გიორგი დუნდუას ვიზუალური პოეზია

გიორგი დუნდუას სამყაროს ფილოსოფია თავისი ფასეულობებით, კანონზომიერების აღქმით, აზროვნების სხვაგვარი სისტემით, სრულიად განსხვავებულია. მხატვარს თაბუკაშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახელოსნოში ვესტუმრეთ. აქ, საკომუნიკაციოდ, ერთი მთავარი ენა არსებობს – ფერების ენა. ნახატებით სავსე, მყუდრო და მისტიკური სახელოსნოს დიდი ფანჯრებიდან, მთელი თბილისის ხედი ჩანს. იქაური გარემო მთლიანად გწყვეტს რეალობას და ხელოვნებასთან ახლო კავშირის დამყარებაში გეხმარება. ნახატები ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ ფორმითა და ფერით, არამედ ხასიათით, განწყობითა და ემოციით. თითოეულ ნახატს თავის სახელი, სული, ისტორია აქვს. ნამუშევრები გესაუბრებიან. ისინი ცოცხალი პერსონაჟები არიან და თავისი შემქმნელის ცხოვრების განცდებსა და თავგადასავლებზე ჰყვებიან. ალბათ ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანები ვიმეორებთ რაღაც ღვთაებრივს ჩვენში. ყურადღებას არამხოლოდ საინტერესო ნახატები, არამედ მათი სათაურებიც იქცევს. დგახარ თითოეული ნამუშევრის წინ და ცდილობ ნახატისა და ტექსტის ურთიერთკავშირის აღქმას.


გიორგი დუნდუას ნამუშევრები, ძირითადად, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმია. მხატვარმა ცხოვრებისა და კარიერის ძირითადი წლები გერმანიაში გაატარა. რამდენიმე წელია ცხოვრება ისევ თბილისს დაუკავშირა და უახლოეს მომავალში მისი პერსონალური გამოფენა, ამჯერად უკვე, ქართულ საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა.


მოდით, ყველაფერი უკან გადავახვიოთ და საწყისს დავუბრუნდეთ.. როდის გაჩნდა მხატვრობა თქვენს გონებაში ?

ყველაზე მძაფრად ხატვის დაწყების შთაბეჭდილება მახსოვს 5 წლის ასაკში, როდესაც შინ, მისაღებ ოთახში კედელზე ფანქრით ორი დიდი, მთასავით კონტური მოვხაზე. ეს ხაზები შემდეგ გაურკვეველ ცხოველად გადაიქცა. ისე მომეწონა დიდ სივრცეზე ხატვის პროცესი, რომ მთელი კედლები ამ უცნაური ცხოველებით მოვხატე, რომელიც ყველაზე მეტად აქლემს ჩამოჰგავდა. გამიმართლა, რომ ოჯახში არავინ დამიშალა ამის კეთება და შეიძლება ითქვას, ეს იყო ჩემი პირველი თავისუფალი და დამოუკიდებელი ნაბიჯები ხელოვნების გზაზე. 5 წლის ასაკში მოპოვებული თავისუფლება დღემდე მომყვება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
ჩემი შემოქმედება ამ სახით არ იარსებებდა, რომ არა ჩემი მეუღლე და შვილები. სწორედ ისინი მაძლევენ სიმშვიდეს, მოტივაციას და ენერგიას ვიყო შემოქმედი. სხვისთვისაც გავაცოცხლო ის ფერები, რომელსაც მე ვხედავ. კიდევ უფრო ფერადი გავხადო ეს სამყარო და ჩემი ცხოვრების ისტორია გადმოვცე, რომელიც დიდი ემოციითა და სიყვარულით არის გაჯერებული. ვთვლი, რომ ხელოვანი ადამიანისთვის ოჯახის მხარდაჭერა თავისუფლად სუნთქვის ტოლფასია და ეს ყველაზე ძვირფასი რამ არის იმ რთულ და ახირებულ, უკომპრომისო გზაზე დგომისას, რასაც მხატვრის ცხოვრება ჰქვია. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, მშობლების და მეგობრების, რომლებიც სიყვარულით მიდგანან გვერდში.
თბილისი, ჰამბურგი, ბერლინი და ისევ თბილისი…

22 წლის ასაკში საცხოვრებლად ჰამბურგში გადავედი. ეს იყო სულ სხვა, გამოწვევებით და სირთულით სავსე ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამ ქალაქმა გამზარდა და ძალიან დიდი გამოცდილება მომცა.

სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, ფოტოგრაფიით დავინტერესდი ვმუშაობდი ქართულ ჟურნალ- გაზეთებში. შემდეგ, როდესაც ჰამბურგში გადავედი საცხოვრებლად, იქაც გავაგრძელე ფოტოგრაფია. ჩემი ერთ-ერთი ფოტონამუშევარი გამოიფინა ჰამბურგის საგამოფენო სივრცეში და შეიძლება ითქვას, იმ დღიდან დაიწყო გერმანულ სახელოვნებო საზოგადოებაში ჩემი ინტეგრაციაც. რაღაც ეტაპზე, ფოტოგრაფიამ ძალიან ბუნებრივად დაასრულა თავისი გზა. ახლა, დროგამოშვებით, მაინც ვიღებ ფოტოებს და ვცდილობ გადაღებულ კადრებს ამბები დავუკავშირო. მხატვრობაშიც მეხმარება ამ ამბებთან კავშირი.
ფოტოგრაფიის შემდეგ ისევ აქტიურ მხატვრობას დავუბრუნდი. ნელ-ნელა დაიწყო ჩემი ნამუშევრების გამოფენები როგორც ჰამბურგის, ბერლინის საგამოფენო სივრცეებში, ასევე, მთელ გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

და მაინც, რომელია თქვენი მთავარი ქალაქი ?

ვფიქრობ, რომ ყველა ქალაქს თავისი მისტიკური უხილავი ველი გააჩნია. იქ დაბადების, მოხვედრის თუ ცხოვრების შემთხვევაში, ეს გარკვეული ადგილი შენთვის დადებითი, გამოსაცდელი, განმავითარებელი თუ წარმატების ენერგიით გავსებს.
ყველაფერს გარკვეული საფუძველი სჭირდება. ყველა პროცესი, მოგონება, აღქმა, ემოცია ყველგან დაგყვება, გზრდის და სულიერი ევოლუციის პროცესში გეხმარება.
თბილისი არის ქალაქი, სადაც დავიბადე, მშობლიური და ინტიმური, სიყვარულით, განცდებით, თავგადასავლებით, სითბოთი და სევდით სავსე. ქალაქი, სადაც ყოველთვის უნდა დაბრუნდე და შეიძლება ითქვას, ქალაქი, რომლის გარეშეც ვერ ვიცხოვრე.
ჰამბურგი კი ჩემთვის სხვა ამბების, განვითარების, ახალი ცხოვრების დასაწყისის, მძაფრი ემოციური შეგრძნებების ქალაქია. მადლობა მას ყველა გაკვეთილისთვის.
ბერლინი – ეს არის დიდი ინსპირაცია, გამოწვევა და შთაგონება. სადაც დიდ წილად მივხვდი როგორი მიმართულების უნდა ყოფილიყო ჩემი მხატვრობა. დადიხარ ამ უზარმაზარ ქალაქში ჩრდილოეთის ნაცრისფერი ცის ქვეშ და გაქვს უკიდეგანო სურვილი ყველაფერი მძაფრ, ხასხასა ფერებში გადმოსცე.


ნახატით და სათაურით მოყოლილი ამბები.

ყოველთვის , როდესაც ნამუშევარზე მუშაობას ვასრულებ, შემდეგ ვჯდები მის წინ და ვუყურებ. უხმოდ ვესაუბრები და ამგვარად მოდის სახელები. ყველა ჩემს ნახატს თავისი დასათაურება აქვს. სახელებს ჩემი ნახატები თავად მკარნახობენ. ისინი მიყვებიან ჩემივე ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვან ფრაგმენტს, რომელსაც თვითონ აცოცხლებენ, ოღონდ სხვა ფორმით, სხვა ფერით, გაგიკვირდებათ და, სხვა სურნელითაც. ჩემს ყველა ნახატს განსაკუთრებული სახელი აქვს, რომელიც ნამუშევართან მისტიკურ კავშირშია. ხდება ისეც, რომ ვუყურებ ნახატს და თავში სხვადასხვა პოეტის სტრიქონი ჩნდება. პოეზია სხვაგვარად აცოცხლებს ნახატს, განსაკუთრებულ დრამატურგიას სძენს. ამიტომ ხშირად, ჩემი ნამუშევრების სათაურთან ერთად, სხვადასხვა პოეტის სტრიქონებსაც შეხვდებით, ეს იქნება შექსპირი, ბოდლერი, ჭილაძე, ლორკა და სხვა…

