0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

DJ Anna Sué – მუსიკა ჩემი სარკეა, ჩემი აუდიო-ავტოპორტრეტი

„სითი გმირი“ ქართველი დიჯეი ანა ჯაფარიძეა. მუსიკალურ წრეებში მას სასცენო სახელით, Anna Sué/Le Violet იცნობენ. ანას შემოქმედება ინდივიდუალობით და მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა. მისი სეტები შთაგონებულია Techno, House, Electronica, Breakbeat და სხვა ჟანრით. მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მისი გამორჩეული ვიზუალური სტილი და შესრულების მანერა.

ანას პირველი მუსიკალური სამყარო მამის CD კოლექცია იყო. დასთან ერთად საათობით უსმენდა Pink Floyd, Michael Jackson, Luciano Pavarotti და Sting-ს. აწყობდა პატარა კონცერტებს, დგამდა ცეკვებს. შემდეგ იყო ბალეტი. აქ ისწავლა, რომ ემოციის გადმოცემას სიტყვები არ სჭირდება — საკმარისია რიტმი, ბგერა და გრძნობა.

„დიჯეინგი მაშინ დავიწყე, როცა მინდოდა, რომ ბგერებს ჩემი ენერგია ჰქონოდათ,

გადმომეცა ის ემოციები, რაც შინაგანად მაწვებოდა. ჩემთვის დიჯეინგი არის გზა, სადაც ბავშვობის მუსიკალური მოგონებები, ბალეტის სიღრმე და ცხოვრებისეული ემოციები ერთიანდება ბითებად, რომლებიც სცენიდან პირდაპირ გულამდე აღწევს.“

ვინ და რა იყო მთავარი მოტივაცია, რომ ამ გზას გაჰყოლოდი?

თავისუფლების სურვილი — ეს იყო მთავარი სტიმული. თავისუფლად გამოვხატო ემოციები. ზუსტად ისე, როგორც მინდა – ჩარჩოებისა და წესების გარეშე. დიჯეინგის პროცესი ჩემთვის მედიტაციად იქცა. როდესაც ბგერების სამყაროში იძირება გონება, გავიწყდება დრო და სივრცე. ეს არის მომენტი, როცა მხოლოდ შენ ხარ, მუსიკა და აუდიტორიის ენერგია, რომელიც ერთ რითმად სუნთქავს. საცეკვაო მოედანი ხდება სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები არიან, მაგრამ მუსიკის რიტმი ყველას ერთიან ენერგიად აქცევს. ეს შთაგონებაა — განცდა, რომ მუსიკას შეუძლია ადამიანები დააკავშიროს ყველაზე ნამდვილი, სუფთა ემოციებით.

თუ კონკრეტულ ადამიანს ვახსენებ, Peggy Gou იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. Peggy Gou ჩემთვის არ არის უბრალოდ არტისტი — ის არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება შენს ინდივიდუალურობას მიჰყვე და მსოფლიო სცენაზე აღიარება მოიპოვო, არ დაკარგო თავი და დარჩე ნამდვილი.

– კონკრეტული მომენტი ან გამოცდილება, რომელმაც შენი მუსიკალური კარიერა განსაზღვრა

Echowaves Festival — ჩემი პირველი დიდი ფესტივალი, რომელმაც დამანახა, რომ ამას ვეკუთვნი. ღამის ცა, მუსიკის სიღრმე და ხალხის ენერგია — იმ მომენტში მივხვდი, რომ ეს არა მხოლოდ კარიერა, არამედ ჩემი გზა იყო.

რა გამოწვევების წინაშე დაგაყენა არტისტობამ?

არტისტობა ჩემთვის ნიშნავს შინაგანი სამყაროს გასაჯაროებას — ემოციების, განცდების და ენერგიის გადაცემას სცენიდან. როდესაც სცენაზე დგები, შენგან ელიან ძალასა და თავდაჯერებულობას. გარშემო ადამიანები  მზად არიან შენგან მიიღონ ენერგია და ემოციები. მაგრამ ხშირად, შიგნით თავს სრულიად სენსიტიურად გრძნობ — ხანდახან დაღლილი, გამოფიტული ან სულაც, შინაგანად გატეხილი ხარ. სცენა არ გაძლევს უფლებას  ეს სისუსტე გამოაჩინო. ის მოითხოვს მთლიანად იქ ყოფნას, ენერგიის შენარჩუნებას და ძლიერი ვიბრაციის გაცემას, რაც ყველას და ყველაფერს აერთიანებს.

