0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ცხოვრების მოზაიკა

ამბავი, რომელიც ამ სტატიით მინდა მოგიყვეთ, ცოტათი ფილმის სიუჟეტს ჰგავს. ეს ამბავი მხატვარზეა, სახელად – სალომე. არაერთი ხელოვნებათმცოდნე წერს, რომ მისი ნამუშევრები ახალი სიტყვა და ზოგადად, სრულიად ახალი მეთოდოლოგიაა ფერწერაში. ერთ დილას, სალომეს ცხოვრება სრულიად იცვლება და, როგორც თავად ამბობს, ზღაპარს ემსგავსება.

სალომე ჭელიძე, მხატვარი

სალომე ჭელიძე არტისტი

ბავშვობიდან ვხატავ. ალბათ ისე, როგორც ყველა ბავშვი, ოღონდ უფრო ბევრს. მახსოვს, ჩემი ნახატები მშობლებს ძალიან მოსწონდათ, ჩარჩოებში სვამდნენ. მე კი ვბრაზდებოდი იმიტომ, რომ ეს ნახატები სულაც არ მომწონდა. მერე იყო 9 აპრილი, არეული სიტუაცია საქართველოში. დაგვეწვა სახლი. ამ პერიოდში ბევრ შავ-თეთრ ნახატს ვხატავდი, რომელიც დედას დღემდე შენახული აქვს.

ხშირად დავდიოდი მუზეუმებში. ალბათ, ამაზე, გარკვეულწილად, გავლენა ჩემმა ფრანგმა ბებიამ მოახდინა. ბებო და ბაბუ ლანდშაფტ-დეკორატორები იყვნენ. არაერთი ისტორიული ნაშრომი დაუტოვეს საქართველოს. მათ შორის, ბევრი ულამაზესი პარკი. მაგალითად, “ირინეს პარკი” იმერეთში. მამამ, ფაქტობრივად, შეცვალა აბონოთუბნის ლანდშაფტი. საკუთარი სახსრებით აღადგინა ისტორიული ძეგლი – პირველი სამხედრო აბანო. შემდეგ იწყება პერიოდი, როდესაც მამამ ძველი თბილისის ტერიტორიაზე ააშენა რესტორანი “გორგასალი”. რადგან ხატვა მიყვარდა, შემომთავაზა რესტორნის დიზაინერი ვყოფილიყავი. გადავწყვიტე ეს ყოფილიყო ადგილი, რომელიც მოყვებოდა თბილისის ამბავს. უკვე წლებია, ეს რესტორანი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. სხვათა შორის, 2005 წელს, სტუმრად ჯორჯ ბუშიც გვეწვია და ჩემი პირველი შეხებაც ამერიკასთან სწორედ აქედან იწყება.

სალომე ჭელიძე მხატვარი

ბევრს ვმოგზაურობდი, ვსტუმრობდი სხვადასხვა მუზეუმს, გალერეას… განსაკუთრებით მაინტერესებდა მხატვრების ნამუშევრები. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ანტონიო გაუდიმ მოახდინა. მისი მოზაიკა, ფერთა პალიტრა, მგონია, რომ ყველანაირ შესაძლებლობას ცდება. ამ შთაგონებით დავიწყე მოზაიკის შექმნა. მე არ ვიცოდი კერამიკაზე მუშაობა. ამიტომ, შევქმენი ჩემეული კერამიკა. დავიწყე მოზაიკის შექმნა ზეთში. დღეს, უკვე, მინდა რომ ეს ჩემი მეთოდოლოგია სხვებსაც გავუზიარო. ამისთვის სამზადისი უკვე დაწყებული მაქვს. ვაპირებ სხვადასხვა ჯგუფი შევქმნა და ეს ცოდნა, ჩემი მიგნება, მათ უსასყიდლოდ გავუზიარო.

თავიდან, ჩემი მხატვრობა მეგობრებსა და ნაცნობებში იყო პოპულარული. მალევე, ერთმა მეგობარმა მირჩია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვისაც გამეზიარებინა. ცოტას ვღელავდი, თითქოს არ ვიყავი მზად, რადგან არ მაქვს აკადემიური განათლება. თუმცა, მაინც გავბედე და სოციალურ ქსელში, რამდენიმე უცხოურ ჯგუფში დავდე ჩემი ნამუშევრები. მეორე დღიდან კი, ჩემი ცხოვრება იცვლება. დილა თენდება და მხვდება არანორმალური რაოდენობის გამოხმაურება.

salome tchelidze art

ძალიან დიდი სტიმული მომცა, დღეს უკვე, ჩემმა მეგობარმა, გერმანელმა ხელოვნებათმცოდნემ, ნორბერტ ეჰერმანმა, რომელმაც ჩემში პერსპექტივა დაინახა. ყოველდღე მირეკავდა, იგებდა რა ეტაპზე ვიყავი, რა ნახატზე ვმუშაობდი…

ნელ-ნელა დადგა ეტაპი, როდესაც უკვე დავიწყე მუშაობა იმაზე, რომ ჩემი ნამუშევრები საზოგადოებას გაეცნო.

მხატვარი სალომე ჭელიძე

ნიუ-იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების გალერეა – “აგორას”, ონლაინ გავუგზავნე ჩემი 6 ნამუშევარი. იმ დღესვე მომდის პასუხი – გადმოწერეთ “ზუმი”, ჩვენ თქვენი გაცნობა გვინდა. გავიცანი გალერეას მენეჯერი. მითხრა, რომ მათი აზრით, ჩემი ნამუშევრები ნიუ-იორკში კარგად გაიყიდება და უნდოდათ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება. ჩვენი საუბარი კი დასრულდა ფრაზით – Welcome to Agora family. სექტემბერში მივდივარ ამერიკაში. მანამდე კი, გალერეას გუნდთან ერთად ვემზადები გამოფენისთვის. ალბათ, ყველაფერი შეიცვლება. ძალიან დიდ სიხარულთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ.

ამერიკაში წასვლამდე ვმუშაობ კიდევ ერთ ახალ პროექტზე. მინდა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩავიტანო გამოფენა, სახელად “დიდი ამერიკა”, რომელიც 50 ტილოსგან შედგება. ნამუშევრებით მინდა ამერიკის კულტურა გადმოვცე. დაწყებული ჩარლი ჩაპლინით, პრეზიდენტებით, მომღერლებით და დამთავრებული LEVI’s-ით.

ხატვის პროცესი სხვა სამყაროა. ნირვანაა. ფაქტობრივად, შენი სული გადმოგაქვს ტილოზე. ამ დროს არ არსებობს საგნები, ადამიანები, ქრება ყველა და ყველაფერი. ფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ რას ქმნი. აჩენ რაღაც ახალს, რომელიც სადღაც მოხვდება და ვიღაცას გააბედნიერებს. სწორედ ამ განცდით ვქმნი ჩემს ყველა ნამუშევარს.

http://www.salomechelidze.ge/

ფოტო: ლიზა გაბუნია

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

სამოსი: Anano’s Handmade

ასევე წაიკითხეთ