მიძღვნა „… დიდ ბიჭებს!“ – ასე ქვია „ქართული ხმების“ სოლო კონცერტს, რომელიც 20-21 ივნისს, ფილარმონიაში გაიმართება. ანსამბლი მსმენელის წინაშე განახლებული პროგრამით, ბენდთან ერთად, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის ხელმძღვანელობით წარსდგება.
„ქართული ხმების“ ამ გამორჩეულ კონცერტს ელის მთელი თბილისი. საღამოს „ქართული ხმების“ ბიჭებიც განსაკუთრებული მოლოდინით ელიან.
ამ დღეს, დიდ სიხარულთან ერთად, სცენაზე დიდი სევდაც იქნება, რადგან ეს პირველი კონცერტია, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ანსამბლის წევრის, ზურა ბაკურაძის გარეშე ჩატარდება. მარტივი არ იქნება …
საიუბილეო კონცერტს „ქართული ხმების“ ბიჭები „დიდ ბიჭებს“ უძღვნიან. „დიდი ბიჭები“ კი, ისინი არიან, ვინც გასული საუკუნის ბოლოს ქართულ სიმღერას განსაკუთრებული დატვირთვა შესძინეს და ახალ თაობას გადაულოცეს. კონცერტი ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ნიჭითა და სიმღერებით გვიბრუნებდა მომავლის რწმენას. მათ ერთად და ცალკ-ცალკე შეძლეს უდიდესი კვალი დაეტოვებინათ დღევანდელი „ქართული ხმების“ მომღერლებზე. სწორედ, მათ ხელში ჩამოყალიბდნენ ისინი ქართული სიმღერის შემსრულებლებად, მათგან ისწავლეს სიმღერაც და ამ საქმის სიყვარულიც. ქართული ფოლკლორის დიდი მაესტროები, თაობების სასცენო კერპები – თემურ ქევხიშვილი – ანსამბლი „დარიალი“, ანზორ ერქომაიშვილი – ანსამბლი „რუსთავი“, ლეგენდარული „ქართული ხმების“ გოგი დოლიძე, გია ჭირაქაძე, ზაურ ბოლქვაძე, დათო გოგიაშვილი და გურამ თამაზაშვილი ის ადამიანები არიან, რომელთა ღვაწლი უდიდესია და ვისთან ერთადაც აიდგეს ფეხი „ქართული ხმების“ დღევანდელმა წევრებმა.

კახა გრიგალაშვილი, „ქართული ხმების“ სოლისტი:
„ეს გასაოცარი თავგადასავალი, რომელიც თავს გადაგვხდა და რომელსაც „ქართული ხმები“ ჰქვია, უკვე მეორე ათწლეულს ითვლის. ამასობაში, ჩვენც გავიზარდეთ და იცით ალბათ, ასაკსაც მოაქვს იმის გააზრება, თუ რაოდენ დიდ კვალს ტოვებენ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაზე. სად იქნებოდა თითოეული ჩვენგანი, რომ არა სიმღერა და რომ არა ის ადამიანები, ვინც ქართული სიმღერა შეგვაყვარა? სწორედ, მათ ეძღვნებათ ჩვენი საიუბილეო კონცერტი. ეს მადლიერების, სიყვარულისა და დიდი პატივისცემის გამოხატვაა მათდამი. გულით მინდა, რომ მთელი სიმძაფრით გადავცეთ მსმენელს ჩვენი გულწრფელი გრძნობები, დავუბრუნოთ მათ მრავალჯერ უანგაროდ გაღებული სიყვარული და მეგობრობა. სიმღერა ხომ, ცოცხალი, გარდამავალი იმპულსია, რომელსაც ადამიანური ურთიერთობები ასულდგმულებს“.
20 და 21 ივნისს ფილარმონიის დიდ სცენაზე ძველი ჰანგები ახლებურად აჟღერდება. ჩვენთვის უსაყვარლესი ჯანსუღ კახიძის, ბიძინა კვერნაძის, გოგი ცაბაძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ჩუბინიშვილის, შოთა მილორავას, მარინა ლეკიშვილის სიმღერები. „ქართული ხმების“ სოლისტების ინდივიდუალური სასიმღერო მანერითა და უნიკალური ხმების გამორჩეული ჟღერადობით, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში…“

წარმატებები, ჩვენს საყვარელ „ქართული ხმების“ ბიჭებს!!!
„გავა დრო და მოვუყვებით შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს“…