დიდი გამოწვევა იყო ბალანსის პოვნა — როგორ დავრჩენილიყავი ძლიერი სცენაზე, მაგრამ ამავე დროს, არ დამეკარგა ჩემი სენსიტიურობა, რაც ჩემი მუსიკის ავთენტურობას აძლევს ძალას. არტისტისთვის სენსიტიურობა არ არის სისუსტე — ეს არის სიძლიერე, რომელსაც ემოციური სიღრმის გადმოცემა შეუძლია.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ადამიანების მოსაზრებები და მოლოდინები.

საზოგადოებაში არტისტების მიმართ არსებობს სტერეოტიპები — როგორ უნდა გამოიყურებოდე, რას უნდა უკრავდე, როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრების სტილი. ხშირად მქონია მომენტები, როცა ჩემი არჩევანი სხვებისთვის გაუგებარი იყო. ზოგჯერ შენგან მხოლოდ იმას ელიან, რასაც უკვე იცნობენ და იღებენ. მაგრამ არტისტობა ჩემთვის თავისუფლებისა და საკუთარი თავის ჭეშმარიტების დაცვაა. ვისწავლე, რომ სხვების მოლოდინებით ცხოვრების მცდელობა შენი ინდივიდუალობის დაკარგვას ნიშნავს. სწორედ ამ დროს მივხვდი: თუ საკუთარ თავს არ მიჰყვები, მაშინ ვერასოდეს მიაღწევ ნამდვილ შემოქმედებით თავისუფლებას.

არტისტობამ მასწავლა საკუთარი თავის სიღრმეებთან მუშაობა, სენსიტიურობის აღიარება და მისი ძალად ქცევა.

შენი მუსიკალური სტილი

ემოციური, დინამიკური, ეკლექტური და თავისუფალი. მუსიკა, რომელიც მიგიძღვის მოგზაურობაში საკუთარი თავისკენ.

დღე, როდესაც გადაწყვიტე შეგექმნა შენი მუსიკა

ეს იყო დღე, როცა მივხვდი, რომ მხოლოდ მუსიკის დაკვრა აღარ იყო საკმარისი. მინდოდა შემექმნა ხმა, რომელიც ჩემზე ილაპარაკებდა. ხმა, რომელიც ჩემი ენერგიიდან მოდიოდა — ჩემი გამოცდილებიდან, ემოციებიდან და იმ სიღრმიდან, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ სიტყვებით ვერ ვამბობდი. ეს იყო შინაგანი მოთხოვნილება: “მუსიკა უნდა იყოს ჩემი სარკე, ჩემი აუდიო-ავტოპორტრეტი. ჩემი ენერგიის, მოგონებების და ემოციების მუსიკაში გარდაქმნა — სწორედ ეს გახდა ჩემთვის ნამდვილი შემოქმედებითი თავისუფლება.

მუსიკის შექმნის პროცესი და გამოწვევები

ვუსმენ საკუთარ თავს. ხანდახან ეს პროცესი ტკივილიანია, რადგან საკუთარ სიღრმეებს ხვდები,  მაგრამ სწორედ აქ იბადება ნამდვილი ხმა — პირადი, სუფთა და გულწრფელი. სიმართლე ისაა, რომ ჩემს მუსიკას, ძირითადად, ტკივილის ემოციები ქმნის. ის არ მოდის ყოველდღიური სიხარულისგან ან მშვიდი განწყობიდან. ჩემში მუზა ჩნდება მაშინ, როცა გული მტკივა, როცა რაღაც მთავრდება, რაღაც იცვლება და სხვა ეტაპზე გადადიხარ. ეს გარდატეხის მომენტებია, როცა ძველი ნაწყვეტებად იშლება და შენს წინ სრულიად უცნობი სივრცე იხსნება. ეს არის საფეხური ცვლილებისკენ, რადგან ტკივილი ყოველთვის რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისია. როცა არაფერი ირღვევა, არაფერი იბადება. ყოველი ტრეკი, რომელიც ჩემ მიერ არის შექმნილი, არის ჩემი პირადი ისტორია.

