ჩელთი მეღვინეობა

გემრიელი ღვინის ისტორია

თქვენი ნება რომ იყოს, როგორ შემოსავდით თქვენთვის ყველაზე ძვირფას, ღირებულ, ხარისხიან და გემრიელ ღვინოს? ჰო, გემრიელს. რატომღაც ღვინის დახასიათებისას ამ სიტყვას იშვიათად ვიყენებთ. უფრო გვხვდება სიტყვები: ხარისხიანი, კარგი. . . მე თუ მკითხავთ, ღვინო გემრიელი უნდა იყოს.

ჰოდა იმას გეკითხებოდით, როგორ შემოსავდით? სადად, ალბათ. ჩემი აზრით, ქართულს, ნამდვილს, ხარისხიანს სისადავე უხდება ყველაზე მეტად. განსაკუთრებით კი ღვინოს.

ჩელთი საფერავი

ეს სისადავე მომხვდა თვალში „ ჩელთის“ ყელმოღერებული ბოთლი პირველად რომ დავინახე. მაღალ – მაღალი,  წარმოსადეგი ბოთლია,  გაკრული ხელით  აქვს მინაწერი, სადაც „ჩელთი მემკვიდრეობის“ მთავარი არსია გადმოცემული: „მეღვინეობაში წარმატების მისაღწევად თაობებია საჭირო. ამიტომ ვცდილობთ ისეთი ღვინო დავაყენოთ, რომლითაც დავტოვებთ ჩვენს მემკვიდრეობას“. ასე გელაპარაკებათ ხუთი ვარსკვლავისგან შეკრული კოლექცია სახელად „ჩელთი მემკვიდრეობა“, რომელიც მეღვინეობის საუკეთესო მოსავლის წლების რეზერვებს აერთიანებს: საფერავი 2007, საფერავი 2008, საფერავი 2015 და საფერავი ქვევრი 2016.

ანა მირიანაშვილი „ჩელთის მეღვინეობის “ ოჯახის წევრი და პოზიციით კომპანიის კომერციული დირექტორია. სასტუმრო „ მარიოტში“ ნაახალწლევს ვხვდებით ერთმანეთს.

ჩელთი მოსავალი

–   კომერციული დირექტორი ეს უბრალოდ ოფიციალური სტატუსია, ჩემი ძმა, ანდრია მირიანაშვილი,  გენერალური დირექტორია.  რეალურად  კი, როცა საქმე შენი ოჯახისა და წინაპრების მთავარ მემკკვიდრეობას – მეღვინეობას – ეხება, შენ ყველაფერს აკეთებ და ყველაფერი გეხება.

სოფელი შილდა – განთქმული ადგილია მეღვინეობის, სადაც ას წელზე მეტი მირიანაშვილების გვარი საკკუთარ ღვინოს ასხამდა. საუკუნოვანი ტრადიცია საბჭოთა დრომ შეწყვიტა დროებით, ვიდრე „ ჩელთის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა და ბანკირმა გიორგი მირიანაშვილმა წინაპრების საქმის აღდგენა გადაწყვიტა. ისტორია 2000 წელს იწყება, ჩნდება იდეა წინაპრების მეღვინეობის ტრადიციის აღდგენის შესახებ, „  ჩელთი მეღვინეობა “ 2001 წელს ფუძნდება. იდეით, რომ მემკვიდრერობას და მთელ მსოფლიოს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის, ქართული საფერავი უნდა წარუდგინონ

–   ეს 2001 წელია, მამას იდეა „ჩელთის“ სახით პრემიუმ ხარისხის საფერავი ჩამოესხა  და ის მსოფლიოში გასულიყო,  ბევრს უტოპიად მიაჩნდა. მაშინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო სიტყვათაწყობა პრემიუმ კლასის ქართული ღვინო. ბაზარიც არ იყო . იყო მხოლოდ რუსეთი. მამას ჩანაფიქრი ჰქონდა, რომ „ ჩელთი“ მსოფლიოს ბაზარზე გავიდოდა, რეალურად შექმნიდა საფერავს მემკვიდრეობისთვის დასატოვებელს და, როგორც ხედავთ, ეს გამოუვიდა. 

გიორგი მირიანაშვილი

80 ჰექატრზეა გაშლილი „ჩელთი“, აქედან 50 – ჰექტარი ვენახები, საწარმო, მიწისქვეშა საძველე. საძველე კომპანიის განსაკუთრებული სიამაყეა. ის მიწის ქვეშ 7 მეტრზეა განთავსებული და იდეალურ გარემოს ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის.  თავად  სოფელ შილდას ეს ტერიტორიაც უნიკალური მიკროზონა ყოფილა საუკეთესო ყურძნის მოსაყვანად და ღვინის დასაყენებლად . იქვეა მამაპაპისეული სახლი, სადაც ცხოვრობს კომპანიის დამფუძნებელი და როგორც ანა ყვება, მამა  თავიდან ბოლომდეა ჩართული ყველა დეტალსა და ნიუანსში.

