ქართული ხმების სოლო კონცერტი „დიდ ბიჭებს“ 

მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში

ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ფენომენს – ანსამბლ „ქართულ ხმებს“ დიდი სოლო კონცერტი ჰქონდა. საღამო, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,  ემოციური მოგზაურობა იყო წარსულსა და აწმყოში, სპონტანურად დაბადებული იდეის შედეგია. იდეა განხორციელდა და ის ანსამბლის თითქმის 30-წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ათ წელზე მეტი გავიდა „ქართული ხმების“ ბოლო სოლო კონცერტიდან, თუმცა პროფესიულმა პაუზამ მისი ადგილი ისევ დიდ სცენაზე განსაზღვრა.

გვანცა მეფარიშვილი – ტელე და კინო რეჟისორი, თეატრალური პერფორმანსის ავტორი და საქართველოს რადიოს წამყვანი, რომელიც ამ პროექტის იდეის ავტორი და რეჟისორია, გვიყვება საღამოზე… ახალ რეპერტუარზე, „კარგად დავიწყებული ძველით“, რომელიც ქართველ მსმენელს გამორჩეულად უყვარს.

– როგორ გაჩნდა საღამოს ჩატარების იდეა?

ეს იყო გულწრფელი სურვილი, ანსამბლის თითოეულ წევრს მადლიერება გამოეხატა თავიანთი მასწავლებლების თუ სასცენო კერპების მიმართ, რომლებიც დღეს ამ ქვეყნად აღარ არიან. დავიწყეთ მუშაობა, შევკრიბეთ ისტორიები, ემოციები, იმპულსები, რომლებიც ბიჭებს აკავშირებდათ საყვარელ მომღერლებთან, მაესტროებთან, მათ შემოქმედებასთან და შეიკრა  წარსულთან უწყვეტი კავშირის იდეა-კონცერტი. მათი დიდი სახელების უკვდავყოფა კიდევ ერთხელ მოხდა „დიდი ბიჭების“ კონცეფციაში.

პროექტი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა და ამას მოწმობს სოციალურ ქსელში მაყურებლის აქტიურობა, კადრები კონცერტიდან და აღფრთოვანებული კომენტარები.

– როგორი იყო მოლოდინები? 

„ქართული ხმების“, როგორც ანსამბლის, კონცეფცია მართლაც უწყვეტ კავშირშია ქართულ ეროვნულ იდენტობასთან, რამაც ჩანაფიქრშივე განსაზღვრა ჩვენი საღამოს  როგორც ემოციური მხარე, ასევე სოციალურ-კულტუროლოგიური პატერნები — სიმღერები, რომლებიც გვიყვარს, ადამიანები, რომლებიც გვენატრება, შეხვედრა, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით.  ჩვენ მოვიწვიეთ მსმენელი წარსულთან შესახვედრად, რაც ნებისმიერ ასაკში ყველაზე სენსიტიურია. გარდა ამისა, ანსამბლის წევრების ხმების გამორჩეული ფაქტურა და ინტონირება, ქართველი კომპოზიტორების ცნობილის სიმღერები, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის მიერ შექმნილი ნაცნობი სიმღერების ახალი ვერსიები, მისი და მისი ბენდის მიერ გაწეული მუზიცირება, რბილი და მიზნობრივი შუქი სცენაზე, გრაფიკული ინსტალაციები – ამ კომპონენტებმა შექმნა კონცერტის საერთო სურათი, რის ფონზეც ჩვენი არტისტები სიმღერით გადმოსცემდნენ თავიანთ  გულწრფელ ემოციებს.

თითქოს ეს ამბები სადღაც დაგროვდა და ახლა დადგა მართებული დრო მათი მოყოლის. ამ ანსამბლს რაღაც ამოუხსნელი შინაგანი ქარიზმა აქვს, რომელიც მაყურებელს მომნუსხველად გადაედო. აქ ყველამ იპოვა თავისი თავი და თავისი ისტორია. ვფიქრობ, რომ ნამდვილი ხელოვნება ადამიანური ვნებების ჭრილში იბადება. ამიტომაც ვერ ტოვებდა მაყურებელი დარბაზს. აი, გადახედეთ კადრებს, ისინი ფარდის დახურვამდე გაუნძრევლად იდგნენ. როგორც მუსიკოლოგმა მანანა ახმეტელმა კონცერტის შემდეგ თქვა, ეს იყო „მონოლითური დარბაზი“.

რეპერტუარის თითოეულ ნომერს თავისი დატვირთვა ჰქონდა, თავისი ემოცია, რომელსაც მსმენელი სცენიდან შეიგრძნობდა. დღეს ანსამბლის წევრები პროფესიონალი მომღერლები არიან, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ისეთ დიდ მაესტროებთან ერთად გაატარეს, როგორებიც იყვნენ  – თემურ ქევხიშვილი – ანსამბლი „დარიალი“, ანზორ ერქომაიშვილი – ანსამბლი „რუსთავი“ და ანსამბლი „ქართული ხმების“ უფროსი თაობა რობერტ გოგოლაშვილის და თემურ ჭკუასელის თაოსნობით.

– მართლაც ამაღელვებელი იყო ბიჭების დამოკიდებულება ეკრანზე გამოჩენილი გმირების მიმართ.