ყველაზე გამორჩეული გიგი

Echowaves Festival — ეს იყო გიგი, რომელმაც ჩემთვის ყველაფერს სხვანაირი მნიშვნელობა მისცა. ეს არ იყო ჩვეულებრივი გამოსვლა. ეს იყო მომენტი, როცა ყველა შინაგანი ეჭვი დადუმდა. საკუთარი თავი გეკითხება: “მართლა იქ ხარ, სადაც უნდა იყო?” “საკმარისი ხარ იმისთვის, რომ ეს ენერგია სხვასაც გაუზიარო?”იქ მივიღე პირველად პასუხი: დიახ, საკმარისი ვარ! Echowaves-ზე მივხვდი: თავისუფლება მოდის მაშინ, როცა საკუთარ თავს სრულად იღებ. სცენაზე დგომა ჩემთვის იქცა ადგილად, სადაც ემოციები თავისუფლად მიედინებოდა — არაფრის დამალვის გარეშე, ისე, როგორც არის.

მიღწევა, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობ

ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის საკუთარი თავის გაცნობა. ეს შეიძლება მარტივად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად, ეს იყო ყველაზე რთული გზა, რაც ოდესმე გამივლია.

ქედმაღლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ გარეგანი წარმატების მიღწევა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საკუთარი თავის შიგნით ჩახედვა და ნამდვილი „მე“-ს აღმოჩენა. შეგიძლია სცენაზე იდგე, ფესტივალებზე უკრავდე, ხალხი შენს მუსიკას უსმენდეს და გაღიმებული გემშვიდობებოდეს, მაგრამ  შიგნით მაინც სიცარიელე იგრძნო. სწორედ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა — ამ სიცარიელის ხმამაღლა აღიარება.

როდესაც მივხვდი, რომ მუსიკა მხოლოდ გარეგანი წარმატების მიღწევის გზა კი არა,  ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატულება იყო, ყველაფერი შეიცვალა. მომენტი, როცა სცენაზე დგები და სიმშვიდეს გრძნობ — ეს არის ნამდვილი გამარჯვება. არა იმიტომ, რომ შენი სახელი ან სეტი ვინმეს დაამახსოვრდება, არამედ იმიტომ, რომ შენ იცი — სწორი გზით მიდიხარ, საკუთარი გზით, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის.

HÖR Berlin-ის სეტი — კიდევ ერთი მიღწევა, რომელმაც ეს შინაგანი აღმოჩენა საერთაშორისო სივრცეში გადაიტანა. სცენაზე დგომა ბერლინში, პლატფორმაზე, სადაც მსოფლიოს  ყველაზე გავლენიანი არტისტები უკრავენ. ეს იყო მომენტი, როცა ჩემი მუსიკა სხვა ქალაქების, სხვა აუდიტორიების და სხვა კულტურების ენერგიას შეხვდა. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო,  იქაც გავიგე იგივე ხმა: “შენ საკმარისი ხარ.”

სამომავლო გეგმები

ჩემთვის მომავალი არის საკუთარი თავის უსასრულო აღმოჩენა, თავისუფლების განცდა და იმ ენერგიის გაზიარება, რასაც მუსიკა მაძლევს. მინდა, რომ ჩემი მუსიკა ისმოდეს სცენებზე, სადაც ენერგია და ემოცია საერთაშორისო აუდიტორიასთან ერთიანდება.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი კი,  შთაგონების წყაროდ ქცეულ არტისტებთან ერთად სცენის გაზიარებაა.

მინდა საკუთარი ლეიბლის შექმნა, რომელიც არ იქნება ჩარჩოებში მოქცეული ჟანრებით — მხოლოდ გრძნობით, ენერგიითა და თავისუფლებით შექმნილი მუსიკა. მომავალში საკუთარ თავს ვხედავ გლობალურ სცენაზე, ფესტივალებზე და საკუთარ რეტრიტ ცენტრში, სადაც მუსიკა, სულიერი განვითარება და თავისუფლება ერთიანდება. მინდა ვიყო მაგალითი იმისა, რომ შენ შეგიძლია ყველაფერი, თუ საკუთარი თავის გჯერა.

ყველა ამ გეგმის მიღმა დგას მთავარი მიზანი: მუსიკის დახმარებით ადამიანებს მივაწვდინო ხმა, რომელიც შთაგონებას, თავისუფლებას და სიყვარულს გაუღვიძებს. ვფიქრობ, ეს არის ჩემი გზა და მიზეზი, რის გამოც ვქმნი მუსიკას.

ასევე წაიკითხეთ