თავდაპირველად იყო იდეა კარგი და ხარისხიანი საფერავის დაყენებისა. 6 წელი ელოდებოდნენ, რომ ვენახი იმ  კონდიციამდე მისულიყო, როცა პირველი მოსავლით შესაბამის ღვინოს დააყენებდნენ. ეს ამბავი 2007 წელს მომხდარა.  ეს პირველი საამაყო თარიღია „ ჩელთის“ ღვინის საგანძურში. იცოდეთ, თუ ყიდვისას  ბოთლის მინაწერს 2007 წელი აწერია, საუცხოო ღვინო შეგიძენიათ. წარმატება მალევე მოვიდა. გადის დრო და „ვაშინგტონ პოსტი“ „ჩელთის“  2007 წლის საფერავს   მსოფლიოში იმ 5  საუკეთესო   ღვინოს შორის ასახელებს, რომელიც უნდა დააგემოვნოთ.

როგორია? გადასარევი

დღეს „ჩელთი მეღვინეობა“ მსოფლიოს 27  ქვეყანაშია წარმოდგენილი, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო კომპანია გერმანიაში, საიდანაც  ის ევროპაში იგზავნება. „ჩელთი“ ოცი დასახელების ღვინოს უშვებს, სახელგანთქმულ საფერავს, ცხადია, თეთრი ღვინოც დაემატა, არანაკლკებ პრესტიჟული პრიზების მფლობელი.

საფერავი ჩელთი

2007 წელსვე დაბადებულა „ჩელთის მემკვიდრეობის“  იდეა. აზრი ასეთი იყო : საუკეთესო მოსავლის წლების რეზერვები გადანახულიყო და შემდეგ ერთიან კოლექციად გამოსულიყო. შარშან 2023 წელს  კომპანიამ „ჩელთი მემკკვიდრეობა“ წარადგინა – მემკვიდრეობა საუეთესო მოსავლების, ტრადიციის, ისტორიის. უკლებლივ ყველა ნამდვილი ვარსკვლავია, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. შარშან კი „ ჩელთი მეღვინეობამ“ საკკუთარი რეკორდი მოხსნა: საქართველოში ჩატარებულ ძლიერ პრესტიჟულ გამოფენაზე, სადაც საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, 19 მედალი აუღია, მათ შორის,  2016 წლის საფერავი საუკეთესო ქვევრის წითელ ღვინოდ დასახელებულა.

რამდენი აღიარება, პრიზი ყოფილა ამ წლების მანძილზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ ეს  ჩვენთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. შენს ქვეყანაში რომ გაღიარებენ, კიდევ სხვა სიამაყე და პასუხისმგებლობაა –  ყვება ანა მირიანაშვილი

წინ ახალი გამოწვევები და მთავარი მიზანია:  მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და გატანა. მსოფლიოს მასშტაბით  ქართული ღვინო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან მცირე პროცენტითაა წარმოდგენილი. ანა ფიქრობს, რომ ეს ყველას საერთო საქმეა და გულწრფელად უნდა, ამ თემით გაერთიანდნენ ქართული კომპანიები.

მირიანაშვილი ანა

ჩელთიძალიან პოპულარულია დღეს საქართველოში. როგორ ფიქრობთ რა განაპირობებს ამას?

– ხარისხი, უპირველეს ყოვლისა. მერე მუშაობა და იცით, სტაბილურობა. წლიდან წლამდე შენარჩუნებული ხარისხი და ამოცანა, რომ  კიდევ უფრო მეტად განვითარდე მსოფლიო აღიარების პარალელურად, არანაკლებ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ამბავია შენივე ქვეყანაში რომ გაღიარებენ. ქვეყანაში, რომელსაც მეღვინეობის უნიკალური ისტორია აქვს, სიყვარულის და მოწონების დამსახურება ძალიან რთულია. ამ თემაზე  ჩვენი საამაყო სუხიშვილების ანსამბლის დამფუძნებლების და მოცეკვავეების ნათქვამი  მახსენდება: ყველაზე მეტად ვღელავთ თბილისში ჩატარებული კონცერტისას, ქართველი მაყურებლის წინაშე რომ გამოვდივართო.  ღვინოზეც ასეა. აქ მოპოვებული აღიარება კიდევ სხვაგვარად ფასობს.  „ჩელთი“ ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობად იქცა, საამაყო მემკვიდრეობად, თაობებს რომ დაუტოვებ.

ეკა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