0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

“იმფერი” ვერაზე

რესტორნების სიმცირეს დედაქალაქი ნამდვილად არ უჩივის, თუმცა ასეთი კონცეფციით, ის ერთადერთია. პროდუქტები, უშუალოდ შეფ მზარეულის წინასწარი შერჩევით, ქუთაისიდან ჩამოდის, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საჭიროების მიხედვით. ორ სართულზე განლაგებული თანამედროვე დიზაინის, გემოვნებიანი, გაშლილი და ფართო სივრცე წყნარი და გემრიელი თავყრილობის საწინდარია. აქ გხვდებათ თქვენთვის კარგად ნაცნობი კერძები, მაგრამ განსხვავებულად გემრიელი, ნატურალური პროდუქტებით დამზადებული ქუთაისელი შეფ მზარეულის მიერ. ამ საქმეში ის ორმოცი წელია და, როგორც იტყვიან, ქუთაისური პურმარილის განთქმულ სახელს იცავს დედაქალაქის შუაგულში. რესტორანი სამართლიანად ამაყობს ულტრათანამედროვე ტექნიკური სტანდარტებით და აღჭურვილობით. სწორედ იმის გამო, რომ “იმფერი” კორპუსში მდებარეობს, ძალიან საინტერესოა მისი აღჭურვა, კერძოდ, საუბარია ვენტილაცია-გამწოვ-გაფილტვრის სისტემაზე, რომელიც 99.9 პროცენტით გაფილტრულ ჰაერს უშვებს და არ აზიანებს გარემოს. საქართველოში მას ანალოგი არ გააჩნია. საკმაოდ ძვირი დაჯდა, მაგრამ დამფუძნებლის ამოცანაც სწორედ ის იყო, რომ რესტორანს მაღალი ხარისხი არამხოლოდ კერძების თვალსაზრისით დაედო, არამედ უნიკალური ტექნიკური მახასიათებლებითაც.

ორი სიტყვით კერძებზე: დაიწყეთ ფხალეულით, განსაკუთრებულად შეზავებულით. აუცილებლად შეუკვეთეთ საფირმო იმერული ხაჭაპური “იმფერი”, ის ძალიან გემრიელი და ძალიან დიდი ზომის გახლავთ და არ გამოტოვოთ ნამდვილი იმერული მჭადები, ყველის ასორტი, წიწილა… შემდეგ კი, ჩართეთ ფანტაზია და მის ნებისმიერ გამოვლინებას იპოვით ამ რესტორნის მენიუში.

“იმფერი” ვერაზე, გოგებაშვილის 46 ბ-ში, სულ ახლახანს, პანდემიის დროს გაიხსნა. რისკი დიდი იყო.

იმფერი რესტორანი

რატომ პანდემიისას? – ვეკითხებით აქაურობის დამფუძნებელს, წარმატებულ ქართველ ბიზნესმენს, გიორგი კუჭუხიძეს, წარმოშობით ქუთაისელსა და 23 წელი ლოს ანჯელესში მცხოვრებს.

– დაემთხვა ასე. გვინდოდა ეს რთული პერიოდი რაღაც კარგით და ახლით გაგვემრავალფეროვნებინა დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და მისი სტუმრებისთვის. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი ისეა მოფიქრებული და გულით გაკეთებული, რომ მგონი ჩანს-აქაურობას ბიზნესის კუთხით ნაკლებად ვუდგებოდი, მინდოდა ის ქუთაისის სავიზიტო ბარათი ყოფილიყო დედაქალაქში.

– რისთვის შექმენით “იმფერი”?

– ხშირად მიწევს თბილისში ყოფნა. წარმოშობით ქუთაისელი ვარ და სულ ვეძებდი დედაქალაქში ნამდვილ იმერულ კერძებს. მართლა არსად შემხვედრია. არ შემხვედრია იმ კონცეფციით, როგორითაც ჩვენ მივუდექით – ყველა პროდუქტი ქუთაისიდან ყოფილიყო და ყველა კერძი ნამდვილი ქუთაისელი შეფ-მზარეულის მიერ ყოფილიყო დამზადებული. მეორე თემა, ხარისხთან მიმართებაში სწორი და ადეკვატური ფასის დასმა იყო. შენ შეიძლება ძალიან კარგი რესტორანი გაკეთო, კარგი პროდუქტებით უზრუნველყო ის, მაგრამ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი თუ არაა, რა აზრი აქვს? მე მინდა ნებისმიერ ადამიანს, აქ მცხოვრებს თუ ჩამოსულ სტუმარს, დავახვედრო ის, რასაც გულისხმობს ქუთაისური კერძები თუ სუფრა. მინდა, რომ აქ შემოსვლის არ ეშინოდეს სტუმარს ფასების გამო. ამიტომ, ფასები ძალიან ადეკვატურია.

