ეკატერინე ქარჩავა

მხატვარ-გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორ-დიზაინერი, სარეკლამო დიზაინერი, მოდის დიზაინერი და საბავშვო პოეტი

სოხუმში დავიბადე. როდესაც იქაურობის დატოვება მოგვიწია, სულ რაღაც 5 წლის ვიყავი. მაინც ბევრი დეტალი და ნიუანსი მახსოვს. დროსთან ერთად ბავშვური კადრები არ უფერულდება. ვინახავ ჩემს მეხსიერებაში. ალბათ ბედისწერაა, რომ უნდა მხსომებოდა, ჩემებურად უნდა მოვფერებოდი იმ ხუთ წელს და ჩემს მონატრებულ ფიქრებს აფხაზეთზე. მახსოვს მეგობრები, ბაღის ზეიმზე გამოსვლები, ამ ზეიმისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ნასწავლი როლები და ლექსები. დღის ბოლოს, ბაღთან დედა მელოდებოდა ხოლმე, რომ სანაპიროზე გაგვესეირნა. ბაღის წლებიდან, კარგად მახსოვს აფხაზი მეგობარი გოგონა, რომელსაც ჩემი თოჯინა მოსწონდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ორივე ვყოფილიყავით ამ სათამაშო გოგოს დედიკოები. აფხაზი მეგობრები სკოლაში უკვე აღარ მყოლია, რადგან სწავლის გაგრძელება თბილისში მომიწია. ომის შემდეგ თბილისში დავსახლდით. მრავალი სირთულის მიუხედავად, მე და ჩემს უმცროს დას, ოჯახმა და მშობლებმა არნახული სიძლიერით, სიმტკიცით, შრომით და სიცოცხლის ფასად, მაინც ბედნიერი ბავშვობა მოგვცეს. სკოლის პარალელურად, დავდიოდი ნიჭიერთა სამხატვრო ათწლედში. ასევე, ვსწავლობდი თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში, მოდის დიზაინზე. ბავშვობიდან მომწონდა ლამაზი კაბების ხატვა და გემოვნებით შერჩეული სტილი. ამიტომ, გადავწყვიტე ამ მიმართულებით დავხელოვნებულიყავი. დავამთავრე თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ფაკულტეტი, კერძოდ, გრაფიკა და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. მიუხედავად უამრავი ინტერესისა, ცხოვრების მიზნად და მთავარ საქმედ მაინც მხატვრობა ავირჩიე. 

კონკრეტულად ერთ სტილში არ ვმუშაობ. ვხატავ ნამუშევრებს როგორც ფერში, ასევე გრაფიკულადაც. არასდროს არ ველოდები განწყობას. დროის კარგვა მენანება და თუ, ვთქვათ, ისეთი სასურველი არ გამოდის, მაინც არ ვეშვები და ჩანახატებს სულ ვაკეთებ. მუყაოზე, სახლის პირობებში, ნახშირით და ტუშითაც ვმუშაობ. ფერწერაში კი აკრილსა და შერეულ ტექნიკას ვიყენებ.

2018 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. წიგნის, „საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ” პრეზენტაცია. წიგნში შესულია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე რამდენიმე მხატვრის ნამუშევარი. სასიამოვნო და საამაყოა, რომ ერთ-ერთი მხატვარი მეც ვარ. მე წარვადგინე ჩემი გრაფიკული ნამუშევარი – „დრო და მანძილი” და საკუთარი ლექსი აფხაზეთზე, რომელიც აფხაზეთის მონატრებას და იმედს მივუძღვენი. მოგვიანებით, ეს ნამუშევარი გადაეცა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფონდს.

აფხაზეთის თემატიკაზეა შექმნილი ჩემი ფერწერული ტილო „შერიგება”, რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ონლაინ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. თავიდანვე ვარჩიე რთული, მრავალგამოსახულებიანი კომპოზიციის შექმნა, რომელიც შედარებით მარტივად აღსაქმელი იქნებოდა. მასში ორივე მხარე მოიაზრება – ქართველებიც და აფხაზებიც. ჩანს შვილმკვდარი დედების მსვლელობა. ზოგს ომში დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოები მოაქვს, ზოგს ხატი, ზოგსაც ჯვარი და სანთელი. კომპოზიციის ცენტრში კი, „იმედის დედები” დგანან, რომლებიც თანაბრად იყოფენ მანდარინს. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მანდარინები ყოველთვის უხვად იყო სოხუმში. ჩვენ, ყველა ერთად შევექცეოდით. გვიყვარდა და გვიხაროდა ერთმანეთთან ურთიერთობა.

ჩემი მთავარი სამომავლო გეგმა, ჩემი სამი ბიჭის ღირსეულად აღზრდაა. ყველაზე დიდი ოცნება კი, აფხაზეთში მშვიდობიანი გზით დაბრუნება.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

მაკიაჟი: მარი ბაგრამიანი

ასევე წაიკითხეთ