“ქართული ხმები” არის დიდი ოჯახი.  სიყვარული ანსამბლის მემკვიდრეობისა და წინაპრების მიმართ მათ ყოველდღიურობაშიც იგრძნობა. საღამოს რამდენიმე ცენტრალური ემოციური წერტილი ჰქონდა, ძველი თაობის „ქართული ხმების“ ლეგენდარული სოლისტის, დათო აბესაძის გამოსვლა სცენაზე და ასევე, ჩვენი ზურა ბაკურაძის, ანსამბლის მართლაც უკვე სამუდამო წევრის, გახსენება. საოცარი იყო დათო და გიგა აბესაძეების სიმღერა. ბიჭებმაც თითქოს ერთიანად დაკარგეს ასაკი და შეუერთდნენ ამ დიდ მამა-შვილურ, სცენურ „გასაუბრებას“. ასეთი ეპიზოდები, სხვა სახელებთან ერთად, დღევანდელი „ქართული ხმების“ ცხოვრების ნაწილია. მე არ მახსენდება არც ერთი ოჯახური შეკრება, რომელსაც ამ სახელების გარეშე ჩაუვლია. ბევრი წლის წინ, როცა მე და დათო (ანსამბლის წევრი დათო უგრელიძე) დავქორწინდით, ზაურ ბოლქვაძის იუბილე იმართებოდა გურიაში და ჩვენც, ქორწილის ნაცვლად, კონცერტზე დასწრება ვარჩიეთ. მახსოვს, როგორი დღესასწაული გაგვიმართა  ბატონმა ზაურმა კულისებში და სცენაზეც. ბევრია ასეთი მოგონება. მთავარია ის ღირებულებები და ურთიერთობები, რომლებმაც ფესვები მყარად გაიდგა და დღეს ეს ყველაფერი „ქართული ხმების“ კულტუროლოგიური დნმ-ია.

– კონცერტს წინ უძღოდა ძალიან საინტერესო პრომო კამპანია. სოციალურ ქსელებში შედგა რამდენიმე მუსიკალური ვიდეოს პრემიერა: „მუხამბაზი“, „თოჯინები იცინიან“, „სიმღერების პოპური“ და ა.შ., რაც მსმენელისთვის სიახლე იყო.

ვიზუალური კონტენტის შექმნა არა მარტო აუცილებელი, არამედ ვიტალურიცაა. სხვათა შორის, კლიპებში შექმნილმა იმიჯმა გვიკარნახა კონცერტის ფიგურალური ჩარჩოც – მაღალ სკამებზე განლაგებული ტრადიციული ანსამბლი, რაც სიახლედ წარმოჩინდა. ჩემთან ერთად პროექტის გუნდს წარმოადგენს ლიკა ხუნწარია (მარკეტინგი), ნეკა სებისკვერაძე (პროდიუსერი), დათუნა მეფარიშვილი (მონტაჟის რეჟისურა), ანუკი გაბუნია (ნარატივის არტ პლატფორმა). მიხარია, რომ ჩვენი ჯგუფის მიერ პროექტში ჩადებულმა ენერგიამ შედეგი გამოიღო, რაც არ ხდება ხელშეწყობის გარეშე და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია, ასევე, ანსამბლის გულშემატკივრებისა და მეგობრების მთელი დასი, რომელთა ჩამოსათვლელად  ცალკე სტატია დაგვჭირდება!

… და სამომავლო გეგმები

დღეს ანსამბლის შემადგენლობას უნიკალური ხმები ამყარებენ. შეუძლებელია ანსამბლმა არ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ანსამბლის სამომავლო გეგმები უკავშირდება საერთაშორისო სარბიელზე საოპერო ხელოვნების ვარსკვლავს, ოთარ ჯორჯიკიას, რომელთანაც ანსამბლს პროფესიული და მეგობრული კავშირი აქვს.  ასეთი ტემპის შენარჩუნებით, ვფიქრობ, მაყურებელს ბევრი საოცარი წუთი ელის „ქართული ხმებისგან“.

„ქართული ხმების“ კონცერტი კიდევ ერთხელ გახდა იმის დამადასტურებელი, რომ ნამდვილი ხელოვნება გულწრფელი ემოციებით და ადამიანური ისტორიებით იქმნება. ამჯერადაც ანსამბლმა ნამდვილად შეძლო მაყურებლის წაყვანა მუსიკალურ მოგზაურობაში, სადაც ყველა თავის ამბავს ყვებოდა. ასე გაუგზავნა თითოეულმა მათგანმა სცენიდან მადლობა მათთვის ძვირფას სახელებს –  გოგის, „ბარდღას“, „თავგასას“, ზაურიკა ბიძიას, ბატონ გიას, დიდ „ქევხოს“, დიდ ანზორს –  მადლობა გადაუხადეს დიდ ბიჭებს ყველაფრისთვის, რამაც მათი ცხოვრება განსაზღვრა.

და აი, ასე გრძელდება “ქართული ხმების” დიდი ისტორია…

სითი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნატატო ასანიძე

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

განსაკუთრებული მადლობა „ჯი ემ თი ჯგუფს“,

რესტორანს „ფუნიკულიორი“

ასევე წაიკითხეთ