Ferrari-ს ერა საქართველოში

ისტორია, ემოცია, ცხოვრების სტილი...

არსებობს ბრენდები, რომელთა გამოჩენაც ქალაქის ცხოვრების რიტმსა და განწყობას ცვლის. Ferrari სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. თბილისში მისი შოურუმის გახსნა მხოლოდ ავტომობილების მოყვარულებისთვის არ არის მნიშვნელოვანი მოვლენა – ეს არის დასტური იმისა, რომ ქალაქი სულ უფრო მკაფიოდ ჩნდება გლობალურ რუკაზე.  

ეს ამბავი იმაზეა, თუ როგორ გადაიკვეთა იტალიური ინჟინერია და დიზაინი საქართველოსთან. ჩვენს სტატიაში თავმოყრილია უცხოელი წარმომადგენლების ხედვები, ბრენდის სტრატეგიული მიზნები და ის კონტექსტი, რომელშიც Ferrari თბილისს უყურებს არა როგორც ბაზარს, არამედ როგორც პერსპექტიულ პარტნიორს. უფრო ვრცლად ამ ამბავზე სითი ბატონ ალი ნაზარს, Nazar Holdingის მფლობელს და ბატონ რენო დე პაოლის, Ferrari Europe & Africa-ს ხელმძღვანელს ესაუბრა. 

Ferrari მხოლოდ ავტომობილი არ არის – ის მრავალწლიანი ისტორიისა და ღირებულებების მატარებელი ბრენდია. როგორ აღიქვამთ თქვენ პირადად და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის იმას, რომ თბილისი დღეიდან Ferrari-ს ოფიციალური რუკის ნაწილი გახდა?

ალი ნაზარი:  ჩემთვის Ferrari Georgia იყო ერთ-ერთი ოცნება და დღეს ეს ოცნება რეალობად იქცა. საქართველო ვითარდება, ბევრი ბრენდი იწყებს საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას ქვეყანაში. ისტორიულად, ჩვენ აქ ავტომობილებს ვყიდით და საქართველოში Ferrari-ს ავტომობილების რაოდენობაც გაიზარდა. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ჩვენს საზოგადოებასთან და კლიენტებთან, ეს აუცილებელია. უმნიშვნელოვანესია ამ მაღალი სტანდარტების დაცვა და კლიენტებისთვის შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ.

რენო დე პაოლი: აღსანიშნავია, რომ ეს  სივრცე  არის ახალი დიზაინის, რომელიც  პირველია არა მხოლოდ  საქართველოში, არამედ – მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ კუთვნილების შეგრძნება. დიზაინშიც ეს მკაფიოდ ჩანს. სივრცე მისაღებ ოთახს უფრო ჰგავს, ვიდრე ტრადიციულ ავტოსალონს. აქ ადამიანი თავს გრძნობს მეგობრის სახლში, სადაც შეიძლება ისტორიების გაზიარება, Ferrari-ზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე საუბარი. მიხარია, რომ ეს კონცეფცია პირველად სწორედ აქ, საქართველოში, ასე წარმატებით განხორციელდა.

საინტერესოა, რა დაინახა Ferrari-მ საქართველოში ისეთი, რამაც ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახადა?

რენო დე პაოლი: ჩვენ უკვე გვყავს კლიენტები, სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს Ferrari-ს ოჯახის ზრდას ამ ქვეყანაში. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ Ferrari-ში მომუშავე ადამიანები, პირველ რიგში, გულწრფელად არიან გატაცებული ბრენდით. ესმით ჩვენი ღირებულებები და იზიარებენ მათ, რათა შეძლონ Ferrari-ს ელჩობა, ამ გამოცდილების გაზიარება საზოგადოებასთან. დღეს ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ აქ, მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს. დარწმუნებული ვარ, ეს რეპუტაცია და ნდობა დიდ როლს ითამაშებს მომავალში.

19 დეკემბერს, თბილისში, ოფიციალურად გაიხსნა Ferrari Tbilisi, რაც საქართველოში ლეგენდარული იტალიური ბრენდისთვის ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. Ferrari-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში Nazar Holding-ია  კომპანია, რომელსაც ავტომობილების სფეროში 46-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. Nazar Holding მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა Ferrari-ს კლიენტებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით,  კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლითა და დიდი სანდოობით. ჯგუფი წარმატებით წარმოადგენს ბრენდს სხვადასხვა ბაზარზე და სრულად იზიარებს Ferrari-ს ფილოსოფიას – სრულყოფილება ყველა დეტალში.

პრემიუმ კლასის გაყიდვები და გაყიდვის შემდგომი სრული სერვისი 

როგორც ჩანს, თბილისის შოურუმი ლოკალურ ჩარჩოებს სცდება. ხედავთ თუ არა თბილისს Ferrari-ს პოტენციურ ცენტრალურ პლატფორმად მთელი რეგიონისთვის?

