთის  საგარეო პოლიტიკას ეხებოდა.

ჩემი ინტერესი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომმა განაპირობა. მაშინ 10 წლის ვიყავი და პირველად გავხდი რუსეთის აგრესიის თვითმხილველი. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე საერთაშორისო პოლიტიკის სფერო შემესწავლა. ჩავაბარე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად, დავიწყე პრაქტიკული გამოცდილების მიღება – გავიარე სტაჟირებები საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროებში, აშშ-ს საელჩოში, გავხდი ახალგაზრდული ევროპარლამენტის დელეგატი და მის მოდელირებაში ვიღებდი მონაწილეობას. შემდეგ გავხდი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მკვლევარი ISFED-ში, რაც დიდი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემი მიზნების მიღწევის გზაზე.

დიდმა ბრიტანეთმა, სწავლის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა ჩემს ცხოვრებაში. დავიწყე სტაჟირება ევროპარლამენტში, სადაც ვმუშაობდი სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებაზე და ვესწრებოდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვებს. ალბათ ის ირინკა, რომელიც ახალგაზრდული პარლამენტის მოდელირებაში იყო ჩართული, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე წელში ევროპარლამენტის რეალურ სხდომებს ბრიუსელსა და სტრასბურგში დაესწრებოდა, რეზოლუციების წერაში წვლილს შეიტანდა და მსოფლიო ლიდერებს შეხვდებოდა.

ჩემმა ინტერესმა კიდევ ერთ საოცრად საინტერესო გამოცდილებამდე მიმიყვანა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში დავიწყე მუშაობა. შენობა, რომელიც ლონდონის ხსენებაზე პირველი გვახსენდება, ჩემი სამუშაო სივრცე გახდა. ეს იყო ადგილი, რომელიც მხოლოდ ისტორიის წიგნებსა და ფილმებში მქონდა ნანახი. მისტიკურობით მოცული შენობა იმდენად რთულად შესაღწევ სივრცესთან ასოცირდებოდა, რომ მისი გარედან დანახვაც კი დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. ისტორიულ შენობაში ყოველ გავლაზე ვიხსენებდი, რომ აქ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა უინსტონ ჩერჩილი, მარგარეტ ტეტჩერი, სიტყვით გამოდიოდა ნელსონ მანდელა და სხვა მსოფლიო ლიდერები. ამ ადგილით აღფრთოვანებას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაზეც ვმუშაობდი პარლამენტში – გავხდი  დიდი ბრიტანეთის ისტორიული პრეცედენტების მკვლევარი. ვიკვლევდი ნაცისტური გერმანიისთვის სანქციების დაწესების საკითხებს,  მაშინდელი ლორდთა პალატის შეხვედრებს, დისკუსიებს და კანონმდებლობას, რათა ეს წარსული გამოცდილება დიდ ბრიტანეთში რუსეთის ქონების სანქცირებისთვის გამოგვეყენებინა, რაც უკრაინის აღდგენას მოხმარდებოდა. ამ პროექტის ფარგლებში ვესწრებოდი შეხვედრებს, სადაც ბორის ჯონსონი, ოლენა ზელენსკა და ქვეყნის სხვა ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას. თითქმის ერთი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ, მაგრამ ახლაც სიზმარი მგონია ეს გამოცდილება.

დავბრუნდი საქართველოში, რათა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო. აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო საზოგადოებრივ საკითხებში ISFED-ში, ვწერ სტატიებს ბრიტანულ ჟურნალ Global Weekly-ში, ასევე ვარ მსოფლიოში ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, Chatham House-ის Commons Futures Conversation-ის წევრი. სულ ახლახან დავიწყე საკონსულტაციო შეხვედრები დიდ ბრიტანეთში სწავლასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და მივცე რეკომენდაციები. საკონსულტაციოს Agora Consulting დავარქვი. აგორაზე ძველი ბერძნები იკრიბებოდნენ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ. ეს სახელიც ამიტომ შევარჩიე. არაფერი მგონია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე განათლება და განვითარებაა. ვატარებ ინდივიდუალურ შეხვედრებს დიდ ბრიტანეთში ჩაბარებასთან, Chevening Scholarship-ის მოპოვებასთან, CV-ს და სამოტივაციო წერილის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვცდილობ, ჩემი დაგროვილი ცოდნა ადამიანებს გავუზიარო, რათა მათაც შეძლონ ისწავლონ და მნიშვნელოვან ორგანიზაციებში მიიღონ გამოცდილება.

ჩემი გზა დაბრკოლებებით და მრავალი უძილო ღამით იყო სავსე. იყო შემთხვევები, როცა გარშემომყოფების მხრიდან სკეპტიციზმსა და ურწმუნოებას ვგრძნობდი. იყო მომენტები, როდესაც დატვირთვასა და სწავლის სირთულეს მეგონა რომ ვეღარ გავუძლებდი. ასეთ დღეებში არ მასვენებდა კითხვა – იყო თუ არა ეს გზა ნამდვილად ჩემთვის განკუთვნილი. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა დანებების ზღვარზე ვიყავი, თავს ვახსენებდი ურყევ მიზანს, რომელიც მამოძრავებდა, ოცნებას, რომლის მიღწევაც ასე ძალიან მინდოდა და იმ მნიშვნელოვან კონტრიბუციას, რაც ჩემი ქვეყნისთვის შემეძლო გამეღო. სხვადასხვა სამოტივაციო ხერხებს მივმართავდი – ვეცნობოდი წარმატებული ადამიანების ისტორიებს, ვკითხულობდი მათ ბიოგრაფიებს, ვუსმენდი მუსიკას, ხშირად ვიცვლიდი გარემოს – ხან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ვმუშაობდი, ხან პარკიდან, ხან კაფედან. ასევე, ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა მეპოვა ბალანსი სწავლასა და ჩემს ქმართან თუ მეგობრებთან ურთიერთობაში. ამიტომაც, ვცდილობდი მათთან დროის გატარებას. ვსეირნობდი, მუზეუმებსა თუ თეატრებში დავდიოდი. ოცნებებზე ფიქრი და ეს სასიამოვნო ელემენტები მაძლიერებდა და რთულ პერიოდებს მალახვინებდა.

მივხვდი, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა არასდროსაა იოლი. სირთულეებმა შეიძლება რეალურად გააძლიეროს ადამიანის გადაწყვეტილება. ყველას, ვინც კარიერულ გზაზე მსგავსი ეჭვების წინაშე დგას, მინდა გითხრათ, რომ არასოდეს დანებდეთ. გახსოვდეთ, რომ ამას აკეთებთ თქვენი ოცნებისთვის და რომ თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. ასე რომ, დასახეთ მიზნები, იყავით მოტივირებული, იშრომეთ ბევრი და არასოდეს დაკარგოთ თქვენი თავის რწმენა და მაშინ ყველაფერი გამოვა.

ასევე წაიკითხეთ