პირველ სართულზე, უფრო სწორად კი, -1 სართულზე, ნამდვილი ქუთაისური გარემო გხვდებათ: იერსახით, მოპირკეთებით, სურათებით და მყუდრო გარემოთი. ის უფრო მათთვისაა, ვისაც განმარტოებით, სურს ვახშამი ან წვეულება სურს. მუსიკალურ მხარეს განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი. ცოცხალი შესრულება, საღამოობით, ცენტრალურ დარბაზში გაიმართება, ქალაქური სიმღერები – ქვედა, ქუთაისურ ნაწილში.

“იმფერი” საუზემსა და ლანჩ-მენიუზეც მუშაობს. ესეც ერთგვარი სიახლეა. აი, წარმოიდგინეთ, გაქვთ სულ რაღაც 30 წუთი. მოგყავთ შვილი სკოლიდან და გაქვთ არც ისე ბევრი დრო იმისთვის, რომ შვილთან ერთად ისადილოთ გემრიელად, მაღალი ხარისხის პროდუქტებით დამზადებული კერძებით. იდეალური ადგილია. იდეალურია მეგობართან ერთად სამსახურიდან ერთი საათით ლანჩზე გამოსასვლელად იმ შემთხვევაში, თუ გემრიელად დამზადებული ქართული ლანჩი გსურთ. “იმფერის” საუზმეც, ვფიქრობთ, სტუმრების დიდ მოწონებას დაიმსახურებს. რესტორანი, ცხადია, ქართული მენიუს პარალელურად ევროუპლ კერძებსაც შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ ნამდვილი “სტარბაქსის” ყავაც დააგემოვნოთ 6 ლარად, სხვათა შორის.

მთავარი, რაც “იმფერის” დამფუძნებლის, 46 წლის ბიზნესმენის, გიორგი კუჭუხიძის შესახებ უნდა იცოდეთ ისაა, რომ მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ამერიკული ოცნების ასრულებაა. და მეორე, ჰყავს ამერიკელი მეუღლე და ოთხი შვილი. ის ორ ქვეყანაში ცხოვრობს: ამერიკასა და საქართველოში. ოჯახი, მეუღლე და შვილები თბილისში დასახლდნენ. ეს მისი ამერიკელი მეუღლის გადაწყვეტილებაა, რომელმაც მზიან და მშობლიურ ლოს ანჯელესს მზიანი და უკვე მშობლიური თბილისი არჩია – აქ უფრო წყნარად ვგრძნობ თავსო, უთქვამს მეუღლისთვის. უფროსი ბავშვები ამერიკის სკოლებში, ონლაინ სწავლობენ, პატარები – თბილისის სკოლაში. იქვე ცხოვრობენ, გოგებაშვილის ქუჩის სახლში. იქ, სადაც “იმფერია”. შესაბამისად, კონტროლი და დაკვირვება, როგორ მიდის საქმე ოჯახის უფროსის საყვარელ “იმფერში”, ყოველდღიურ ხასიათს ატარებს.

გიორგი კუჭუხიძის ოჯახი იმფერი

გიორგი კუჭუხიძის მშობლები, როგორც მოგახსენეთ, ქუთაისში ცხოვრობდნენ. დედა, მანანა კოპალიანი, გაგრელია. 1992 წლამდე გიორგის ლამის მთელი ბავშვობა გაგრაში, რუსთაველის 267 ნომერში აქვს გატარებული. ცხადად აქვს შემორჩენილი იქაურობა და აფხაზეთზე საათობით შეუძლია გელაპარაკოთ. იშვიათად შეხვდებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიზნესმენს, რომელსაც ასე გამძაფრებული აქვს პატრიოტიზმის გრძნობა. მისი ისტორია იწყება იმით, რომ წითელდიპლომიანი ახალგაზრდა მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას, ტოვებს გელათის სასულიერო აკადემიასა და მაგისტრატურას და სასწავლებლად ამერიკაში მიდის. დედისერთა შვილის “გადახვეწას” მშობლები ძალიან მძიმედ შეეგუენ. დედა დღემდე ვერ ეგუება, რომ გიორგი ამერიკაშია. ვიზების გაცემა იმხანად ძალიან რთული გახლდათ და გიორგიმ, კიდევ ერთ ქართველთან ერთად, ის მიიღო. ცნობისათვის, 103 ადამიანიდან მხოლოდ ორს მისცეს ვიზა. შემდეგ იწყება დიდი შრომის, უძილო ღამეების პერიოდი. ნასესხები 2500 დოლარიდან, 2100 ენის კურსებში გადაიხადა, 300 – ბინის ქირაში, დანარჩენი თავად უნდა ეშოვა. წარმატებას, დიდი შრომის შედეგად, მალევე მიაღწია. ძალიან მცირე დროში სწრაფი კვების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქსელში გენერალური მენეჯერის პოზიციას ანდობენ. ორ რესტორანსა და 200-მდე თანამშრომელს მართავდა. პარალელურად, ისწავლა და ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები მიიღო.