ალი ნაზარი: საქართველოს აქვს უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რაც ნამდვილად დიდი უპირატესობაა, განსაკუთრებით დიდი ბრენდების ავტომობილების მფლობელებისთვის. თუ შევადარებთ მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად თურქეთს ან აზერბაიჯანს, იმპორტის გადასახადებში უზარმაზარი განსხვავებაა. ეს პრივილეგია ქართველ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ სუპერ ლუქს ავტომობილები შედარებით დაბალი ხარჯებით. ამავდროულად, ეს ხელს უწყობს ამ ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.

Ferrari მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდია, რომელიც ავტოსპორტს, სპორტულ ავტომობილებსა და ცხოვრების სტილს აერთიანებს. მისი გლობალური იდენტობა Formula 1-ის ლეგენდარულ გუნდთან – Scuderia Ferrari-სთან არის დაკავშირებული.

Ferrari ბევრისთვის ცხოვრების წესს ნიშნავს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის მზად ქართული საზოგადოება და ადგილობრივი ავტომოყვარულების წრე ამ ბრენდის მიერ შემოთავაზებული უმაღლესი სტანდარტების მისაღებად?

ალი ნაზარი: დიახ, და რატომ? თუ დააკვირდებით, ქართველებში აშკარად იზრდება ცხოვრების სტანდარტები – როგორ მოგზაურობენ, როგორ ირჩევენ საუკეთესო სასტუმროებს, როგორ იყენებენ პრემიუმ მომსახურებებს. ფუფუნების კულტურა ვითარდება – დაწყებული ჩაცმულობით, დასრულებული საუკეთესო რესტორნებითა და ახალი ლუქს სასტუმროებით. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მოთხოვნაც თანდათან იცვლება.

მანამდე, სანამ Ferrari ოფიციალურად იქნებოდა წარმოდგენილი, მფლობელებს ტექნიკური მომსახურებისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა  უწევდათ. რა იცვლება მათთვის დღეს? 

რენო დე პაოლი: ჩვენ გვიყვარს კლიენტების მოწვევა იტალიაში, ჩვენს სახლში, სადაც ჩვენი ოჯახის წევრებს შეუძლიათ ნახონ როგორ იქმნება Ferrari, მიიღონ ახალი იდეები და შთაგონება მომავალი მოდელების პერსონალიზაციისთვის. ჩვენ გვინდა უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება შევთავაზოთ კლიენტებს. ფიზიკური არსებობა ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ თავიანთი Ferrari-ს მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა ბევრად უფრო მარტივად.

ალი ნაზარი: ჩვენ აქ ვართ ზუსტად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ უმაღლესი სტანდარტები. გვინდა ვიყოთ ჩვენს კლიენტებთან ახლოს. როდესაც ისინი ავტომობილს ყიდულობენ, მათ უნდა ჰქონდეთ სრული ნდობა, რომ არსებობს შესაბამისი სერვისი და 24/7 დახმარება ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში. რაც უფრო მეტად დარწმუნებული იქნებიან ისინი ამაში, მით უფრო მჭიდრო კავშირი ექნებათ ბრენდთან.

იტალიაში, მარანელოში მდებარე სათავო ოფისში, Ferrari ქმნის, აწყობს და აწარმოებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ავტომობილებს მსოფლიო ბაზრისთვის.

გაიარეს თუ არა ქართველმა სპეციალისტებმა პროფესიული გადამზადება უშუალოდ იტალიაში, Ferrari-ს შესაბამის პროგრამებში?

ალი ნაზარი: ყველა მათგანი ვალდებულია გაიაროს სპეციალური ტრენინგები. პროგრამა მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ მომზადებას იტალიაში, Ferrari-ს ქარხანაში. Ferrari ყოველწლიურად ახალ მოდელებს უშვებს და შესაბამისი გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ ავტომობილების სწორად მომსახურება. ამიტომ, ტრენინგი ჩვენთვის პრიორიტეტულია. მომავალში დავასაქმებთ უფრო მეტ ადგილობრივ სპეციალისტს, მოვამზადებთ და გადავამზადებთ მათ, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის სერვისი ამ გამორჩეული ავტომობილებისთვის.  ასეთ ავტომობილებთან მუშაობისთვის აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და უნარები, რათა მათი მომსახურება და შეკეთება სწორად განხორციელდეს.

