“აზურიტი” – მოქნილობა და სიმსუბუქე ინტერიერში

პროფესიით რესტავრატორმა ანი შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის ნივთების სახელოსნო “აზურიტი” დააფუძნა. ინტერიერის ხელნაკეთი ნივთები დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან, თუმცა, გამოყენებულია დამატებითი მასალებიც – ბუნებრივი მინერალები, თაბაშირი, ხე, ლითონი და სხვა. მცირე ზომის დეკორატიულ ნივთებთან ერთად, როგორიცაა: ლარნაკები, ქოთნები, სასანთლეები “აზურიტი” მუშაობს ავეჯის შექმნაზეც. ყველა ნივთი გამორჩეულია ფორმით და ფერებით. აქვს განსაკუთრებული ტექსტურა. ესთეტიკურ მხარესთან ერთად, “აზურიტის” ნივთები ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. თითოეული ნივთის დამზადება დაკავშირებულია საკმაოდ ხანგრძლივ სამუშაო პროცესთან.

ჟურნალ “სითის” გადამღები ჯგუფი, ანი შეროზიას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მაღაზია New Shop-ში შეხვდა, სადაც “აზურიტის” ნივთებია წარმოდგენილი. აქვე ვისაუბრეთ და მისი ნამუშევრების მცირე ნაწილს ფოტოებიც გადავუღეთ.

Ani Sherozia

ანი, ფართო საზოგადოებამ სულ ახლახან გაგიცნოთ, როგორც “აზურიტის” დამფუძნებელი და დიზაინერი, რომელიც ქმნის ხელნაკეთ ნივთებს. სად მიიღეთ პროფესიული განათლება, სად მუშაობდით აქამდე?

უკვე ხუთ წელზე მეტია, ვმუშაობ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივი სამსახური მაქვს. ვმუშაობ როგორც სამუზეუმო კოლექციების რესტავრაციაზე, ასევე, პრევენციული კონსერვაციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. დავამთავრე თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამა, ხელოვნების მცირე ნიმუშების რესტავრაციის სპეციალობით და სამომავლოდ, ვგეგმავ აკადემიური ხარისხის ამაღლებას ამავე მიმართულებით.

რაც შეეხება “აზურიტს”, მასზე მუშაობა ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყე. ვინაიდან პანდემიის პირობებში ჩამოშორებული ვიყავი ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს და თავისუფალი დროც მეტი მქონდა, გადავწყვიტე ეს პერიოდი მნიშვნელოვნად გამომეყენებინა. ქაღალდის გადამუშავების ტექნოლოგია ცნობილი იყო ჩემთვის. ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ხერხით გამეკეთებინა სახლის დეკორატიული ნივთები. თავდაპირველად, რამდენიმე ნივთი დავამზადე და მოვიხიბლე ამ მასალის ფართო შესაძლებლობებით თუ გარეგნული მახასიათებლებით. ძალიან მომეწონა. მსიამოვნებდა მუშაობის პროცესი და ის შედეგიც, რომელსაც ბოლოს ვიღებდი. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა მიმეღო ახალი გამოწვევა და საზოგადოებისთვისაც გამეცნო ჩემი ნამუშევრები.

ახლის ძიების და შექმნის პროცესით დაინტერესება განაპირობა თუ არა თქვენმა განათლებამ და პროფესიამ? რამ მიგიყვანათ იდეამდე, რომ შეგექმნათ “აზურიტი”?

“აზურიტის” შექმნა, ალბათ, უფრო განაპირობა ჩემმა სიყვარულმა და მისწრაფებამ ხელოვნების მიმართ. თუმცა, ჩემი პროფესია მეხმარება ახალი იდეებისა და ტექნიკური მოქნილობის განვითარების თვალსაზრისით. პროფესიიდან გამომდინარე, ვმუშაობ ლითონის, კერამიკისა და მინის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაციაზე. ეს პროცესი, ტექნიკური თვალსაზრისით, ენათესავება “აზურიტის” ნივთების დამზადების პროცესს. სხვადასხვა მასალის თავსებადობის განსაზღვრის, ფორმების გამოყვანის, ზედაპირის დამუშავების პროცესში, ხელს მიწყობს ჩემი პროფესია. ეს საქმე მოითხოვს მაღალი ხარისხის დისციპლინას, სუფთა და მარჯვე ხელს, დაკვირვებულ თვალს რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს შეცდომის დაშვებას მუშაობის დროს. “აზურიტის” ნივთების დამზადებისას, რა თქმა უნდა, სრული თავისუფლებაა. არც შეცდომები არსებობს, თუმცა, საჭიროა მოქნილი და მარჯვე ხელი. ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს და ძალიან კომფორტულად მაგრძნობინებს თავს.