ნახატი, როგორც ძალა და ენერგია…


ჩემი, როგორც ხელოვანის მთავარი მიზანი და მისიაა ყველა ნახატი, შეძლებისდაგვარად, პოზიტიური იყოს. შესაძლებელია ნახატი იყოს მელანქოლიური ან სევდიანი, მაგრამ მაინც უნდა ატარებდეს პოზიტიურ ენერგიას. ჩემმა ნახატმა არ მინდა ადამიანი დათრგუნოს და მსურს ისინი ამ პოზიტიური, ნახატისეული ენერგიით დამუხტოს. შემდეგ, ჩემამდე მოდის. მე ვგრძნობ თუ როგორ აკუმულირება ეს განცდები და ეს არის სწორედ მთავარი უკუკავშირი, რომელიც პროცესის გაგრძელების სურვილს ამძაფრებს და ჩემთვის ინსპირაციის წყაროა. ამიტომ, ადამიანი როდესაც ნამუშევარს უყურებს, სასურველია გათიშოს შეფასება. უნდა მიიღოს, აღიქვას, შეისუნთქოს და იგრძნოს, გადმოიღვაროს მასზე ამ ფერთა მისტიკური ენერგია.


ბერლინის დათვი

2003 წლიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები ბერლინის მთავარი სიმბოლოს – დათვის მოსახატად ერთიანდებიან. ყველა მხატვარი დათვზე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს. ამ პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის კომუნიკაციის და ტოლერანტობის წარმოჩენა და გაღრმავებაა. ამ კონცეპტის (“United Buddy Bears – The Minis”) ფარგლებში შექმნილი, სულ 117 დათვი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი საქართველოს წარმოაჩენს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო საქართველოს სახელით ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება. დათვი მოვხატე საქართველოს ბუნების და ისტორიის შთაგონებით. სურვილი მქონდა ჩემი ქვეყნის ფერადი და მრავალმხრივი ხასიათი შემექმნა. ასევე, ამ ძნელბედობის ჟამს, მინდოდა უკრაინელი ხალხის მიმართ ჩემი თანაგრძნობაც გამომეხატა ფერების გარკვეული სინთეზით.


საქართველო არის მისტიკური ადგილი ამ ჯადოსნურ სამყაროში და თუ აქ მოხვდები, აუცილებლად გაგყვება მისი მძაფრი სიფერადის კვალი. ბერლინის დათვები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას იფინებიან და ერთიანი ხელოვნების ნიმუშის სახით, მშვიდობიანი თანაცხოვრების პოპულარიზაციას ახდენენ.

გულწრფელობა ხელოვნებაში…


მხატვრობა, ეს მუდმივი ფიქრისა და აღმოჩენების პროცესია. შენ ხარ გამზიარებელი რაღაცა მეტის, ვიდრე იცი. გარკვეულწილად, მედიუმი ხარ, ადამიანებამდე სხვა სამყაროდან ფერების გადმომტანი, ვიზუალური პოეზიით ამბების მომყოლი. ამიტომ, გულწრფელობის გარეშე ეს საქმე არ გამოვა. აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდინარეობაც, ალბათ, ამიტომ ავირჩიე. აბსტრაქტული ნახატი უფრო მედიტაციური და მრავალმხრივია, უფრო მეტ ინფორმაციას გაძლევს, ვიდრე რეალისტური ნახატი. საზოგადოებასთან კომუნიკაციაც ამ ფორმით ყველაზე კარგად გამომდის. ხელოვნება არის გულწრფელობა და შენ თუ ამ გულწრფელობას კარგავ, კარგავ ხელოვნებასაც. შესაბამისად, ხელოვნებაში კომპრომისებზე წასვლა ყველაზე რთულია. როდესაც სახელოსნოში შემოვდივარ, კარს გადავკეტავ და აბსოლუტურად მარტო ვრჩები. ვიცი,რომ ყველაფერს უნდა მოვერიო და ეს არ არის მარტივი პროცესი. თვითგამოხატვის ფორმა საზოგადოებასთან პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. შესაბამისად, მხატვრობა ერთგვარი საჩუქარიცაა და ამავე დროს, სასჯელიც.

დონდუა გიორგი

თავისუფლებისა და სულიერი კომფორტის გარეშე ამ ფიქრების გადმოცემა შეუძლებელია. შესაბამისად, ჯერ კიდევ ბავშვობაში მოპოვებულმა თავისუფლებამ მთელ ჩემს შემოქმედებასთან გულწრფელი კავშირი განაპირობა.

ავტორი: ნათია გაბუნია

ფოტო: Raymond Red Rodgers

ასევე წაიკითხეთ