რენო დე პაოლი: ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ჩამოყალიბება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა და იმის ჩვენება, რომ ჩვენ გვყავს გადამზადებული ტექნიკოსები. ისინი გადიან ტრენინგებს იტალიაში, Ferrari-ს აკადემიაში, იღებენ შთაგონებას უშუალო კონტაქტით ქარხანასთან. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ოჯახზე, მაგრამ ოჯახის წევრები თავადაც უნდა ეწვიონ ამ ოჯახს, რათა შემდეგ ეს კულტურა აქ გაავრცელონ.

დიდი ხელოვნება

ამ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდებათ Ferrari-ს მოდელების ფართო არჩევანი, ყველა ის მოდელი, რომელიც ამ ბრენდის სახელით იქმნება.

არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ დროთა განმავლობაში Ferrari-ს იშვიათი და ლიმიტირებული მოდელები საქართველოში გამოჩნდეს?

რენო დე პაოლი: დიდი სიურპრიზი ჩვენი დღევანდელი და მომავალი კლიენტებისთვის საქართველოში იქნება ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ მოდელების სპექტრი. შოურუმში წარმოდგენილი თითოეული მოდელი, მათ შორის სპეციალური ვერსიებიც, როგორიცაა ახალი 849 Testarossa და მომავალი Amalfi, რომელიც, იმედია, მალე ჩამოვა, განკუთვნილია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. არსებობს სპეციალური საპილოტე ვერსიებიც. მათთვის, ვისაც ზღვისპირას გასეირნება უყვარს, გვაქვს Spider ვერსიები. ასევე – ოთხკარიანი, ოთხადგილიანი მოდელები, რომლებიც ყოველდღიური გამოყენებისთვისაა მოსახერხებელი. ყველა ეს მოდელი უნიკალურია, მაგრამ მათ აერთიანებს ერთი მთავარი – ემოცია მანქანის მართვის დროს.

ალი ნაზარი: როგორც ცნობილია, Ferrari-ს ლიმიტირებული მოდელების მოლოდინის დრო დიდია და წარმოება – ძალიან შეზღუდული. ასეთ შემთხვევებში თავად Ferrari ირჩევს კლიენტებს, რომლებიც იდეალურად შეესაბამებიან ბრენდის ღირებულებებს და აფასებენ ამ ავტომობილების მნიშვნელობას. ჩვენ საქართველოში უკვე შემოვიტანეთ  რამდენიმე განსაკუთრებული და შეზღუდული სერია და დარწმუნებული ვარ, მათი მფლობელები ძალიან კმაყოფილები არიან. დროთა განმავლობაში სხვა კლიენტებიც ამ გზას დაადგებიან, გააფართოებენ თავიანთ კოლექციებს და მომავალში მათაც ექნებათ შესაძლებლობა ფლობდნენ განსაკუთრებულ Ferrari-ს.

მეტი, ვიდრე ბიზნეს-ნაბიჯი – Ferrari საქართველოში ნიშნავს, რომ… 

რენო დე პაოლი: ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის გზის საწყისი ეტაპი და მოუთმენლად ველით რა იქნება.

ალი ნაზარი: ბრენდის არსებობა საქართველოში სრულიად ცვლის ქვეყნის პოზიციონირებას Ferrari-ს გლობალურ რუკაზე და ზოგადად დიდი ბრენდების კონტექსტში. სხვა ბრენდები, ბაზარზე შემოსვლამდე, ყოველთვის აკვირდებიან, ვინ არის უკვე წარმოდგენილი ქვეყანაში. უმაღლესი კლასის საავტომობილო ბრენდის არსებობა საქართველოში სხვა ლუქს ბრენდებისთვისაც ქმნის სტიმულს ინვესტირებისათვის.

რენო დე პაოლი: ჩვენ უკვე გვაქვს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა Nazar Holding-თან, და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი Ferrari-ს გაფართოებისთვის საქართველოში. ეს არის მყარი საფუძველი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.

ალი ნაზარი: Ferrari Georgia – ეს მხოლოდ დასაწყისია.

Ferrari-ს შოურუმი თბილისში დიდი პროცესის ნაწილია, იმ ცვლილებების, რომლებიც ქალაქს ნელ-ნელა ახალ იდენტობას სძენს. ეს არ არის მხოლოდ პრემიუმ ან ექსკლუზიური ავტომობილების სივრცე, ეს არის ამბავი ხარისხზე, ნდობასა და მომავალზე. თბილისი ახალი და მნიშვნელოვანი წერტილი გახდება Ferrari-ს რუკაზე. ქალაქში მისი გამოჩენა კი გვახსენებს, რომ მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, დიდი ისტორიისა და მნიშვნელოვანი სივრცის ნაწილი ვართ.

ესაა ისტორიაც, ემოციაც და ცხოვრების სტილიც…

Ferrari Georgia – ეს მხოლოდ დასაწყისია!

ავტორი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე

ასევე წაიკითხეთ