ჩინეთში, ჰეილუნძიანგის პროვინციის ქალაქ ჰარბინში, 9 იანვარს, ოფიციალურად გაიხსნა Harbin International Fashion Week 2026 — ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი მოდის ღონისძიება რეგიონში. გახსნის ცერემონია West City Red Square-ში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დიზაინერები, ბრენდები და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წლევანდელ Harbin Fashion Week-ზე მსოფლიოს 20 ზე მეტი ევროპისა და აზიის ქვეყნების დიზაინერების კოლექციები იყო წარმოდგენილი. საქართველოს მოდის კვირეულის პატრონაჟით, ჰარბინის პოდიუმზე კოლექციები წარადგინა ორმა ქართულმა ბრენდმა – “თინათინ მაღალაშვილი” და “ხარჩი”.

თინათინ მაღალაშვილი, ღონისძიებაში უკვე მეორედ მონაწილეობს. დიზაინერის თქმით, ჰარბინი მისთვის განსაკუთრებულად თბილ და შთამაგონებელ გარემოს ქმნის, სადაც თითოეული დეტალი გათვლილია დიზაინერების კომფორტსა და შემოქმედებით პროცესზე.


წელს, თინათინის საღამოს კაბების კოლექცია სახელწოდებით “Dreams come true” დატვირთული იყო ყვავილების თემატიკით, ხელით შექმნილი ქსოვილები და დეკორი უნიკალურს ხდის მის თითოეულ ნამუშევარს.
“5 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩავხატე ესკიზი, მას შემდეგ სულ ყველაფრისგან ყვავილებს ვჭრიდი და ვკერავდი პატარა კაბებს, ალბათ მაშინ უკვე ვიცოდი, დიდი რომ გავიზრდებოდი, დიდი გოგონებისთვის შევკერავდი დიდ ყვავილებიან კაბებს, ასეც მოხდა, როცა ძალიან გინდა, ოცნებები ხდება…” – თინათინ მაღალაშვილი.


“ხარჩი”-ს დებიუტმა ჰარბინში ფართო პროფესიული გამოხმაურება გამოიწვია, წარმოდგენილმა კოლექციამ „Unspeakable“ კი, დამსწრე საზოგადოებას ძლიერი კონცეპტუალური და ემოციური გამოცდილება შესთავაზა.
კოლექცია წარმოდგენილი იყო როგორც ერთიანი, დრამატურგიულად გააზრებული ნარატივი, რომელმაც პოდიუმი თეატრალურ სივრცედ გარდაქმნა. „Unspeakable“ ეძღვნება იმ შინაგან მდგომარეობებსა და განცდებს, რომლებიც სიტყვიერ ფორმას არ ექვემდებარება და ტანსაცმლის ენით გადმოიცემა. KHARCHI-სთვის მოდა არ არის დეკორატიული ელემენტი, არამედ იდეის, ემოციისა და ფილოსოფიის გადმოცემის საშუალება.


Harbin Fashion Week 2026 ჩატარდა თემით — „ყინული და თოვლი მოდაში, სტილი ებმის მსოფლიოს“ აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოდის კვირეულის პატრონაჟით, ყოველი წლის იანვარში, საქართველოს სახელით დიზაინერები წარადგენენ საკუთარ კოლექციებს. ეს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული ბრენდების განვითარებასა და საერთაშორისო პლატფორმებზე ცნობადობისა და ავტორიტეტის გაზრდას.