თქვენი ამერიკული ცხოვრების რომელი ეტაპი იყო ყველაზე რთული?

ყველაზე რთული ყველაფრის თავიდან დაწყება იყო. მაგრამ, ჩემი აზრით, ცხოვრებაში მთავარი დაცემა კი არა, ფეხზე წამოდგომაა. შენ ფეხი უნდა აუწყო ცხოვრებას.

გიორგი კუჭუხიძე

რაში გამოიხატებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება, რა მოხდა?

მოხდა ისე, რომ წარმატების პიკზე მისული, სამსახურიდან გამათავისუფლეს. ხარვეზები აღმომაჩნდა საბუთებში. და აი, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. 28 წლის ასაკში დავრჩი უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. ამ პერიოდში შევხვდი ჩემს მეუღლეს. მართლა ერთი ნახვით შეყვარება იყო, შევხედე და ვთქვი – ეს გოგო ჩემი მეუღლე იქნება-მეთქი. ძალიან რთული იყო პირველი წლები. ბოლო 6 თვე ჩემი სტუდენტობისა, მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობდა. ვცხოვრობდით ერთოთახიან ბინაში და ერთად ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. მაგრამ, ჩემი მეუღლე ამბობს, რომ მაინც ყველაზე ბედნიერი წლები იყო.

შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი. ეტაპი ბიზნესისკენ. 2006 წელს, პარტნიორთან ერთად, ისე, რომ ბაზარი არ შეუსწავლია, 360 000 ცალი სუნელი ჩამოიტანა ქუთაისიდან. უკვე მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩვენს სპეციფიკურ სუნელებს სპეციფიკური, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარი ესაჭიროებოდა. მთელი ამერიკა შემოიარა ჩვენმა გმირმა გასაღების შესაბამისი ადგილების მოსაძებნად. ღამეები მანქანაში, ყველაფრის საკუთარი ხელებით მომზადება და ასე შემდეგ, დიდი სკოლა იყო, უფრო დიდი, ვიდრე პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტების ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. დღეს გიორგი კუჭუხიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენია ამერიკაში. მისი ბიზნესი თავიდან ბოლომდე აშშ-ში ქართული პროდუქციის რეალიზებას უკავშირდება. ის ბევრი ცნობილი ქართული კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელია. საქართველოში სასტუმრო ბიზნესი აქვს და ახლა უკვე “იმფერიც”.

– “იმფერი” მაინც განსაკუთრებული სიყვარულით შექმნილია. ჩემთვის შევქმენი, ვხუმრობ კიდეც, ჩემი საპენსიო ცხოვრებისთვის. ბიზნესზე მეტად აქ სხვა რამ მაინტერესებს. აქ შემოსულმა სტუმარმა მინდა იგრძნოს, რომ მთელი გულითაა გაკეთებეული ყველაფერი…

საუბარს ტელეფონი აწყვეტინებს, შვილი სკოლიდან სახლში ბრუნდება და ამ ამბავს მამას აგებინებს. ოთხივე შვილი ქართულად თავისუფლად ლაპარაკობს. სხვაგვარად, ალბათ, ვერც იქნებოდა. გიორგის გარდა, ამაში მისი მეუღლის დიდი დამსახურებაცაა, რომელმაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საცხოვრებლად ამერიკას საქართველო არჩია.

– თქვენს სიბერეს სად ხედავთ?

– ქუთაისში, რა თქმა უნდა. სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი მთავარი სიყვარული ქუთაისია. ყველაფერს იმიტომაც ვაკეთებ, ჩემი საყვარელი ქალაქი რომ ვასახელო და არ შევარცხვინო – დედის გულის გასახარად ასრულებს საუბარს ბიზნესმენი. სიბერემდე დიდი დროა, იქამდე ბევრი საქმე, ბავშვების განათლება, ახალი გეგმები და მისი განსაკუთრებული სიამაყე – “იმფერი”. ის გელოდებათ, ვერაზე, გოგებაშვილის 46 ბ-ში, და როგორც ამბობს, თავად მოგემსახურებათ ადგილზე, რადგან “იმფერი” მისი სულის ნაწილია, სტუმრის პატივისცემა კი, ცხოვრების მთავარი არსი, გენეტიკურად, თაობიდან თაობაზე გადაცემული.

ავტორი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: LIG Studio

ასევე წაიკითხეთ