პანდემიის პერიოდის დაწყებამდეც გქონდათ თუ არა სურვილი, რომ გაგეკეთებინათ ხელნაკეთი ნივთები ან სხვა რამ, შემოქმედებითი კუთხით?

რომ არა პანდემიის პერიოდი, “აზურიტი” მაინც შეიქმნებოდა. თუმცა, პანდემიამ ეს ყველაფერი დააჩქარა, რადგან გამომიჩნდა დამატებითი თავისუფალი დრო, რომელიც მანამდე ნამდვილად იყო პრობლემა. რამდენჯერმე მქონდა სხვა ტიპის ნამუშევრების გაკეთების მცდელობა, თუმცა, ხან საკმარის დროს ვერ ვუთმობდი და ხანაც, ვხვდებოდი, რომ არ იყო ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად მინდოდა და მომწონდა.

“აზურიტის” ნივთების შექმნისას, აქვს თუ არა თქვენთვის მნიშვნელობა ფერთა გამას, ფორმას? მოგვიყევით ამის შესახებ

საცხოვრებელ სახლს სრულფასოვანს ხდის კონკრეტული ნივთები და მათი ერთობლიობა. როდესაც რომელიმე ინტერიერში შევდივარ, მთავარია ვიგრძნო ადგილის სული, ხასიათი. ინტერიერი არ არის ცალკე მოცემული, ემოციებისგან დაცლილი ადგილი. ის გადმოსცემს ჩვენს ბუნებას, სურვილებს, გემოვნებას, ინტერესებს და ამბიციებს. მინდა, რომ “აზურიტი” იყოს ამ ყველაფრის ნაწილი, იყოს თავსებადი ჩვენს დროსთან და ადამიანების სურვილებთან.

“აზურიტის” შექმნის დასაწყისში ვაკეთებდი მხოლოდ მცირე ზომის დეკორატიულ ნივთებს, როგორიცაა: ლარნაკები, ქოთნები, სასანთლეები და სხვა. დღეს ვმუშაობ ავეჯის შექმნაზეც. “აზურიტის” ნივთებიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სარკეებმა. სხვადასხვა ფორმისა და ფერის სარკეებზე დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ფაქტობრივად, შეუჩერებლად მიწევს მუშაობა. ზოგადად, ისე გამოდის, რომ ყველა ნივთი თავისი ფორმით და ფერებით გამორჩეულია. ვინაიდან ეს არ არის სერიული წარმოება, თითოეული ნივთის დამზადებას ახალი იდეით ვიწყებ. ხშირად წინასწარ არც ვგეგმავ როგორი ფორმა და კონტური უნდა ჰქონდეს რომელიმე ნივთს. უფრო მეტად, მუშაობის პროცესში ვწყვეტ საით წავიყვანო და როგორი პლასტიკა განვავითარო. ძირითადად, სულ სხვა გეგმით ვიწყებ და სულ სხვა შედეგით ვამთავრებ.

აზურიტი

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია? თუ გაქვთ ამ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი და მომავალში თუ აპირებთ სხვა მასალისგანაც შექმნათ ხელნაკეთი ნივთები?

ეკოლოგიური გამოწვევები, ალბათ, წინა საუკუნის ბოლო მეოთხედიდან და განსაკუთრებით ამ საუკუნეში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს და თავსატეხს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში. მეც, ჩემის მხრივ, ვცდილობ მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. მიხარია და გარკვეულ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს, რომ, ესთეტიკურ მხარესთან ერთად, “აზურიტის” ნივთები ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ნიშანდობლივია. რაც შეეხება სხვა მასალებს, როგორიცაა თაბაშირი, რკინა, მინერალები, ხე და ა.შ. ახლაც ვიყენებ, თუმცა, ამ ეტაპზე ისინი დამხმარე მასალებია. სამომავლოდ, მინდა წინა პლანზე წამოვწიო და მეტად გავაფართოვო არსებულ მასალათა სპექტრი და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადო “აზურიტი”.

როგორ ფიქრობთ, ვისთვის იქმნება თქვენი ნამუშევრები? თუ გაქვთ წინასწარ ნაფიქრი როგორი გემოვნების ადამიანებისთვის ქმნით მათ?

“აზურიტი” არის ყველასთვის. რაც უფრო ბევრი ადამიანი მოინდომებს, რომ ეს ნივთები გახდეს მათი ყოველდღიური გარემოს ნაწილი, მით უფრო მეტი აზრი და მნიშვნელობა მიეცემა ჩემს შრომას და მონდომებას. ის ემოციები, რომელსაც ისინი გამოხატავენ ჩემი ნამუშევრების მიმართ, გამოთქვამენ სურვილს ჰქონდეთ სახლში ჩემი შექმნილი ნივთი, ყოველდღე შეხედონ მას და ეს არ იყოს მათთვის მოსაწყენი, ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და სტიმულია.

თქვენ უკვე თანამშრომლობთ სხვადასხვა ხელოვან ადამიანთან და ერთობლივად ქმნით ნამუშევრებს. მოგვიყევით ამ კოლაბორაციების შესახებ

პირველი თანამშრომლობა იყო სრულიად შემთხვევითი. დიზაინერმა ლადო ლომიტაშვილმა დამიკვეთა სარკე. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ფორმაზე. რამდენჯერმე შევცვალეთ დაბოლოს, ასე, შემთხვევით გამოვიდა ერთობლივად შექმნილი ნივთი. შემდგომი კოლაბორაცია მქონდა “სტუდიო +”-თან, რომელთან ერთადაც გავაკეთე “ბალახის სკამი” და “ფლამინგო სანათი”. “ბალახის სკამი” სამი სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერით გამოირჩევა. ხოლო სანათი-ტორშერი, ფლამინგოს ფორმასა და ფერებს იმეორებს. ბოლო პერიოდში, ასევე, ვიმუშავე ხელოვან სოფო კობიძესთან და შევქმენით “ოკეანის ობიექტები”. ეს არის სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნივთები, რომლებიც ასოციაციურად მივამსგავსეთ წყლის არსებებს. უახლოეს მომავალში ვგეგმავ თანამშრომლობას Red Ceramic Products-თან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო კოლაბორაცია შედგება.

ანი შეროზია

“აზურიტის” შექმნიდან სულ ცოტა ხანში, თქვენმა ნამუშევრებმა საკმაო მოწონება დაიმსახურა. თქვენი ნივთები მოთხოვნადია და არაერთი შეკვეთა გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საქმიანობა წარმატებულია. ხომ არ ფიქრობთ, სამომავლოდ, კომპანიის გაფართოებაზე, თქვენი ნივთების პოპულარიზაციაზე საზღვარგარეთაც? გვითხარით, რას შეიძლება კიდევ ველოდოთ “აზურიტისგან”?

დიდი მადლობა. ძალიან მინდა სტუდია გავაკეთო, სადაც შევძლებ ჩემს ნივთებზე მუშაობას და პარალელურად, დაინტერესებული ადამიანების მიღებასაც. ასევე, ვგეგმავ “აზურიტის” ავეჯის ხაზის განვითარებას, სადაც აქტიურად ჩავრთავ სხვა მასალებსაც. რაც შეეხება საზღვარგარეთ ჩემი ნივთების პოპულარიზაციას, რამდენიმე ნივთი სხვა ქვეყნებიდანაც შეიძინეს. ერთხელ მექსიკაშიც კი გავაგზავნე. თუმცა, ამას არ აქვს რეგულარული ხასიათი. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ამ მხრივაც წარმატება ექნება “აზურიტს”. ამჯერად, “აზურიტის” ნივთების შეძენა შესაძლებელია Why Not Gallery-ის ქართველი ხელოვანების Gift shop-ში, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მაღაზია New Shop-ში და Azurite-ის ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე.

ავტორი: თეა ხოფერია

ფოტო: Raymond Rodgers

მაკიაჟი: ლიზი აფციაური

გადაღების ადგილი: ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

ასევე წაიკითხეთ